Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1092(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - ნ. უ-ი, ს. ვ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. უ-მა და ს. ვ-ამ 2018 წლის 17 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) მიმართ და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 თებერვლის №001661 დადგენილების, 2017 წლის 26 ივნისის №4-5/ს.ფ.-293-17 სააღსრულებო ფურცლისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №372 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. უ-ისა და ს. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. უ-მა და ს. ვ-ამ, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ნ. უ-ისა და ს. ვ-ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე, განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება ნ. უ-ისა და ს. ვ-ას წარმომადგენელს - ლ. ჭ-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, სადაც მის მეუღლეს - ი. გ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 29 ივნისს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარისთვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი და მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 30 ივნისიდან და დასრულდა 2020 წლის 13 ივლისს, 24:00 საათზე. მიუხედავად ამისა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ლ. ჭ-ემ 2020 წლის 16 ივლისს წარადგინა, სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. უ-ისა და ს. ვ-ას წარმომადგენელმა - ლ. ჭ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის თანახმად, ლ. ჭ-ემ სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის დაგვიანებით გაასაჩივრა, რადგან საპატიო მიზეზის (მეუღლის ავადმყოფობის) გამო სწორად ვერ გამოთვალა გასაჩივრების ვადის დასრულების თარიღი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ. უ-ისა და ს. ვ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. დასახელებული კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავოდ არ არის ქცეული. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეთა წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის (რომელიც აღჭურვილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით) მეუღლეს - ი. გ-ეს ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 29 ივნისს ჩაბარდა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გზავნილის მხარისთვის ოფიციალურ გაცნობას ნიშნავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 30 ივნისს, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, დასრულდა 2020 წლის 13 ივლისს (ორშაბათს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 16 ივლისს, 3 დღის დაგვიანებით. მოცემული გარემოება ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

რაც შეეხება მხარის მითითებას საპატიო მიზეზის არსებობაზე, გარდა იმისა, რომ კერძო საჩივარს არ ერთვის წარმომადგენლის მეუღლის ავადმყოფობის ან მხარის მიერ საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლები) იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. უ-ისა და ს. ვ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე