Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-663(3კ-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ა

მესამე პირი - დ. რ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. კ-ამ 2018 წლის 5 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოსარჩელის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და დ. რ-ეს შორის 2012 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, „საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 19 ოქტომბრის №01-02/08/25135 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და „ე. კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №05-01/06/29461 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, ასევე, მოპასუხე სამინისტროსთვის ე. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. რ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ე. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანვე სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ე. კ-ას ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ. რ-ეს (პ/ნ ...) შორის 2012 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ქალაქ თბილისში, ... ....ს გამზირზე N..-ში მე-2 სართულზე მდებარე №7 ბინის (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 19 ოქტომბრის №01-02/08/25135 გადაწყვეტილება, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის N05-01/06/29461 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს მის ბათილად ცნობას. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე და მესამე პირი წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს, ხელშეკრულებას კი, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხელს აწერდა ოჯახის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ვალდებულებას იღებდა საცხოვრებლით უზრუნველეყო ოჯახის დანარჩენი წევრები. ამდენად, მართალია, ხელშეკრულება ხელმოწერილია მხოლოდ დ. რ-ის მიერ, თუმცა საცხოვრებელი გადაეცა ოჯახს, მათ შორის მოსარჩელესაც. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ თუკი ე. კ-ა აღარ ცხოვრობდა მესამე პირთან - დ. რ-ესთან ერთად, მას უნდა მიეწოდებინა სამინისტროსთვის მსგავსი ინფორმაცია, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელი წარდგენილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ ე. კ-ა დ. რ-ესთან (დედასთან) ერთად ერთ ოჯახად იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, საცხოვრებლის გადაცემა მოხდა ოჯახისთვის და მოსარჩელეს ცალკე უძრავი ნივთი ვერ გადაეცემოდა. ამასთანავე, გასაჩივრებული ხელშეკრულების დადება არ საჭიროებდა ე. კ-ას თანხმობას, რადგან ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებები არ შეზღუდულა და მას ვალდებულება არ დაკისრებია. საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და წესების დაცვით, გადაცემული აქვს საცხოვრებელი სახლი, რაც გამორიცხავს მოსარჩელისთვის საცხოვრებლის კვლავ გადაცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მესამე პირთან გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების მოქმედების მოსარჩელის მიმართ გავრცელების კანონიერება იმ პირობებში, როდესაც ე. კ-ა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობდა და ხელშეკრულების დადების შესახებ წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. „სამოქმედო გეგმის“ 2.1.1. პუნქტიდან გამომდინარე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) საკუთრებაში გადაცემას. პირველ ეტაპზე არსებობდა დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეიძენდა კერძო მესაკუთრეებისაგან და შესთავაზებდა დევნილებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს მათთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს, 2009-2012 წლებისთვის კი სახელმწიფომ შეიმუშავა დევნილთა განსახლების სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობდა დევნილებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემასაც, პრივატიზების გზით. ამასთან, უშუალოდ პრივატიზების პროცესს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა. დასახელებული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია. ამრიგად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის აუცილებელი იყო პრეზიდენტის განკარგულების გამოცემა, რომლის მიღების შემდეგაც ფორმდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას კი მხარეებს უნდა დაეცვათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედი სპეციალური წესები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მესამე პირთა მიმართ აქვს შემზღუდველი ხასიათი, მისი ნამდვილობა და ძალაში შესვლა დამოკიდებულია სწორედ მესამე პირთა ინფორმირებასა და მათ მიერ ხელშეკრულების დადებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენაზე.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ე. კ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 31 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და დ. რ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ. რ-ეს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... ....ს გამზირზე N..-ში მე-2 სართულზე მდებარე №7 ბინა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, საცხოვრებლით უზრუნველეყო ე. კ-ა. დასახელებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ დ. რ-ე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში არაა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო.

დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, სადავო ხელშეკრულების კანონიერების შემოწმებისას, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, მართალია, მოსარჩელეს ანიჭებს გარკვეულ უფლებას - გათვალისწინებულია მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული საცხოვრებლით სარგებლობის უფლება, თუმცა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, როგორც დევნილმა, დაკარგა შესაძლებლობა, მოეთხოვა სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამრიგად, მოსარჩელის ხელშეკრულების დადების თაობაზე ინფორმირებას, პირობების გაცნობასა და ე. კ-ას მოსაზრების მოსმენას საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და მისგან წერილობითი თანხმობის მიღება სავალდებულო ხასიათს ატარებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი მესამე პირთან ერთად ცხოვრება ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. სწორედ ამიტომ, ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულება გამოცემულია და ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელის სავალდებულო თანხმობის გარეშე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ხელშეკრულება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ე. კ-ას ნაწილში.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, ისე მოქმედი რედაქციის 65 მუხლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ე. კ-ასთვის ცნობილი იყო, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელისთვის ოფიციალური გაცნობის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

საგულისხმოა, რომ იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტება გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-1143(2კ-19) და 2020 წლის 5 მარტის №ბს-1271(2კ-19) განჩინებები.

მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ე. კ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. გარდა ამისა, სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. სამინისტრო კი უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, დევნილის სტატუსის მიღებას უკავშირდება რიგი უფლებების შეძენა, მათ შორის, სახელმწიფოსგან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის მოპოვება. ამასთანავე, მოცემული მოთხოვნის რეალიზებისთვის პირი, გარდა სტატუსის მიღებისა, უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ წინაპირობებს, კანონით გაწერილია დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დევნილის ოჯახის შეფასებას, ქულების მინიჭებას და სხვა გარემოებათა გამოკვლევას.

განსახილველ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, ვინაიდან სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, გამოირიცხა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს წარდგენილი განცხადების ხელახლა შესწავლას, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ განცხადების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვით და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ე. კ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე