ბს-765(კ-20) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მა 08.12.17წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 7000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.03.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 11.04.2013წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, მ. ნ-მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით.
11.04.2017წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულია მეორე ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედებისა და სამსახურის გასვლის ვადა შეადგენს 4 წელს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 26.09.2007წ. მიღებულ №560 ბრძანებაზე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს (2009 წლის 1 მარტს ან პირველი მარტის შემდეგ) გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 - წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა აღნიშნული ბრძანების 472 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარი მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მ. ნ-თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური გაიარა ორი კონტრაქტის საფუძველზე, მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წლით და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე აკმაყოფილებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემულ უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტი, რომლის თანახმად იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულება დადგეს აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდომ კვლავ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი 4 - წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული. გარდა ამისა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისიწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მიერ ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული არც ერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული უნდა შეფასებულიყო სასამართლოების მიერ, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების (ძალადაკარგულია 15.01.2018წ. N1 ბრძანებით) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს - მ. ნ-ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტით დადგენილ პირობებს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას მართებულად დაედო საფუძვლად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების კონტრაქტის პირობებით გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სამინისტროს ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ ნორმატიული ვალდებულება სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებიდან გამომდინარე. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. გამოცემული N560 ბრძანების ადრინდელი რედაქცია არ შეიცავდა მითითებას ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებაში დათქმის საჭიროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება შევიდა წესში 07.03.2017წ. N14 ბრძანებით, ბრძანებით დამატებული 472 პუნქტით განისაზღვრა ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევებში ვალდებულებებზე, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, უკუძალა დადგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე, და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ორივე შემთხვევა წარმოადგენს იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. უკუძალისას ნორმატიული აქტის თვისობრივი ტრანსფორმაცია ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებული და გარდაუვალი აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, რათა ამან არ გამოიწვიოს კანონისაგან მისი სუბიექტების გაუცხოება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაში ცვლილება შევიდა ერთი თვით ადრე, ვიდრე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 11.04.2013წ. კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურებოდა, აღნიშნულ შემთხვევაზე უკუძალის გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ იყო სახეზე. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის კონტრაქტი დაიდო 11.04.2013წ. ჯერ კიდევ 07.03.2017წ. N14 ბრძანების გამოცემამდე, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს 11.04.2013წ. კონტრაქტსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებას შორის კოლიზია, ვინაიდან კონტრაქტის დადებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემისათვის აღნიშნული ვალდებულების კონტრაქტში გათვალისწინების საჭიროებას. ნორმატიული აქტის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე