Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-329(კ-21) 13 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2020წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ა-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 26.04.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კასატორის მეუღლეს 28.05.2021წ..

დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა ნ. კ-ამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ იმყოფება თვითიზოლაციაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საქმის მასალებში დაცულია კასატორის მიერ ნ. კ-ას სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლის უფლებამოსილების ვადა არის გასული (ს.ფ. 44). საკასაციო საჩივარზე დართული ორდერის თანახმად ნ. კ-ას მიენიჭა უფლება საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაიცვას კასატორის ინტერესები. სსკ-ის 98-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ასეთი უფლებამოსილება ორდერის მქონე წარმომადგენელს არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლოს 14.06.2021წ. განჩინებით გ. ა-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კასატორის მამას 28.06.2021წ..

დადგენილ ვადაში გ. ა-ემ შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 3 დღით გაგრძელება, ვინაიდან საადვოკატო მომსახურებაზე ადვოკატთან ვერ მოახერხა შეთანხმება და კვალიფიციური წარმომადგენლის გარეშე დარჩა, შესაბამისად, აღნიშნული ვადა ესაჭიროება მისი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი ადვოკატის ასაყვანად.

საკასაციო სასამართლოს 15.07.2021წ. განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინების ასლი კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი გ. ა-ეს 23.07.2021წ. ჩაბარდა პირადად.

სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ა-ეს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა 23.07.2021წ., ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო - 26.07.2021წ. აღნიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, გ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებაზე გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი