Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1254(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ჟ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. ბ-ამ 2017 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №..., 2017 წლის 20 სექტემბრის №... და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №...გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის, მოსარჩელის 2017 წლის 12 სექტემბრის №001217162348 განცხადების არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. დასახელებული აქტები გამოიცა მოსარჩელის დედის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე სამოქალაქო რეესტრის სამსახურში წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რომლის დროსაც, გასაჩივრებული აქტებით ჟ. ბ-ას განცხადებას ჯერ ხარვეზი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ - განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ჟ. ბ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №..., 2017 წლის 20 სექტემბრის №... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №...გადაწყვეტილებები; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ჟ. ბ-ას 2017 წლის 12 სექტემბრის №001217162348 განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და 2020 წლის 4 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში.

2020 წლის 13 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ჟ. ბ-ას წარმომადგენლმა - დავით ჩხაიძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არ დააკმაყოფილა ჟ. ბ-ას მოთხოვნა დედის - ვ. ა-ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. განმცხადებლის მოსაზრებით, დასახელებული აქტი ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს, რის გამოც გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ჟ. ბ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ განსამარტი გადაწყვეტილება აღსრულებადია სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით; განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებული იყო ნათლად და ერთმნიშვნელოვნად; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი და მისი აღსრულება შესაძლებელი იყო შეუფერხებლად.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ჟ. ბ-ას 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც როგორც განცხადების დაკმაყოფილების, ასევე, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობასაც გულისხმობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ბ-ამ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

კერძო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადოდ აღასრულა (არ გაითვალისწინა სასამართლოს განმარტებები, სრულყოფილად და ჯეროვნად არ გამოიკვლია და არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უსაფუძვლოდ უთხრა ჟ. ბ-ას უარი დედის - ვ. ა-ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე), ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება არა მხოლოდ სასამართლოს აღმასრულებლისთვის უნდა განხორციელდეს, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც, რათა ხელი შეეწყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს აქტის შესრულების უზრუნველყოფას და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და შეუძლებელია/გართულებულია მისი აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მოსარჩელის დედის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. ხსენებული, გასაჩივრებული აქტებით კი ჟ. ბ-ას განცხადებაზე ჯერ ხარვეზი დადგინდა, ხოლო შემდეგ - განუხილველად იქნა დატოვებული. ამრიგად, თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებში სააპელაციო პალატამ ძირითადად განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება შეაფასა და ვინაიდან მიიჩნია, რომ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №..., 2017 წლის 20 სექტემბრის №... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №...გადაწყვეტილებები, ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს, ჟ. ბ-ას 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნებზე, გასაჩივრებული აქტებით გათვალისწინებულ მოწესრიგებასა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ გადაწყვეტაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ნათლად და მკაფიოდ იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მისი აღსრულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არსებითად განხილვასა და ახალი აქტის გამოცემაში გამოიხატებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ უკვე გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, ფორმალურად გადაწყვეტილება შესრულებულია და მისი აღსრულების შეუძლებლობა არ დასტურდება.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების შინაარსობრივ შეფასებას, მისი ჯეროვნად შესრულების საკითხის გამოკვლევასა და მის საფუძველზე გამოცემული აქტის კანონიერებას, დასახელებული საკითხები შესაძლებელია დამოუკიდებელი დავის საგანი, ცალკე სასარჩელო წარმოების დაწყების წინაპირობა გახდეს. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, რადგან მისი მოთხოვნა რეალურად მიმართულია არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისკენ და გადაწყვეტილების შესრულების ხელშეწყობისკენ, არამედ მხარე გადაწყვეტილების აღსრულების სათანადოობისა და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლას ითხოვს. დასახელებულ საკითხთა შეფასება კი განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ განხორციელდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა, არ იკვეთება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების კანონით დადგენილი წინაპირობები. შესაბამისად, ჟ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე