საქმე ბს-430 (გ-19) 28 მაისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე:ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე ნ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოსა და თელავის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. გ-მა 18.10.2017წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2017წ. გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 10.07.2017წ. გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 11.08.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის 10.09.2003წ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. გ-ის საიჯარო უფლების რეგისტრაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგარეჯოს გამგეობასთან 10.09.2003წ. დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მას იჯარით გადაეცა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე 296 ჰა სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით. ხელშეკრულება, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოიჯარის 10.09.2003წ. განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს განცხადებების რეგისტრაციის რეესტრში N... რიგითი ნომრით. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელემ 04.07.17წ. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს 10.07.17წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იჯარის რეგისტრაციის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის წარდგენის საჭიროების საფუძვლით. სარეგისტრაციო სამასახურის 11.08.17წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში, თუმცა სააგენტოს 12.09.17წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე თვლის, რომ უდავოდ დასტურდება საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაცია მიწის მართვის სამმართველოში. ის, რომ შესაძლოა აღნიშნული მონაცემები არ არის დაცული მარეგისტრირებელი ორგანოს არქივში, შედეგად არ უნდა იწვევდეს მოსარჩელის უფლების დარეგისტრირებაზე უარის თქმას. საიჯარო ურთიერთობა წარმოიშვა 2003 წელს, ამ პერიოდიდან მოიჯარემ დაიწყო საიჯარო ხელშეკრულების საგნით სარგებლობა და საიჯარო მოსაკრებლის გადახდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 03.11.2017წ. განჩინებით ნ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასმართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი ორგანოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისი, რომელიც მდებარეობს ქ.თელავში. სსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ, სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის ადმინსიტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამდენად, განსჯადობის განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს არა გამოცემული აქტების შინაარსი და უძრავი ქონების მდებარეობა, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. სწორედ ორგანოს მდებარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საქმე განსახილველად. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 16.1 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დავაზე მოპასუხეები არიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დავის განხილვა უნდა მოხდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თელავის რაიონული სასამართლო.
თელავის რაიონული სასამართლოს 17.11.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, სსიპ ქონების მართვის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამავე სასამართლოს 20.12.2017წ. განჩინებით მესამე პირის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
თელავის რაიონული სასამართლოს 27.02.2019წ. განჩინებით ნ. გ-ის სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისა და განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლზე, სასკ-ის მე-2, 26-ე მუხლებზე, სსკ-ის მე-15, მე-16, მე-18, 20-ე, 21-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, დავის საგანს შეადგენს საგარეჯოს რაიონის, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და ამ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების - იჯარის რეგისტრაციის დავალება. ამდენად, მოსარჩელის საბოლოო მიზანია უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების მოპოვება და რეგისტრაცია, ყველა სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს. სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 5.1, 31.1 მუხლებზე, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერტორიული სამსახური - საგარეჯოს ფილიალი. მართალია ფილიალი უშუალოდ არ გამოსცემს უძრავ ნივთებზე კანონით განსაზღვრული უფლებების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუმცა გარკვეული მოცულობით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რაც დაკავშირებულია უძრავ ნივთზე ქონებრივ უფლებასთან, ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს - კახეთის რეგიონული ოფისის ადგილმდებარეობის მიხედვით სარჩელის განხილვა, გამოიწვევს სარჩელების თავმოყრას მხოლოდ ერთ სასამართლოში. სწორედ აღნიშულის გათვალისწინებით ამ სახის დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განისაზღვრა, რომ ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ საჯარო რეესტრთან დაკავშირებულ დავებში, განსჯადობა უნდა გადაწყდეს უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას (იხ. სუსგ ბს-439-436(გ-17), ბს-639-635(გ-17), ბს-952-943(გ-16), ბს-984-980(გ-17), ბს-1068-1062(გ-17), ბს-219-217(გ-17), ბს-715-711(გ-17)).
სასამართლომ აღნიშნა, რომ 17.11.17წ. განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. სსკ-ის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის საკითხის წამოჭრა შეუძლია ასევე მხარეს, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ამ საკითხზე, რა ეტაპზეც არ უნდა იყოს საქმის განხილვა. არაგანსჯადმა სასამართლომ სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად შესაძლოა განიხილოს საქმე, თუმცა ამაზე ორივე მხარემ უნდა გამოთქვას წერილობითი თანხმობა და რაც მთავარია, მოპასუხე უნდა იყოს თანახმა. თუკი მხარე საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე მიიჩნევს, რომ საქმეს იხილავს არაგანსჯადი სასამართლო, სასამართლომ უნდა განიხილოს აღნიშნული მხარის მიერ დასმული საკითხი და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის, მოპასუხე მხარის და ასევე მესამე პირის შუამდგომლობა და მხარეთა ერთობლივი განმარტება განსჯადობის საკითხზე არის საფუძვლიანი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმის განხილვა უნდა მოხდეს განსჯადობის სპეციალური წესების - ნივთობრივი განსჯადობის საფუძველზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ტერიტორიული სამსახური საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რაც არჩეული იქნა სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ არის უფლებამოსილი განიხილოს სარჩელი და საქმე ტერიტორიული განსჯადობის წესებით დაცვით ექვემდებარება სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამასხურის კახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებებს, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოს და კახეთის რეგიონალური ოფისის აქტების ბათილად ცნობას, უძრავი ქონებაზე იჯარის გავრცელების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ში, საგარეჯოს რაიონში ფუნქციონირებს აგრეთვე სააგენტოს საგარეჯოს ფილიალი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 5.1 მუხლის მიხედვით, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი (დებულების 6.2 მუხ.), ამასთანავე, ორივე ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე (დებულების 10.1, 10.4 მუხ.), ტერიტორიული სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებულები არიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე (დებულების 10.6 მუხ.). „დებულების“ მიხედვით, რეგიონალური ოფისისა და ფილიალის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება (30.1, 31.1 მუხ.), ორივე მათგანი უზრუნველყოფს სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობას (დებულების 30.2 მუხ. „გ“ ქვ.პ., 31.2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). მართალია ფილიალი უშუალოდ არ გამოსცემს უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის შესახებ აქტებს, თუმცა გარკვეული მოცულობით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, კერძოდ, იღებს განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს გარიგების მხარეების ხელმოწერებს, უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს კორესპონდენციებს, ასრულებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს (დებულების 31.2 მუხ.). თავის მხრივ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის საქმიანობის მიზანია სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება (დებულების 15.1 მუხ.), რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის, სააგენტოს მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, ხელს უწყობს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, დასახლებებსა და დასახლებების უბნებში მომსახურების პუნქტების რაოდენობის გაზრდას (დებულების 15.2 მუხ. „გ1“ ქვ.პ.). ამდენად, ფილიალი, როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების განმახორციელებელი ორგანო, იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს - დაინტერესებული პირის განცხადებას და თავის უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს აქტის გამოცემის მიზნით მიმდინარე წარმოებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. თავის მხრივ, სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების შესაბამისად დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება სსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი. ამ წესის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ში, ასევე ქ. საგარეჯოში მდებარეობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს ფილიალი (ჯაფარიძის ქ. N2), რომლის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება (დებულების 6.2 მუხ. „ლ“ ქვ.პ., 31.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავის საგანს შეადგენს საგარეჯოს რაიონის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და ამ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების - იჯარის უფლების რეგისტრაციის დავალება. მაშასადამე, მოსარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საგარეჯოს რაიონში მდებარე უძრავ ნივთზე - მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მოპოვება და რეგისტრაცია, სარჩელის ყველა მოთხოვნა მოსარჩელის ამ მიზნით არის დეტერმინირებული. შესაბამისად ტერიტორიული განსჯადობა ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა გადაწყდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფილიალების უფლებამოსილების შეზღუდვა, ფილიალების იურიდიული მისამართისა და უძრავი ქონების მდებარეობის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არ აქცევს არაგანსჯადად, რამდენადაც აღნიშნული გამოიწვევს რეგიონული ოფისების ადგილმდებარეობის მიხედვით იურისდიქციის მქონე სასამართლოების გადატვირთვას და ფილიალების ადგილსამყოფლის მიხედვით, სასამართლოების ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შეკვეცას, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.07.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 38.2 მუხლის თანახმად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, უძრავი ნივთი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანო - ფილიალი მდებარეობს სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რის გამოც დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება სასკ-ის მე-6 მუხლში მოცემული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს, შესაბამისად საქმე სიღნაღის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის ზემოაღნიშნული წესი მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ უძრავ ნივთებზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების რეგისტრაციის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე ვრცელდება.
რაც შეეხება თელავის რაიონული სასამართლოს მითითებას განსჯადობის წესზე მხარეთა მოსაზრებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე