Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 56-აპ 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განაჩენში მ. მ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-66-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი და 6 თვე.

ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელის მოთხოვნები და მ. მ-ს ლ. მ-ს სასარგებლოდ ქონებრივი და ფიზიკური ზიანის მიყენებისათვის დაეკისრა 2181 ლარის და 05 თეთრის გადახდა. რაც შეეხება მოთხოვნას მორალური ზიანის _ 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, მასზე ლ. მ-ს უარი ეთქვა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განაჩენით შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება:

მ. მ-ს სამოქალაქო მოსარჩელის ლ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანისათვის 5000 ლარის, ხოლო ქონებრივი და ფიზიკური ზიანისათვის 1281 ლარის და 05 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მ. მ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 10 იანვარს, 14 საათზე, მ. მ. და ლ. მ., მათ შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო, იმყოფებოდნენ გორის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორ ზ. მ-ს სამუშაო ოთახში. მ-სა და მ-ს ინსპექტორის სამუშაო ოთახში, ამ უკანასკნელის თანდასწრებით, კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მ. მ-მა სხეულის დაზიანების მიზნით სკამი ჩაარტყა თავში ლ. მ-ს და მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მ. მ. აღნიშნავს, რომ პოლიციის ინსპექტორის სამუშაო ოთახში ლ. მ-მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პირადად მას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია აგრეთვე მისი მეუღლეც. ამის გამო უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში სკამი მოუქნია ლ. მ-ს, მაგრამ მას სკამი თავში არ მოხვედრია, რადგან ხელით შეაჩერა ინსპექტორმა ზ. მ-მა.

კასატორი უთითებს იმასაც, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ტენდენციურად, არაობიექტურად და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. მ.-ი განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს მორალური ზიანისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო საჩივარში დაზარალებული ლ. მ. ითხოვს მ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით.

შესაგებელში და საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ლ. მ-მ და მისი ადვოკატმა დ. ჯ-მა შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს მ. მ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორი ა. ს. განაჩენს მიიჩნევს კანონიერად და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მ. მ-ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული მ. მ. აჩვენებს, რომ უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში სკამი მოუქნია ლ. მ-ს, რომელიც დაზარალებულს თავში არ მოხვედრია. დაცვის მხარის აზრით, საქმეზე უნდა ჩატარებულიყო ტრასოლოგიური, სამედიცინო-ბიოლოგიური ექსპერტიზები, რათა გარკვეულიყო, მოხვდა თუ არა სკამი თავში მ-ს, ასევე, საჭირო იყო, რომ ლ. მ-ს გაეკეთებინა ექო-ენცეფალოგრამა.

არ გაიზიარა რა მსჯავრდებულ მ-ს ზემოთ მოყვანილი პოზიცია, სასამართლომ მჭედლიშვილის ბრალდება სწორად მიიჩნია დადასტურებულად საქმეში მოცემული შემდეგი მტკიცებულებებით.

ის, რომ შემთხვევის დღეს, ანუ 2001წ. 10 იანვარს, 14 საათზე, მ. და მ. იმყოფებოდნენ პოლიციის ინსპექტორ ზ. მ-ს სამუშაო ოთახში, ვალის გამო მათ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, როგორც მსჯავრდებულ მ-ს, ისე დაზარალებულ ლ. მ-ს ჩვენებებით.

დაზარალებული ლ. მ. აჩვენებს, რომ უბნის ინსპექტორის სამუშაო ოთახში მათ შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მ. მ-ს მიერ მოქნეული სკამი მოხვდა თავსა და ზურგში. ამის შემდეგ მ. მ-მა იგი დაითრია თმით და თავი არტყმევინა მაგიდაზე, რის გამოც მიიღო სხეულის დაზიანებები.

დაზარალებულმა ლ. მ-მ რომ აღნიშნული ვითარებაში მიიღო სხეულის დაზიანებები, დადასტურებულია შემთხვევის უშუალო მოწმეების: ზ. მ-ს, ც. შ-ს და ა. მ-ს ჩვენებებით.

ლ. მ-ზე მიყენებული სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით, წინასწარი გამოძიების პროცესში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ლ. მ-ს მიყენებული აქვს თავის ქალას დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით 21 დღეზე მეტი ვადით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაინიშნა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დაზარალებულ ლ. მ-ს აღენიშნება თავის ტვინის დახურული ტრავმა, თხემის მიდამოში დაჟეჟილობა, კისრის ტრავმული რადიკულიტი, სისხლნაჟღენთები ბეჭის ორივე მხარეს; ესპერტიზის დასკვნის მიხედვით მაისურაძეს 2001წ. 10 იანვრის ტრავმასთან დაკავშირებით დაზიანება განვითარებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. დაზიანებათა ხასიათის (სისხლნაჟღენთი თხემის არეში, თავის ტვინის შერყევა) მხედველობაში მიღებით ექსპერტიზა არ გამორიცხავს დაზიანებათა განვითარების შესაძლებლობას სკამის ნებისმიერი ნაწილის უშუალო მოქმედებით _ დარტყმით ქალას სარქველზე.

სასამართლომ გაიზიარა რა სასამართლო-სამედიცინო და კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, განაჩენში სწორად მიუთითა, რომ ეს დასკვნები ემთხვევა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს, მაისურაძის მიერ აღწერილ დაზიანებათა მიღების გარემოებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატის სხდომაზე მაისურაძის მკურნალი ექიმის ი. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ-სათვის ენცეფალოგრამის გაკეთება საჭირო არ იყო, რადგან მას ტრავმა სუსტ ფორმებში ჰქონდა მიღებული, ამ დროს კი სტრუქტურული ცდომა ექო-ენცეფალოგრამაზე მსუბუქი ტრავმის გამო არ აღისნიშნება, ამდენად, საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ამ ნაწილშიც პალატა არ იზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი ურთიერთშორის მომხდარი შელაპარაკების გამო მ-ს მიერ მაისურაძისათვის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი და მ-ს ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელიც შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

ამასთან, პალატა იზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოტივს დაზარალებულ ლ. მ-ს მიმართ მორალური ზიანისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ამოირიცხოს განაჩენიდან, როგორც უსაფუძვლოდ დაკისრებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენში მ. მ-ის მიმართ შევიდის შემდეგი ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხოს მ-სათვის ლ. მ-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდის დაკისრება. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.