ბს-854(2კ-19) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-მა სარჩელით მიმართა თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ჟ. ტ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ჟ. ტ-ის უფლების აღიარების შესახებ 09.11.2015წ. №461 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების და ჯ. კ-ის უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 28.04.2016წ. №498 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამასთანავე, ქ. თბილისში, ...ის ... ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ჟ. ტ-ი.
თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.2016წ. განჩინებით ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ჩაერთო ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2017წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ჟ. ტ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2018წ. განჩინებით საქმეში მესამე პირის ჟ. ტ-ის უფლებამონაცვლედ ჩაერთო თ. კ-ი და საქმის წარმოება განახლდა.
თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.11.2015წ. №461 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ჟ. ტ-ის უფლების აღიარების თაობაზე, ამავე კომისიის 28.04.2016წ. №498 ოქმში ასახული გადაწყვეტილება ჯ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. კ-ის (ჟ. ტ-ის უფლებამონაცვლის) მიერ.
თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებით ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. კ-ის (ჟ. ტ-ის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ჟ. ტ-მა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 13.03.2015წ. მიმართა განცხადებით და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ...ის ...ის მე-... ...-ზე, №23 კორპუსის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად ჟ. ტ-მა კომისიას მოწმეთა განცხადება, ამხანაგობა „...“ კრების ოქმი და ფოტოსურათები წარუდგინა. 12.06.2015წ. ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა ჯ. კ-ის წარმომადგენლის ნ. ღ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჟ. ტ-ის განცხადებით იყო მოთხოვნილი. მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად ჯ. კ-მა კომისიას მოწმეთა განცხადება წარუდგინა. ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.11.2015წ. გადაწყვეტილებით ჟ. ტ-ის 13.03.2015წ. განცხადება დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... ...ის ...ის მე-... ...-ზე, №23 კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და მასზე აღიარებული იქნა ჟ. ტ-ის საკუთრების უფლება. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. კ-ის განცხადება და ძალაში დარჩა ამავე კომისიის 09.11.2015წ. გადაწყვეტილება ჟ. ტ-ის უფლების აღიარების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა ჟ. ტ-ისა და ჯ. კ-ის განცხადებების განხილვისას კომისიის მიერ საქმის მასალების და არსებული მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების ფაქტი, ასევე, არ ირკვევა რა მოტივებით იქნა სრულად უარყოფილი ჯ. კ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ჟ. ტ-ის განცხადების განხილვისას არ იყო მიწვეული ჯ. კ-ი, როგორც დაინტერესებული პირი. ჟ. ტ-ის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯ. კ-ის ჩართულობისა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და განმარტებების შეფასების გარეშე. საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და მხარეთა განმარტებებით სადავო აქტებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე 90-იან წლებში ფუნქციონირებდა საცხობი, რომლის დირექტორი იყო ჯ. კ-ი, ხოლო თანამშრომელი - ჟ. ტ-ი, ასევე, ირკვევა, რომ საცხობის ერთ-ერთმა დირექტორმა - ჯ. ტ-მა ჟ. ტ-ს მისცა უფლება, დაეკავებინა საცხობის კუთვნილი ფართის ნაწილი. საცხობის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდგომ მის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას ფლობდა, როგორც ჟ. ტ-ი, ასევე ჯ. კ-ი. კომისიაში, როგორც ჟ. ტ-ის, ასევე ჯ. კ-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წარდგენილი იყო მოწმეების ჩვენებები, რომელთაგან შესაბამისი დასკვნებისა და არგუმენტების გარეშე ჟ. ტ-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს - მოწმეთა ჩვენებებს მიენიჭა უპირატესი ძალა ჯ. კ-ის მიერ წარდგენილ ანალოგიური სახის მტკიცებულებებთან შედარებით. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ 09.11.2015წ. №461 საოქმო გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა ჟ. ტ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს ჯ. კ-ი, 1968 წლიდან ასევე იხდის გადასახადებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის სზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად გამოიყენა სზაკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება.
თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. კ-ის მიერ.
კასატორმა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ კომისიის 09.11.2015წ. №461 საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... ...ის ...ის ... N... კორპუსის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა ჟ. ტ-ის საკუთრების უფლება. 12.06.2016წ. განცხადებით კომისიას მიმართა ჯ. კ-მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ...ის ...ის ... N... კოპ N...-ის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და №461 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. კომისიის 28.04.2016წ. №498 საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა კომისიის 09.11.2015წ. №461 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ჯ. კ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ჟ. ტ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო განმცხადებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. განმცხადებელმა წარადგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“. ამ წესის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ჟ. ტ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის ფაქტი. საჯარო რეესტრის წერილის თანახმად იმ დროისათვის უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება აღრიცხული არ იყო. განმცხადებელმა წარმოადგინდა მოწმეთა სანოტარო წესით დადასტურებული ჩვენებები მის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობისა და სარგებლობის დადასტურების თაობაზე. განმცხადებელმა ასევე წარადგინა ორთოფოტო და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც აღნიშნულია მიწის ნაკვეთის ფართობი და საკადასტრო საზღვრები. ამ დოკუმენტებით აშკარაა მითითებული კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ჟ. ტ-ის მიერ ფლობის ფაქტი, შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბათილად ცნობის შესახებ, დასაბუთებული უნდა იყოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, აღნიშნული ზიანი უნდა იყოს არსებითი ხასიათის. ჯ. კ-ს არც კომისიაში და არც სასამართლოში არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც მის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს დაადასტურებდა. სასამართლომ აღმჭურველი აქტი ცნო ბათილად მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების გარეშე.
კასატორმა თ. კ-მა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჯ. კ-ის საკითხის განხილვისას სრულად შეაფასა და სათანადოდ გამოიკვლია საქმის მასალები, არსებული მტკიცებულებები და ჯ. კ-ს მოტივირებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჯ. კ-ს ანალოგიური სახის მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი კომისიაში, რაც ჟ. ტ-ს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ფართში საცხობის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდგომ არსებული ქონების ნაწილს ჯ. კ-ი ფლობდა. ჯ. კ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დოკუმენტებით არ იკვეთება რომელ მიწის ნაკვეთს ეხება ეს დოკუმენტები. პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას თავად აღნიშნა მოსარჩელე მხარემ, რომ აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა 1998 წელს გააჩერებინა საცხობის ფუნქციონირება და გადაიყვანა სხვა ადგილზე, კერძოდ, ბეტონის ქარხანაში, შესაბამისად, უძრავი ნივთის შემდგომი ფლობის ფაქტი არ დასტურდება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ვ. ა-მა და თ. მ-მა განაცხადეს, რომ საცხობის ფუნქციონირების შეწყვეტის შენდგომ სადავო ქონებასთან შეხება არ ჰქონიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოწმეებმა ვერ დაადასტურეს 1998 წლის შემდგომ ჯ. კ-ის მიერ სადავო ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. საქმის მასალებში დაცულია მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დაკითხული მოწმეებიც. სამოქალაქო პროცესში მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, მიიღება მხოლოდ მისი ზეპირი დაკითხვის გზით და არა წერილობითი ფორმით. დაკითხული მოწმეების ახსნა-განმარტებები ეწინააღმდეგება მათ წერილობით განმარტებებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს ის ფაქტი, რომ ჯ. კ-მა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიას მიმართა 2010 წელს. კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ დადასტურდა ჯ. კ-ის შემხებლობა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან. ჯ. კ-ი იყო სახელმწიფო საწარმოს დირექტორი და ამ ტერიტორიაზე ახორციელებდა პურის წარმოებას, ხოლო სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლე ფიზიკური პირი ვერ იქნებოდა. ამდენად, კომისიამ ერთხელ უკვე იმსჯელა ჯ. კ-ის საკითხზე. მიმდებარე 23-ე კორპუსის ბმა ,,...“ კრების ოქმის თანახმად წევრთა 2/3 ადასტურებს ჟ. ტ-ის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტს. კომისიას ჟ. ტ-მა მიმართა 13.03.2015წ., ხოლო ჯ. კ-მა 12.06.2015წ.. ჯ. კ-ის მასალებში უძრავი ნივთის მისამართად მითითებული იყო ქ. თბილისი, ...ის ... ..., მე-... ...ის მიმდებარედ, ხოლო ჟ. ტ-ის განცხადებაში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ. 23-ე კორპ. მიმდებარედ. კომისიამ იმსჯელა განცხადებების რიგითობის მიხედვით და წარმოება დაასრულა უფრო ადრე შემოსულ განცხადებაზე, ხოლო ჯ. კ-ის განცხადების განხილვისას წარმოებაში ჩაერთო ჟ. ტ-იც. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ ჯ. კ-ს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით წარდგენილი არ ჰქონდა ანალოგიური სახის დოკუმენტები, რაც ჟ. ტ-მა კომისიაში მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარადგინა. საქმის მასალებში დაცული ჟ. ტ-ის დაკვეთით მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად აზომვითი ნახაზი მომზადდა დავით აღმაშენებლის ხეივანში, მე-14 კმ, კორპ. 23-ის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია 313,10კვ.მ. ფართზე განაშენიანებული ერთი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა. 12.01.2015წ. ამხანაგობა ,,...“ კრების №3 ოქმის მიხედვით კრებამ ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3-ით გამოხატა თანხმობა ქ. თბილისში, ... ...ის მე-... კორპ. N...-ის მიმდებარე 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე შენობა-ნაგებობის ჟ. ტ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ვინაიდან ჟ. ტ-ი ამ უძრავ ნივთს ფლობს 2000 წლიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.02.2015წ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებით ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. თბილისში, ... ...ის ...ში, მე-... კმ. კორპ N...-ის მიმდებარედ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული. 03.02.2015წ. განცხადებით რ. ხ-ი, ს. გ- და მ. წ-ი და 13.02.2015წ. განცხადებით ზ. მ-ი ადასტურებენ, რომ ჟ. ტ-ი ნამდვილად ფლობს ქ. თბილისში, ... ...ის ..., მე-... კმ. კორპ N...-ის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მასზე მდგომ შენობა-ნაგებობასთან ერთად 2000 წლიდან დღემდე. ზ. მ-ი დამატებით მიუთითებს, რომ ჟ. ტ-ი სარგებლობს მისგან გადაყვანილი ელექტრო ენერგიით. ჟ. ტ-მა 13.03.2015წ. განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ...ის ...ის ..., მე-... კორპ...., ...ის მიმდებარედ 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. თბილის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2015წ. წერილის თანახმად მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-3) ზონაში. 03.10.2015წ. განცხადებით ჯ. ტ-მა და გ. გ-ემ თანხმობა განაცხადეს, რათა ჟ. ტ-ს მოეხდინა ქ. თბილისში, ... ...ის ..., მე-... კმ. კორპ N...-ის მიმდებარედ 107,62 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც 2000 წლამდე იყო მათ სარგებლობაში, ხოლო 2000 წლის შემდეგ სარგებლობაში გადასცეს ჟ. ტ-ს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.11.2015წ. №461 ოქმის თანახმად 69-ე საკითხად კომისიამ განიხილა ჟ. ტ-ის განცხადება, კომისიამ გადაწყვიტა, რომ ჟ. ტ-ის საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. კომისიამ 22.11.2016წ. ქ. თბილისში, ... ...ის .... ..... კორპ N...ის მიმდებარედ 832 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჟ. ტ-ის სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.2015წ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებით ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. თბილისში, ... ... ..., კორპ N...-ის მიმდებარედ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული. ნ. ჯ-ე, ნ. ბ-ე და ლ. ს-ე 22.05.2015წ. განცხადებით ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი ჯ. კ-ი ქ. თბილისში, ...ის ... ...ში, კორპ N...-ის მიმდებარედ 1987 წლიდან ფლობს და სარგებლობს 429 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 1990 წელს მის მიერ აშენებულ 166,47კვ.მ. კაპიტალურ შენობა-ნაგებობას. ჯ. კ-ის დაკვეთით შპს ,,...“-ის მიერ შესრულებული შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად ...ის ქ.N...-ის მიმდებარედ (...ის ...-... ..., კორპ N...) ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის ფართი შეადგენს 166,47 კვ.მ.-ს. 12.06.2015წ. ჯ. კ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა დ...ის ...-... ..., კორპ N... მიმდებარედ 429 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებში დაცულია ჯ. კ-ის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთი აზომვითი ნახაზი დიღმის საცდელ მეურნეობაში კორ. 12-ის მიმდებარედ 429 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია ორი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა. 16.10.2015წ. თბილის არქიტექტურის წერილის თანახმად მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-3) ზონაში. კომისიის 22.12.2015წ. №467 ოქმის 31-ე საკითხის თანახმად ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა გადაიდო, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებმა გადაფარა იმ მიწის ნაკვეთის საზღვრები, რომელზეც აღიარების კომისიამ №461 ოქმის 69-ე საკითხით მიიღო გადაწყვეტილება 1350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჟ. ტ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის 28.04.2016წ. №498 ოქმის პირველი საკითხის თანახმად კომისიის 09.11.2015წ. №461 ოქმის 69-ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება ჟ. ტ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დარჩა ძალაში, ხოლო ჯ. კ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ვ. ა-ი, მ. ბ-ი, თ. მ-ი, ე. ა-ი, რ. ს-ი და მ. ა-ი საქმის მასალებში დაცული 24.01.2017წ. და 25.01.2017წ. წერილობითი ახსნა-განმარტებებით აღნიშნავენ, რომ ისინი წარმოადგენენ მცირე საწარმო ,,...“-ის ყოფილ თანამშრომლებს და ...ის ...-... ...ის მაცხოვრებლებს. აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ისინი პურის საცხობში მუშაობდნენ 1997 წლამდე. მითითებული პირები ადასტურებენ, რომ საცხობის დირექტორმა ჯ. კ-მა 1988-1990 წლებში საცხობს მიაშენა 166 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, რითაც პურის წარმოება გაორმაგდა. 1997 წლიდან განხორციელდა საცხობის ლიკვიდაცია. ჯ. კ-ი დღემდე, როგორც ფიზიკური პირი, ფლობს და სარგებლობს 166 კვ.მ. შენობა-ნაგებობას. ჟ. ტ-ი იყო საცხობის რიგითი თანამშრომელი და მას ჯ. კ-ის მიერ მიშენებული შენობის ფართში არასდროს უცხოვრია, ხოლო ჯ. კ-ის სარგებლობაში არსებული ფართის მომიჯნავე ფართში ცხოვრობს რამდენიმე წელია. ჯ. ტ-ი იყო მეურნეობის ყოფილი დირექტორი. ჯ. ტ-მა ჟ. ტ-ის შვილის ქმარს ზ. მ-ს მიჰყიდა მისი წილი შენობის ფართი, რომელიც გაფორმებული არ ჰქონდა. ჟ. ტ-მა საკრებულოს მეშვეობით გაიფორმა მათ მიერ დაკავებული ფართი ჯ. კ-ის მფლობელობაში არსებულ ფართთან ერთად, რომელსაც ჯ. კ-ის ფლობს 1987 წლიდან დღემდე. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მითითება ჯ. კ-ის მიერ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შესახებ მოკლებულია დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის მოქმედი 51.3 მუხლით განსაზღვრული იყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია. ესენია: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება, ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის, გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიღებული გადაწყვეტილება ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან რომელ პირობას არ აკმაყოფილებდა ჯ. კ-ის განცხადება, გარდა ამისა, კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება ჟ. ტ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რომ კომისიის სხდომაზე არ მიიწვია ჯ. კ-ი, რომელსაც სადავო აქტის მიღების დროისათვის განცხადება უკვე წარდგენილი ჰქონდა აღიარების კომისიაში იმავე მიწის ნაკვეთზე (მის ნაწილზე) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დამადასტურებელ ერთ-ერთ პირობად ითვალისწინებს მოწმის ჩვენებას, რაც წარდგენილი იქნა, როგორც ჟ. ტ-ის, ასევე, ჯ. კ-ის მიერ. უპირობოდ შესაბამისი დასაბუთების გარეშე ერთი პირის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენების გაზიარება და მეორე პირის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენების უარყოფა საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევაზე მიუთითებს.
კასატორმა თ. კ-მა აღნიშნა, რომ ჯ. კ-ს ერთხელ უკვე ეთქვა უარი, 2010 წელს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლე ჯ. კვირკაშვილი ვერ იქნებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული 08.10.1996წ. განცხადებით ჯ. კ-მა მიმართა საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციას და აცნობა, რომ მცირე საწარმო ,,...“ რეორგანიზებული იქნა შპს ფირმა “ჯ...“, რის გამოც მოითხოვა მცირე საწარმო ,,...“-ის სალიკვიდაციო დასკვნის გასაცემად 1996 წლის პირველი ნოემბრიდან წარმომადგენლის მივლინება. 25.11.1996წ. აქტის თანახმად, საბურთალოს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 13.11.1996წ. ბრძანებით და მცირე სახ. საწარმო ,,...“-ის დირექტორის წერილის (ლიკვიდაციის შესახებ) საფუძველზე, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორმა შეამოწმა მცირე საწარმო ,,...“-ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე. აქტში მითითებულია, რომ მცირე სახელმწიფო საწარმო ,,...“-ის იურიდიული მისამართია დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის პროდუქციის წარმოება. საგადასახადო ინსპექციის მიერ 27.06.2007წ. გაცემული რეგისტრაციის მოწმობის თანახმად ი/მ ჯ. კ-ი ჩართულია სამეწამეო რეესტრში და აყვანილია საგადახასახადო აღრიცხვაზე. საქმის მასალებში დაცული 05.08.2010წ. №215 ოქმის მიხედვით ჯ. კ-მა 20.07.2010წ. განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა 952 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე (... ... ..., კორპ N...-ის მიმდებარე) ჯ. კ-ს უფლება არ დაუდგინდა. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 05.08.2010წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ს უარი ეთქვა 952 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო აღიარების კომისიაში 12.06.2015წ. წარდგენილი განცხადებით ჯ. კ-მა მოითხოვა 429 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელის განმარტებით 429 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მის მიერ აშენებულ შენობა-ნაგებობას, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ჯ. კ-ს ერთხელ უკვე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, დაუსაბუთებელია.
არ არის სათანადოდ დასაბუთებული კასატორის მოსაზრება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დაცვით მიღებასთან დაკავშირებით. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკითხის გადაწყვეტა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთანავე, კანონით გათვალისწინებული პირობების შესრულების და დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება;
3. ა. გ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე