საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-714(კ-21) 13 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
2021 წლის 19 აპრილს თ. ჩ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახაზო-საპატრულო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს ისნის მე-4 ოცეულის პატრულ ინსპექტორის პოლიციის მაიორის მ. გ-ის მიერ 2021 წლის 23 მარტს გამოცემული №013358 შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით თ. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახაზო-საპატრულო სამმართველოს (პატრულ-ინსპექტორი მ. გ-ი) მიერ 2021 წლის 23 მარტს გამოცემული №013658 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა, ის გარემოება რომ 2021 წლის 23 მარტს გამოცემულ №013658 შემაკავებელ ორდერზე აღნიშნული იყო მოსარჩელის თ. ჩ-ის ხელმოწერა (აღნიშნული გარემოება თ. ჩ-ს სადავოდ არ გაუხდია) შესაბამისად მოსარჩელისთვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერის სასამართლოში გასაჩივრების ვადა, მიუხედავად ამისა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 6 აპრილს, როდესაც უკვე ამოწურული იყო შემაკავებელი ორდერის სასამართლოში გასაჩივრების სამდღიანი ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება. ამასთან, ამავე განჩინებით თ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით კი, გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თ. ჩ-ი საკასაციო წესით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით თ. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახაზო-საპატრულო სამმართველოს (პატრულ-ინსპექტორი მ. გ-ი) მიერ 2021 წლის 23 მარტს გამოცემული №013658 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება თ. ჩ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება. ამასთან, თ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, თ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი განჩინებაზე, რომლის დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის შესახებაც მხარეს ასევე განემარტა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 -ე თავი (მუხლები 2112-2115) არეგულირებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. 2114 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებული კატეგორიის საქმეთა განხილვის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი