საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-822(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - დ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:დ. ვ-ემ 2017 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (უფლებამონაცვლე - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია) მიმართ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №381 დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №02/235 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №381 დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №02/235 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ვ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დ. ვ-ეს პირადად ჩაბარდა 2020 წლის 15 აპრილს და გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2020 წლის 29 აპრილს ამოიწურა. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2020 წლის 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ვ-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის თანახმად, დ. ვ-ის წარმომადგენელმა - მ. ზ-ემ სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 29 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით, მოათავსა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ამასთან, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო ბაჟი მხარემ 2020 წლის 30 აპრილს გადაიხდა და ქვითარი იმავე დღეს დამატებით წარადგინა სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ დ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. დასახელებული კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავოდ არ არის ქცეული. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ვ-ემ სასამართლოში 2020 წლის 15 აპრილს პირადად ჩაიბარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 16 აპრილს, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, დასრულდა 2020 წლის 29 აპრილს (ოთხშაბათს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციის შტამპის მიხედვით, წარდგენილია 2020 წლის 30 აპრილს, ე.ი. ვადის დარღვევით.
რაც შეეხება კერძო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2020 წლის 29 აპრილს არის წარდგენილი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სპეციალურ ყუთში ნამდვილად 2020 წლის 29 აპრილს იყო მოთავსებული და მასზე კანცელარიის შტამპი არასწორად არის შევსებული. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში აპელანტი თავად მიუთითებდა (ს.ფ. 224), რომ საჩივარს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ერთ ფურცლად; სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის მიხედვით კი, იგი გადახდილია 2020 წლის 30 აპრილს. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოუკიდებლად, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის შემდგომ წარდგენაც არ დასტურდება. ამრიგად, დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ - 2020 წლის 30 აპრილს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე