გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 70-დად 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა ბრალდებულ მ. კ-ს დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის ბრძანების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო ბრალდებულ მ. კ-ს ქონებას.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ. ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას ბრალად ედება საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზურგის დაცვის მე-4 სამმართველოს უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ლ. ტ-ს, განზრახ მკვლელობა ერთობლივი კომერციული საქმიანობიდან წარმოშობილი დავის ნიადაგზე. მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ მ. კ-მ ლ. ტაბაღუას გადასცა 50000 ამერიკული დოლარი, რომელიც ერთი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა პროცენტთან ერთად, ხოლო ლ. ტ-მ დათქმულ ვადაში ვერ შესძლო ვალის დაბრუნება.
მ. კ-ს ჩადენილი დანაშაულისათვის 2003 წლის 18 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომლის საფუძველზეც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
2003 წლის 18 მარტს დაზარალებული ქ. ზ. ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, რომელმაც იშუამდგომლა გამოძიების წინაშე, რომ სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს ბრალდებულ მ. კ-ს სახელზე არსებულ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობს ... ქ. თბილისში. აღნიშნულის თაობაზე 2003 წლის 20 მარტს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა შ. გ-მა და ითხოვა ბრალდებულ მ. კ-ს ზემოთ ხსენებული ქონების დაყადაღება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებელ შ. გენგაშვილის შუამდგომლობა და 2003 წლის 21 მარტს გასცა ბრძანება ბრალდებულ მ. კ-ს კუთვნილი ოროთახიანი ბინის (საერთო სასარგებლო ფართი-95მ2, საცხოვრებელი ფართი-49მ2, სარდაფი-20მ2) დაყადაღების შესახებ, რომელიც მდებარეობს ... ქ. თბილისი. იმავე დღეს სასამართლომ გაცემული ბრძანების საფუძველზე გამოწერა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული სასამართლო ბრძანების თაობაზე ბრალდებულ მ. კ-ს დამცველმა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ ბრძანება სასამართლოს მიერ გაცემულია მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო განხილვისას კასატორი მხარს უჭერს თავის საჩივარს და ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 21 მარტს გაცემული ბრძანების გაუქმებასა და ბრალდებულ მ. კ-ს კუთვნილ ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნას.
პროკურორი ა. კ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს გაცემული სასამართლო ბრძანების უცვლელად დატოვებას.
დაზარალებული ქ. ზ.მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს სასამართლო ბრძანების უცვლელად დატოვებას.
დაზარალებულის დამცველები: ი. ა. და ნ. გ. მხარს არ უჭერენ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვენ სასამართლო ბრძანების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლები და საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. კ-ს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელთან დაკავშირებითაც დაზარალებულის მიერ აღძრულია სარჩელი მნიშვნელოვან თანხაზე. თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას უმეტეს ნაწილში მაინც, რაც არ არის გამორიცხული, შესაძლებელია გაძნელდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუ ის არ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ მ. კ-ს ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიების ჩატარების, ანდა აღნიშნული საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში ბრალდებულის მიერ მოხდეს იმ ქონების გასხვისება, რომელსაც ყადაღა დაედო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ბრძანებით, რაც ფაქტობრივად შეუძლებლს გახდის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბინა, რომელსაც ყადაღა დაედო, არ არის შეფასებული, პალატა თვლის, რომ ყადაღის დადება ხელს ვერ შეუშლის შესაბამისი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას, რომლის მეშვეობით შეიძლება მოხდეს დაყადაღებული ბინის შეფასება და შედეგების გამოძიებისა და სასამართლოსათვის წარდგენა დაინტერესებული მხარის მიერ.
გარდა ამისა, ვინაიდან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ ბრძანებაში ბინაზე ყადაღის დადების გარდა სხვა არაფერია აღნიშნული, კანონიდან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულ მ. კ-სა და მისი ოჯახის წევრებს არ ეზღუდებათ დაყადაღებული ბინით სარგებლობის უფლება, ვიდრე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი არ გადაწყვეტს ამ ქონების შემდგომ ბედს, მაგრამ მათ ეკრძალებათ მისი გაყიდვა ან სხვა გზით გასხვისება, ე. ი. მისი განკარგვა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ამასთან ერთად, თუკი ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა მიუხედავად, ბრალდებული მ. კ. მომავალში ჩათვლის, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილისა, მას უფლება აქვს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, ხოლო ასეთი სარჩელის გამო მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა, როგორც გამოძიებისა და პროკურორისათვის, ისე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე, 191-ე, მე-200 და 243-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის ბრძანება ბრალდებულ მ. კ-ს სახელზე რიცხულ, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინასა და სარდაფზე ყადაღის დადების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინების ასლები გადაეცეს მხარეებს, აგრეთვე გაეგზავნოს ბრძანების გამცემ მოსამართლეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.