Facebook Twitter

№ბს-1056(კ-20) 9 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ტ-ე; მესამე პირი (სასკ. 16.2) - ზ. ფ-ი, ხ. ტ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 მარტს ე. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე კერძო აღმასრულებელ ზ. ფ-ის მიმართ.

2018 წლის 20 მარტის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2018 წლის 14 აპრილის განცხადებით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნად - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის №A17030777-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა, სარჩელზე მოპასუხედ - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, მესამე პირად კი კერძო აღმასრულებელი - ზ. ფ-ი მიუთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად იქნა ჩაბმული ხ. ტ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ე. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის №A17030777-015/001 განკარგულება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 4 სექტემბერს სს „ლ...სა“ და ე. ტ-ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო განვადება), კრედიტის საშუალებით შეძენილი ნივთის ღირებულებამ შეადგინა 1400 ლარი. ამასთან, კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა შეძენილი ნივთით - „წვრილი აქსესუარები შესასვლელი“.

სს „ლ...ის“ მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს განვადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (კლიენტი - ე. ტ-ე) ასევე აღნიშნული იყო, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა „შესასვლელი“.

საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 05 იანვრის ამონაწერის თანახმად, ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1773.00 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე - №1, №2 (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირებული იყო ე. ტ-ის საკუთრების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 თებერვლის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160912835/232903 ბრძანებით, რესპონდენტ ე. ტ-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 3918.77 ლარის ოდენობით აპლიკანტის - სს ,,ს...ის“ მიმართ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 თებერვლის მიმართვით მითითებული ბრძანება მიექცა აღსასრულებლად. აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა ე. ტ-ეს და ჩაბარდა ოჯახის წევრს - გიორგი შერაზადიშვილს 2017 წლის 11 თებერვალს.

2017 წლის 10 თებერვალს სს ,,ს...მა” განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ამავე ბიუროს 2017 წლის 8 თებერვლის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160912835/232903 ბრძანების აღსრულება.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალე ე. ტ-ის მიმართ 2017 წლის 13 თებერვალს გამოსცა №A17051809-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს მიეთითა, რომ სს ,,ს...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3918,77 ლარის გადახდა. მოვალეს განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვლის №A17051809-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა ე. ტ-ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანებით, რესპონდენტ ე. ტ-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2395.23 ლარის ოდენობით აპლიკანტის - სს ,,ლ...ის“ მიმართ.

2017 წლის 16 მარტს სს ,,ლ...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ზ. ფ-ს და 2016 წლის 11 ივლისს მათ შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანების აღსრულება.

კერძო აღმასრულებელმა - ზ. ფ-მა მოვალე - ე. ტ-ის მიმართ 2017 წლის 16 მარტს გამოსცა №A17030777-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს მიეთითა, რომ სს ,,ლ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2395.23 ლარის გადახდა. მოვალეს განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2017 წლის 16 მარტის №A17030777-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2017 წლის 18 მარტს ჩაბარდა ე. ტ-ეს. კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-მა 2017 წლის 6 სექტემბერს №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ეცნობებინა, ირიცხებოდა თუ არა ე. ტ-ის საკუთრებაში უძრავი ქონება, იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, აგრეთვე სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებებით), როდის და ვის სასარგებლოდ, იყო თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ.

კერძო აღმასრულებელმა - ზ. ფ-მა 2017 წლის 6 სექტემბერს №A17030777-008/001 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ე. ტ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ...ში, ...ის ქუჩა N... (საკ. კოდი ...), ყადაღის რეგისტრაციაში გატარება.

კერძო აღმასრულებელს, 2017 წლის 6 სექტემბრის №... წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №372533 წერილით ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართი იყო: ქალაქი ხაშური, ქუჩა ნიკო ლომოური №10, საკადასტრო კოდი: ...; ს...ლი 1, ფართი 40.90 კვ.მ, რეგისტრირებული იყო ე. ტ-ის საკუთრების უფლება. უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ იყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ე. ტ-ის ქონების მიმართ რეგისტრირებული იყო ყადაღა; ქონების მიმართ არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 22 აგვისტოს კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-მა აღწერა ქ. ...ში, ..ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონება. აღწერა-დაყადაღების აქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი გამოცხადდა ქ. ...ში, ..ის ქუჩა N...-ში. უძრავი ქონება წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინას კორპუსის პირველ ს...ლზე და შედგებოდა მისაღების, ორი საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანა-საპირფარეშოსაგან.

შპს ,,იუვისის“ მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №01.1324 შეფასების ანგარიშით შეფასებული ქ. ...ში, ...ის ქუჩა N...-ში, მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ, 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი. კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-მა, 2017 წლის 03 ოქტომბერს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის შესაბამისად, №17030777-011/001 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებულ №A17030777 სააღსრულებო საქმეზე, სააუქციონო მომსახურების გაწევის მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ №A17030777 სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი. 2017 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა პირველი აუქციონი, 2017 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა პირველი განმეორებითი აუქციონი, ხოლო ქონების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 4 დეკემბერს, მეორე განმეორებით აუქციონზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 11 დეკემბერს გამოსცა №A17030777- 015/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ე. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ხაშური, ქუჩა ლომური, №10, ს...ლი 1; საკადასტრო კოდი: ...; შემძენი 2017 წლის 04 დეკემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ხ. ტ-ე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2700 ლარად. ხ. ტ-ემ თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების - სს ,,ლ...ისა“ და სს ,,ს...ის“ სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

სს „ლ...მა“ 2018 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ზ. ფ-ს, ხოლო 2019 წლის პირველ მარტს სს „ს...მა“ - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განცხადებებით მოთხოვნილი იყო კონკრეტულ პირთა მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მასალების შეუსრულებელი სახით დაბრუნება. სს „ს...ის“ 2019 წლის 6 მაისის წერილის თანახმად, ე. ტ-ის სასესხო დავალიანება, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენდა 3768,77 ლარს, აქედან ვალდებულების ძირი თანხა იყო 1419,28 ლარი. სს „ლ...ის“ 2019 წლის 8 მაისის წერილის მიხედვით, 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ე. ტ-ეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირი თანხა - 1495,23 ლარი და ჯარიმა - 2820,42 ლარი. აღნიშნული სესხი ჩამოწერილი და შესყიდული იყო ფონდ „ქ...ს“ მიერ, 2018 წლის 25 დეკემბერს. ე. ტ-ის სს „ს...ში“ არსებული ანგარიშიდან ამონაწერის შესაბამისად, 2015 წლის 10 ივნისიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, სესხის დასაფარად გადახდილი იყო 5252 ლარი. სს „ლ...ის“ წარმომადგენლის 2019 წლის 10 ივლისის (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი - 12.07.2019) წერილის მიხედვით, ე. ტ-ემ 2015 წლის 5 სექტემბერს აღებული კრედიტის დაფარვა არ განახორციელა, მან მხოლოდ ერთხელ - 2015 წლის 30 სექტემბერს გადაიხადა 0,77 ლარი. სააღსრულებო წარმოების ეტაპზე ე. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად სს „ლ...ს“ გადაერიცხა 976,39 ლარი. აღნიშნული თანხით სრულად დაიფარა საქმეზე გაწეული ხარჯები, ხოლო დარჩენილი თანხით ნაწილობრივ დაიფარა კრედიტი.

სს „ს...ის“ 2019 წლის 30 ივლისის (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი - 01.08.2019 წ.) წერილის თანახმად, სს „ს...სა“ და ე. ტ-ეს შორის 10.06.2015 წელს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ე. ტ-ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3260 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით. მსესხებელი პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო 06.11.2015 წლის შემდეგ არ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. სს „ს...მა“ დავალიანების ამოღების მიზნით 09.09.2016 წელს მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურს. იმ დროისათვის ე. ტ-ის ვალდებულება შეადგენდა 3768.77 ლარს, საიდანაც ძირი თანხა იყო - 1419.28 ლარი, პროცენტი - 217.44 ლარი და პირგასამტეხლო - 2132.05 ლარი. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან სრულად დაიფარა ძირი - 1419.28 ლარის ოდენობით და შემცირდა პროცენტი - 178.17 ლარით. აღნიშნული სააღსრულებო საქმე, სს „ს...ის“ 01.03.2019 წლის განცხადების საფუძველზე, დასრულდა საქართველოს მთავრობის ინიცირებული ე.წ. „განულების პროგრამის“ ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI​1 თავში (გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით) თავმოყრილ ნორმებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სწორედ გამარტივებული წარმოების ფარგლებში, სს „ს...ისა“ და სს „ლ...ის“ მიმართვების საფუძველზე დაიწყო გამარტივებული სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების ზოგად პროცედურებთან და მოვალის ინფორმირების სავალდებულოობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. ტ-ეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა წინადადებები მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განემარტა მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგები. თუმცა სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღმასრულებელთა მიერ ისე მოხდა მოსარჩელის უძრავი ნივთის გასხვისება, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოკვლეული, დადგენილი და დაზუსტებული არ ყოფილა მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, სადავო განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა სასარგებლოდ, თუმცა სს „ლ...სა“ და ე. ტ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო შეძენილი ნივთით - „შესასვლელის წვრილი აქსესუარით“.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, ერთი მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის უფლებების დაცვის გარანტს, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეს ვალდებულების შესრულება, მეორე მხრივ კი, მოვალეს წარმოეშვება მოლოდინი, რომ ვალდებულების შესრულება, მოთხოვნის იძულებითი აღსრულება, პირველ ყოვლისა, სწორედ უზრუნველყოფის საგნის გამოყენებით მოხდება. სწორედ ამიტომ, სააღსრულებო წარმოების წესების მარეგულირებელი კანონმდებლობა შეიცავს სპეციალურ დათქმებს იმის მიხედვით, მოთხოვნა უზრუნველყოფილი არის თუ არა. სადავო შემთხვევაში აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა, რომ მოთხოვნა სს ,,ლ...ის" მიმართ იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება განხორციელდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის იძულებითი აღსრულების სპეციფიკის გაუთვალისწინებლად, უზრუნველყოფის საგნის მეშვეობით მოთხოვნის დაკმაყოფილების მცდელობის გარეშე მოხდა უძრავი ნივთის გასხვისება, სააღსრულებო წარმოება არასწორად წარიმართა როგორც "არაუზრუნველყოფილი" მოთხოვნის მქონე კრედიტორის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა არც დავალიანების არსებობის ფაქტი და არც თავად აღსრულების ქვემდებარე აქტი - „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანება. ამასთან, არც სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ წარმოუდგენია მოსარჩელეს/მოვალეს აღმასრულებელთან რაიმე სახის დოკუმენტი, რაც იდენტიფიცირებადს გახდიდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არსებობას.

კასატორის მითითებით, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად აღსრულებისათვის. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო პროცესის ეფექტურად წარმოებისა და კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, აღმასრულებელი ვალდებული იყო მოვალის ქონებაზე, კერძოდ - უძრავ ნივთზე მიექცია გადახდევინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. ტ-ეს სადავოდ არ გაუხდია ბანკების მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი და შედეგად გამოცემული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებები, რაც სადავო სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა. ამასთან, სადავო საკითხს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა წინადადებები მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო დავალიანების ნებაყოფლობით, დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა წარმოადგენდა აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების მოძიების, აღწერის, დაყადაღების, აუქციონზე გატანის საფუძველს, ხოლო აუქციონზე ქონების გასხვისების შედეგად ამონაგები თანხით უნდა მომხდარიყო დავალიანების დაფარვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღსასრულებელი აქტის დროულად და ეფექტურად აღსრულება, თუმცა აღნიშნული არ უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების მხარეების, კერძოდ მოვალის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი აღსრულების პირობებში, აღმასრულებელი უფლებამოსილია ჰქონდეს წვდომა და გადახდევინება უზრუნველყოს მოვალის უძრავი ან/და მოძრავი ქონებიდან, გარდა კანონმდებლობით, მათ შორის, ამავე კანონის მუხლი 21-ით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს სს „ლ...სა“ და ე. ტ-ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო განვადება), კრედიტის საშუალებით შეძენილი ნივთის ღირებულებამ შეადგინა 1400 ლარი. ამასთან, კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა შეძენილი ნივთით - „წვრილი აქსესუარები შესასვლელი“ (ს.ფ. 12-21).

სს „ლ...ის“ მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს განვადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (კლიენტი - ე. ტ-ე) ასევე აღნიშნულია, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს „შესასვლელი“ (ს.ფ. 23-24).

შპს ,,იუვისის“ მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №01.1324 შეფასების ანგარიშით შეფასებული ქ. ...ში, ...ის ქუჩა N...-ში, მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ, 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი. კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-მა, 2017 წლის 03 ოქტომბერს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის შესაბამისად, №17030777-011/001 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებულ №A17030777 სააღსრულებო საქმეზე, სააუქციონო მომსახურების გაწევის მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ №A17030777 სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი. 2017 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა პირველი აუქციონი, 2017 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა პირველი განმეორებითი აუქციონი, ხოლო ქონების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 4 დეკემბერს, მეორე განმეორებით აუქციონზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 11 დეკემბერს გამოსცა №A17030777- 015/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ე. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ..., ქუჩა ...ი. N..., ს...ლი 1; საკადასტრო კოდი: ...; შემძენი 2017 წლის 04 დეკემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ხ. ტ-ე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2700 ლარად. ხ. ტ-ემ თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების - სს ,,ლ...ისა“ და სს ,,ს...ის“ სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის (გირავნობის ცნება) პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, „მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ამ ინსტიტუტის არსი და დანიშნულება, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ჩაანაცვლებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №ას–1300–1320–2011, 27 მარტი, 2012 წელი; № ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).

ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ ე. ტ-ესა და სს „ლ...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას ვალდებულების უზრუნველყოფაზე და უზრუნველყოფის საგანზე, რაც ქმნიდა მოსარჩელისათვის ლეგიტიმური მოლოდინის არსებობის საფუძველზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში, უპირველეს ყოვლისა სწორედ უზრუნველყოფის საგნით მოხდებოდა აღსრულება/გადახდევინება, თუმცა, სს „ლ...ის“ სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების პროცესი წარიმართა როგორც არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღსრულება მოხდა უძრავი ნივთის (საცხოვრებელი სახლის) გაყიდვის გზით, რომლის შენარჩუნების მიმართაც, მესაკუთრეს ყოველთვის გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი. აღსრულების პროცესში ადგილი არ ჰქონია ვალდებულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხის გამოკვლევას, უზრუნველყოფის საგნის მოძიებასა და შეფასებას. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის (სს „ს...ი“) არსებობის და უზრუნველყოფილი კრედიტორის (სს „ლ...ი“) არაუზრუნველყოფილ კრედიტორად მიჩნევის პირობებშიც კი, ადგილი არ ჰქონია საცხოვრებელ სახლზე ნაკლები მნიშვნელობის მქონე ობიექტების, მათ შორის მოძრავი ქონების მოძიების, შეფასებისა და გასხვისების შედეგად ვალდებულების შესრულების მცდელობას. გარდა ამისა, მიუხედავად არსებული დავალიანების ოდენობისა, რომელიც უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალი იყო, სააღსრულებო წარმოება წარიმართა იმგვარად, რომ უძრავი ნივთის (საცხოვრებელი სახლის) გაყიდვამაც კი ვერ უზრუნველყო დავალიანებების საბოლოო დაფარვა და როგორც სს „ლ...მა“, ისე სს ,,ს...მა“ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მოითხოვეს დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მასალების შეუსრულებელი სახით დაბრუნება. დავალიანებები მხოლოდ საქართველოს მთავრობის ინიცირებული ე.წ. „განულების პროგრამის“ ფარგლებში დაიფარა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე 18/08/2020 წ. საგადახდო დავალება №11102-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18/08/2020 წ. საგადახდო დავალება №11102-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე