საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-648(კ-20) 6 ივლისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ც. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მესამე პირი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ც. ლ-მა 2018 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და „ც. ლ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №1416 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის „დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, მიუღებელი შემწეობის - თვეში 45 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით ც. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას 2017 წლამდე კანონიერად ჰქონდა მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, თუმცა გაურკვეველია რა გახდა მისი შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოკითხა მოწმეები და არ გაითვალისწინა მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული გარემოებების კი, მოსარჩელის აზრით, იმავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ქალაქ ....ში, ...ის ქუჩა №...-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
სადავო შემთხვევაში, დადგენილია რომ ც. ლ-ს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №1416 ბრძანებით იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მისი ....ში, ...ის ქუჩა №...-ში 1991 წლამდე ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებებისას ც. ლ-მა განმარტა, რომ დაიბადა 1953 წელს ქალაქ ...ში, იგი ამავე ქალაქში, ...ის ქუჩა №...-ში ჩაწერილი იყო სხვის ბინაში, თუმცა ცხოვრობდა დედასთან ერთად ... უბანში. დაქორწინდა 1971 წელს. მისი მეუღლე და შვილები არ არიან დევნილები. შვილების დაბადების მოწმობების თანახმად, მათი დაბადების ადგილად მითითებულია ქალაქი.... ც. ლ-ის განმარტებით, იგი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ...ის საავადმყოფოში, მაგრამ ზუსტი წლები არ ახსოვს. ასევე, 3 თვე იმუშავა სტომატოლოგიურ კლინიკაში, თუმცა თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა გვარები ვერ დაასახელა. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის №60161/01 წერილის თანახმად, 1991 წლამდე მოქალაქე - ც. ლ-ის ...ში ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. მოწმეთა ჩვენებით კი, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ც. ლ-ის სადავო ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი, რადგან გამოკითხული მეზობლების ნაწილი მიუთითებს, ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, ნაწილი კი გორის რაიონის სოფელ ...უბანში ც. ლ-ის მუდმივი ცხოვრების შესახებ, თუმცა გორში გამოკითხული მეზობლების განმარტებით, ც. ლ-ი (ქორწინების შემდეგ (1971 წელი)) 40 წელზე მეტია მუდმივად ცხოვრობს ...ის რაიონის სოფელ ...ში, მეუღლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და აღნიშნულ პერიოდში მას სხვა მისამართზე არ უცხოვრია.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურდებდა 1991 წლამდე მისი ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, როცა ერთ-ერთი გასაუბრებისას თავად მიუთითებდა ქალაქ ....ში, ...ის ქუჩა №...-ში გარკვეული მიზნით ჩაწერის თაობაზე. საქმეში არსებული მასალებით კი, დადასტურებულია საწინააღმდეგო ფაქტი - ც. ლ-ის გორის რაიონის, სოფელ ...ში ქორწინების შემდეგ მუდმივად ცხოვრება, შვილების ქალაქ ...ში დაბადება, მათი ამავე ქალაქის სკოლაში სწავლა. ამდენად, არ დასტურდება მისი სადავო ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქი, რაც იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევისათვის ერთ-ერთი აუცილებელი კანონისმიერი პირობაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №1416 ბრძანებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დევნილის სტატუსის აღდგენაზე. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დევნილის სტატუსის უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად მიუღებული ყოველთვიური კომპენსაციის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის კანონიერების პირობებში, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დად ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე