Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33-კოლ 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც:

ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 109-ე მუხლის “ზ” პუნქტით. ერთობლივად შეეფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა ბ. ნ-ს დაეწყო 2002წ. 19 იანვრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:

2001წ. სექტემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ბ. ნ., რომელსაც ლებარდეს ხეობიდან მოჰყავდა საქონელი, შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ მამაკაცს სვანეთიდან, რომლისგანაც უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და 45 საბრძოლო ვაზნით, რაც ჩამოიტანა სოფელში და სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

2002წ. 19 იანვარს მარტვილის რაიონის სოფ. კურზუს მცხოვრებნი: ბ. ნ., გ. ნ., დ. ნ., გ. ჯ., თ. ნ. და მ. ნ. ამ უკანასკნელის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით იმყოფებოდნენ ლებარდეს ხეობაში, “ხიფას” უბანში, საიდანაც მოჰქონდათ შეშა. გზაში მათ დაემგზავრა თანასოფლელი თ. ნ., რომელიც პირად საქმეზე იმყოფებოდა ლებარდეს ხეობაში. მგზავრობისას ბ. ნ.-სა და თ. ნ-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ბ. ნ. იჯდა კაბინაში, ხოლო თ. ნ. იმყოფებოდა მანქანის ძარაზე. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ დობერაზენის ცენტრში, თ. ნ-მ ფეხით გააგრძელა გზა თავისი სახლის მიმართულებით. ბ. ნ. კი დარჩა ე. ნ-ს სახლში, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კიდევ მიიღო ალკოჰოლური სასმელი _ ღვინო, რის შემდეგაც მას, თავის სახლში მიმავალს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, გაახსენდა ლებარდეს ხეობაში თ. ნ-სთან მომხდარი უსიამოვნო შელაპარაკება და გადაწყვიტა მასთან მისულიყო, მიყენებული შეურაცხყოფისათვის მოეთხოვა პასუხი და ფიზიკურად გასწორებოდა. აღნიშნულის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი ჯერ მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, აიღო მის მიერ ადრე უკანონოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც იგი უკანონოდ ინახავდა, შევიდა თ. ნ-ს ეზოში, შეაღწია ოთახში და თ. ნ-ს მოსთხოვა პასუხი შეურაცხყოფისათვის. მოსალოდნელი უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, დაზარალებულმა თ. ნ-მ მისი ვაჟიშვილების ზ. და ზა. ნ-ს დახმარებით შეძლო მოძალადის _ ბ. ნ-ს ოთახიდან გაყვანა. იგი ჩააცილეს კიბეზე და შებრუნდნენ სახლში. მათი ოთახში შესვლის შემდეგ ბ. ნ-მ შუა ეზოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თ. ნ-ს განადგურების მიზნით, ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელი ოდა-სახლის იმ ოთახს, სადაც იმყოფებოდნენ თ. ნ. და მისი ოჯახის წევრები, რითაც განიზრახა არა მარტო მისთვის არასასურველი პირის _ თ. ნ-ს ფიზიკური განადგურება, არამედ საფრთხე შეუქნა სხვათა სიცოცხლეს. ბ. ნ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზა. ნ-მ მიიღო შემდეგი დაზიანებები: კისრის მარჯვენა ზედაპირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის შემავალი ხვრელი, ხოლო კისრის მარცხენა უკანა ზედაპირზე არსებული ჭრილობა არის ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გამოსასვლელი ხვრელი. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი, ხოლო შუბლისა და ცხვირის არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოჯახის სხვა წევრებმა თავს უშველეს: ზოგმა _ ფანჯრიდან გადახტომით, ზოგმა _ იატაკზე დაწოლით, რის გამოც ბ. ნ-საგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დადგა შედეგი _ რამდენიმე პირის განდაგურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ნ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, სასჯელის შემსუბუქების მიზნით. კერძოდ, საჩივარში ბ. ნ. მიუთითებს, რომ დაზარალებულთან იყო კარგ ურთიერთობაში, არიან ნათესავები და მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ყველაფერი მოხდა აღელვების ნიადაგზე, იგი არასწორადაა დასჯილი სსკ-ის 109-ე მუხლის “ზ” პუნქტით. ითხოვს, გათვალისწინებულ იქნეს მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დადებითი დახასიათება და შეუმსუბუქდეს სასჯელის ზომა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონია დაზარალებულ ზა. ნ-ს მოკვლის განზრახვა, ყველაფერი მოხდა აღელვებისა და გაუფრთხილებლობის გამო. ადვოკატმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა ბ. გ-მ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა ბ. ნ-მ ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნა თ. ნაჭყებიას ბინას, სადაც მის გარდა, იმყოფებოდნენ მისი შვილები და ოჯახის სხვა წევრები. სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ზა. ნ. და ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოჯახის სხვა წევრების სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. ეს გარემოება დადგენილია, როგორც თ. ნ-ს, ასევე საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით, თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს, რომ ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა თ. ნ-ს საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც ზა. ნ. მიღებულ დაზიანებათა გამო გარდაიცვალა.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილადაა დადგენილი და მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელიც განსაზღვრული აქვს ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მკაცრად და უსამართლოდ. ამასთან, სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა მისი პასუხისმგებლბის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება. ამდენად, არ არსებობს განაჩენის შეცვლის კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენი ბ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.