№ბ-1205-8(გან-21) 15 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 ივნისს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...-ის“, მესამე პირების - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ორგანიზაციის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის 2020 წლის 8 ოქტომბრის შუადგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
2021 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
2021 წლის 18 ივნისს უზენაეს სასამართლოს №ზ-300-21 განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
2021 წლის 13 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადმოიგზავნა გ. ბ-ის 2021 წლის 2 აგვისტოს განცხადება.
განმცხადებელი - გ. ბ-ე ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტებას, რომლითაც მისი 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით და განმარტების აუცილებლობა არსებობს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში.
შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება მხოლოდ აღსრულებას ქვემდებარე სასამართლო აქტები და არა სარჩელის, საჩივრის ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ის მიერ მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტება, რომლითაც გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივლისის №ზ-300-7(გან-21) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე