გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 34-კოლ 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა ადვოკატ გ. ნ-ს და დაზარალებულ ა. დ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ბ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2001წ. 28 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მ. ი-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისად შეუმცირდეს სასჯელი.
დაზარალებულის საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის სიმსუბუქის მოტივით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით არასრულწლოვან ბ. ი-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2001წ. 29 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე, თიანეთის რაიონის სოფ. ვეძათხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. “ჭყატიანის” ტყეში, შეშის გადმოზიდვისას, მიღებული შენიშვნის გამო უმნიშვნელო საბაბით განაწყენებულმა, საკუთარი თავაშვებულობიდან და ქცევის წესების არად ჩაგდებიდან, ასევე წესრიგის მიმართ თავხედური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხულიგნური ქვენაგრძნობით, დასახმარებლად მოსული ბ. რ-ს კუთვნილი “იჟკ” მოდელის ერთრულიანი სანადირო თოფიდან კისრის მიმართულებით გასროლით განზრახ მოკლა მისი ნათესავი, არასრულწლოვანი ს. დ..
ადვოკატის საჩივარი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ს. დ. დაიღუპა მსჯავრდებულ ბ. ი-ს გაუფრთხილებელი ქმედებით, რასაც უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
დაზარალებულის საკასაციო საჩივარი თვლის, რომ მსჯავრდებულის პიროვნული თვისებების გათვალისწინებით შეფარდებული სასჯელი მეტად მსუბუქია.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ნ-მ ითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ბ. ი-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაკვალიფიცირება და შესაბამისად სასჯელის შემსუბუქება. ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ბ. ი..
დაზარალებულმა ა. დ-მ და ადვოკატმა თ. გ-მ ითხოვეს განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სიმსუბუქის მოტივით.
პროკურორმა ა. ს-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში, ხოლო მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებელი ქმედებით და აქედან გამომდინარე, მისი დანაშაული უნდა შეფასდეს შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაციით.
საქმის მასალებით უდაოდ დადგენილია, რომ ბ. ი-მა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული 16 წელი, ხელში აიღო მომეტებული საფრთხის წყარო _ სხვისი კუთვნილი სანადირო თოფი, ჩახმახი შეაყენა ფეხზე და სასხლეტს გამოჰკრა თითი იმ დროს, როცა თოფის ლულა მიმართული იყო აწ გარდაცვლილი ს. დ-ს სახის მიმართულებით. ამ მომენტში მოხდა თოფიდან გასროლა, რამაც გამოიწვია ს. დ-ს დაუყოვნებლივი სიკვდილი. პალატის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შემთხვევა მოხდა ტყეში, სადაც თოფის პატრონი მწყემსავდა ღორებს და ამ თოფით პირუტყვს იცავდა მგლების თავდასხმისაგან, ამასთან თოფის პატრონმა ბ. ი. გააფრთხილა თოფში გილზი იდო, მსჯავრდებულის არასრულწლოვანების მიუხედავად, მისი ქმედება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, არ შეიძლება ჩაითვალოს გაუფრთხილებელ დანაშაულად. ამასთან, პალატა არ იზიარებს არც განაჩენის იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა ბ. ი-მა ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩაიდინა ს. დ-ს განზრახ მკვლელობა. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯარვდებული ბ. ი. და აწ გარდაცვლილი ს. დ. იყვნენ დეიდაშვილები, მათ შორის იყო კარგი დამოკიდებულება, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს ხშირად ერთ საწოლში ეძინათ, შემთხვევის წინ მათ შორის მოხდა სრულიად უმნიშვნელო შეკამათება, რომელიც გახუმრების ზღვარსაც კი არ სცდებოდა, პალატა სარწმუნოდ არ მიიჩნევს ამ უმნიშვნელო საფუძვლით მსჯავრდებულს მასთან შეზრდილი უახლოესი ნათესავის მოკვლის პირდაპირი განზრახვა წარმოშობოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებული ბ. ი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით, ანუ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და თუმცა არ სურდა ეს შედეგი, მაინც გულგრილად მოეკიდა მის დადგომას. ეს გარემოება გამორიცხავს მკვლელობის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენას და სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალიწსინებული დანაშაული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯარვდებულმა ბ. ი-მა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა იმ დროს, როცა 16 წელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას სასჯელის ღონისძებად არ შეიძლება დაენიშნოს 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. გამომდინარე აქედან, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ ბ. ი-ზე შეფარდებული სასჯელი _ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, არ შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქად, არის სამართლიანი და შეესაბამება მის ჩადენილ ქმედებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს არც დაზარალებულის საჩივარი სასჯელის სიმსუბუქის მოიტვით განაჩენის გაუქმების თაობაზე და არც დაცვის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 22 ნოემბრის განაჩენში ბ. ი-ს მიმართ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ბ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტიდან გადაკვალიფიცრდეს ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე. განაჩენი ყველა სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ზომის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.