Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-386(გ-21) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ა. მ-ის საჩივრის განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-ემ 2021 წლის 14 აპრილს საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს №...სამართალდარღვევის ოქმისა და ამავე სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 6 მარტის №605229 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით ა. მ-ის საჩივარი, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვინაიდან საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნისათვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა საჩივრის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხილვა და ა. მ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო წარმოადგენდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. მ-ის საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში, განსჯადი სასამართლოს არჩევანის უფლება მოსარჩელეს ენიჭება და ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. საჯარიმო ქვითარი ა. მ-ის მიმართ შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ხოლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მითითებულია ქ. წყალტუბო. ვინაიდან კანონმდებლობა ხსენებულ მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ე უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსთვის როგორც მისი საცხოვრებელი ადგილის, ისე სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს და გადაწყვიტოს საჩივარი. ამასთან, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ა. მ-ის საჩივარი, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია ყოველი ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება. კონსტიტუციის ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და ამის შესახებ აცნობოს მოსარჩელეს. განსჯადობის ზოგადი წესები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის მე-15 მუხლიც ადგენს საერთო განსჯადობის წესს და განსაზღვრავს, რომ სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამრიგად, თუკი სადავოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე-125-ე მუხლების საფუძველზე შედგენილი ოქმებისა თუ დადგენილებების კანონიერება, კანონმდებლობა ადგენს ალტერნატიულ განსჯადობას - საქმე შეიძლება განხილულ იქნეს დარღვევის ჩადენის ადგილის, ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად კი, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს.

განსახილველ შემთხვევაში, ა. მ-ეს სასამართლოში გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დაარღვია მან საგზაო მოძრაობის წესები. შესაბამისად, სადავო საკითხიდან გამომდინარე, წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული განსჯადობა, რომლის დროსაც სასამართლოს არჩევის უფლება სწორედ მოსარჩელეს/საჩივრის ავტორს ენიჭება.

ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ, მართალია, საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია ქობულეთი, თუმცა სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი ქალაქი წყალტუბოა, ხოლო თავად საჩივრის ავტორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამდენად, ა. მ-ემ საქმეზე განსჯადი სასამართლო სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით შეარჩია. სწორედ ამიტომ, სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით უნდა იქნეს განხილული.

რაც შეეხება სადავო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს დადგენას, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების 23-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 3 მოსამართლით, რომელთაგან ერთი მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილების წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ამდენად, ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციით განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავებს, ტერიტორიული განსჯადობის წესების გათვალისწინებით, საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს №...სამართალდარღვევის ოქმისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 6 მარტის №605229 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი უნდა განიხილოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატმა სასამართლომ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი, მე-2, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე