საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-835(კ-20) 6 ივლისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:დენარა გელოვანმა 2018 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2018 წლის 3 აპრილის №936 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 3 აპრილის №936 ბრძანება და ამავე სამინისტროს უფლებამონაცვლეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესყიდვის პროგრამის ფარგლებში მოსარჩელე დ. გ-ის განაცხადის დაკმაყოფილდების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, დ. გ-ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებულ განაცხადში თავის საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №7, ხოლო თავისი ოჯახის წევრებად მიუთითა ვაჟიშვილი და მისი ოჯახი. მოგვიანებით დააზუსტა მოთხოვნა და განაცხადიდან ვაჟიშვილის ოჯახის ამოღება მოითხოვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა აპლიკანტის მიერ სააგენოტოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, არ დადასტურდა მითითებულ მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი. ამასთან, სატელეფონო საუბრიდან დადგინდა, რომ ის იმყოფებოდა თბილისში, ...ის N...-ში, ყოფილი სიძის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქალიშვილის ოჯახთან ერთად.
კასატორის მითითებით, მონიტორინგის მიერ არაერთგზის მოკვლეული ინფორმაციის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მოსარჩელე ქალაქ თბილისში, ...ის N...-ში ცხოვრობს მისი ქალიშვილის მიერ დაგირავებულ ბინაში. ამდენად, საცხოვრებელთნ დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დ. გ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. გ-ისთვის, იმ ეტაპზე, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6 ) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე; დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერია, რომელიც ცხოვრობს მარტო; ოჯახის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და მის მეუღლეზე ან/და არასრულწლოვან შვილებზე გაცემულია მარჩენალდაკარგულის მოწმობა.
დადგენილია, რომ დ. გ-ის ოჯახის მდგომარეობა, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასდა 5,5 ქულით, ვინაიდან ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე, დამისამართებულია ქალაქ თბილისში და მარჩენალდაკარგულია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ასევე, დადგენილია: დ. გ-ი 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში, თუმცა პარალელურად ...ის N...-ში, სიძის ბინაში ყოფნა უწევს, რადგან აღნიშნულ მისმართზე მისი შვილი - თ. ფ-ე ცხოვრობს. ამრიგად, წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მოსარჩელე იმთავითვე უთითებდა ძირითადი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ასევე, დროებით, სხვა მისამართზე ყოფნის ფაქტზე, რაც დროებით ხასიათს ატარებდა. ამასთანავე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება არ გამორიცხავს დევნილის ამ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებად მიჩნევას. აღნიშნული გარემოებები კი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. ამრიგად, დ. გ-ს უკანონოდ ეთქვა უარი იმ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე