საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1163(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - კ.ს-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება
აღწერილობითი ნაწილი:კ.ს-მა 2019 წლის 8 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №EL082660 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №658 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კ.ს-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით კ.ს-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დადგინდა და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, საჩივრის ელექრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 3 თებერვალს კ.ს-ის წარმომადგენელმა - კ. ს-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ამასთან, მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. ამასთან, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 2 მარტს კ.ს-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით კ.ს-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 19 მარტს კ.ს-ის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინებით კ.ს-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 30 დღით გაუგრძელდა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 15 მაისს კ.ს-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით კ.ს-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 30 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის პირველ ივნისს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 29 ივნისს კ.ს-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება მოითხოვა. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მისი მარწმუნებელი არის სომხეთის მოქალაქე, ცხოვრობს სომხეთში და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, განმცხადებელმა კორონა ვირუსიდან გამომდინარე შეზღუდვებზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით კ.ს-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, განუხილველი დარჩა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას გაითვალისწინა იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა და აპელანტს რამდენჯერმე, მათ შორის, 30-30 დღით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა. ამასთან, მართალია, 2020 წლის 29 ივნისს წარდგენილ იქნა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა, პალატის მოსაზრებით, იგი არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას საპროცესო მოქმედების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, კორონა ვირუსთან (COVID 19) დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილ ვითარებას არ გამოუწვევია სატელეფონო, ელექტრონული კომუნიკაციების, გზავნილების მიღების შეწყვეტა. შესაბამისად, რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ზემოაღნიშნული განჩინება კ.ს-ის წარმომადგენელმა - კ. ს-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა კორონა ვირუსიდან გამომდინარე შეზღუდვებზე და აღნიშნა, რომ ვერ ახერხებდა მის მარწმუნებელთან, რომელიც სომხეთის მოქალაქეა და სომხეთში ცხოვრობს, დაკავშირებას.
კ.ს-ის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 9 დეკემბერს დამატებით წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ შეძლო მარწმუნებელთან დაკავშირება. კ.ს-მა განუმარტა, რომ სადავო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა მისი შვილი. განცხადებას თან ერთვის კ.ს-ის შვილის - ლ. ს-ის გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ დასახელებული პიროვნება 2020 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. თუკი წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უნდა დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. თავის მხრივ, აპელანტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, ან თუ ხარვეზის შევსება განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელია - უნდა მიმართოს სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით კ.ს-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დადგინდა და სააპელაციო საჩივრის ავტორს არაერთხელ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 30 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის პირველ ივნისს. მართალია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 29 ივნისს კ.ს-ის წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მიმართა, თუმცა მან კვლავ არ შეავსო ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება მოითხოვა. სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კი მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საკასაციო პალატა, სადავო განჩინების კანონიერების შეფასებისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ გაითვალისწინა აპელანტის წარმომადგენლის განმარტებები, დაიცვა მისი კანონიერი ინტერესი და ხარვეზის შესავსებად მხარეს ჯამში 90 დღე განუსაზღვრა. მართალია, დასახელებული პერიოდი, დადგენილი ხარვეზის ხასიათის გათვალისწინებით, არ შეიძლება ხარვეზის შევსებისთვის არაგონივრულ ვადად იქნეს მიჩნეული, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად ბოლოს განსაზღვრულ პერიოდში მარწმუნებლის შვილი გარდაიცვალა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ამასთან, ვინაიდან აპელანტის საცხოვრებელი ადგილი სომხეთშია, საკასაციო სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს აპელანტის წარმომადგენლის განმარტებას, რომ აპელანტსა და მის წარმომადგენელს შორის ვერ განხორციელდა კომუნიკაცია და შეუძლებელი გახდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე