Facebook Twitter

საქმე №ბს-266(კს-21) 13 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. ტ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლოს 08.04.2021წ. განჩინებით ვ ტ-ს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრებული განჩინების ზუსტი რეკვიზიტების მითითებით. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 08.04.2021წ. განჩინება ორჯერ გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს, თუმცა ვერ ჩაბარდა, რის გამო სასამართლო დაუკავშირდა ვ. ტ-ის ყოფილ წარმომადგენელს თ. გ-ეს, რომელსაც განემარტა მხარის საკონტაქტო მონაცემების დაკონკრეტების ან ახალი მინდობილობის წარმოდგენის საჭიროების შესახებ, მასვე განემარტა, რომ გზავნილის მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოაქვეყნებდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებას და გამოქვეყნებიდან შესაბამის ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 22.06.2021წ. ვ. ტ-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა 08.06.2021წ. მინდობილობა, რომლითაც თ. გ-ეს მინიჭებული აქვს საერთო სასამართლოებში ვ. ტ-ის წარმომადგენლობის, მარწმუნებლის სახელით განცხადებისა და საკასაციო საჩივრის შეტანის, ასევე მხარის სხვა საპროცესო უფლებების განხორციელების უფლებამოსილება. მინდობილობის წარმოდგენის შემდგომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის 08.04.2021წ. განჩინება გაეგზავნა ვ. ტ-ის წარმომადგენელ თ. გ-ეს და პირადად ჩაბარდა 09.07.2021წ.. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. ამასთანავე, სასკ-ის 13.2 მუხლის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 09.07.2021წ., რაც ნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო - 16.07.2021წ. (პარასკევი), აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მოუმართავს ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3, 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ტ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე