ბს-978(გ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
ალექსანდრე წულაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ა-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ა-მა 30.07.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აფხაზეთის ა/რ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს - აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა სტატუსის მაძიებელ) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 11.06.2020წ. N26 ოქმის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 03.07.2020წ. N01 ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სამინისტროსათვის მოსარჩელის ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაბადებიდან - ... წლიდან ცხოვრობს აფხაზეთში, ქ. სოხუმში. მოსარჩელის მამა - ა. ა-იც დაბადებიდან, ... წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. სოხუმში, ხოლო დედა - რ. ა-ი ... წლიდან 2003 წლამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში (ამჟამად გარდაცვლილია). მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ. სოხუმში 2005 წელს დაამთავრა სკოლა, ხოლო 2012 წელს - საშუალო პროფესიული კოლეჯი. სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია, მასზე გაცემულია მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი. მოსარჩელის ნათესავები ცხოვრობენ თბილისსა და ახალქალაქში, ა. ა-იც ნახევარი წელია ქ. თბილისში ცხოვრობს და სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. სოხუმი. ნახევარი წელია რაც ჩამოვიდა ქ. თბილისში, მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოსთან სამართლებრივი კავშრის დადგენის თაობაზე. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რაიმე გარემოება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა აგრეთვე მშობლების ქორწინების მოწმობა და სსრკ პასპორტები, საიდანაც დასტურდება, რომ მშობლებმა ქ. სოხუმში იქორწინეს და იქვე ცხოვრობდნენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1991 წელს იყო ორი წლის და მის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა მშობლების საცხოვრებელი ადგილი - ქ. სოხუმი. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულ იქნა საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებების შეუსწავლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2020წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ერთ-ერთ საქმეზე (სუსგ 23.06.2016წ. Nბს-325-322(გ-16)) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფელია აგრეთვე ქ. თბილისი. ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ დავის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 439-ე მუხლი და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 14.08.2020წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 439-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო საქმეს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ა. ა-ის მიერ, რომელიც არ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რაც იმთავითვე გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას. საქმეს არ ერთვის მოსარჩელის მოქმედი დევნილის მოწმობის ასლი ან ცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის იძულებით დატოვების შესახებ. უფრო მეტიც, მოსარჩელე ითხოვს დადასტურდეს მისი ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და სოხუმისა და გაგრა-გუდათის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ა. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს განსჯადობის სპეციალურ წესს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. ადმინისტრაციული საქმეების ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. საერთო წესის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობა უმეტესად წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. სსკ-ის 439-ე მუხლით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესი, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს სსკ-ის 439-ე მუხლი, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, სსკ-ის 439-ე მუხლი აქცენტირებას აღარ ახდენს მოპასუხის ადგილსამყოფელზე და ადგენს, რომ დევნილთა დარღვეული/სადავოდ გამხდარი უფლებების შესახებ დავას განიხილავენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები, თუმცა იმ შემთხვევაში, უკეთუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არ არის იძულებით გადაადგილებული პირი სსკ-ის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესი არ გამოიყენება. განსახილველ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ა. ა-ს არ აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი იძულებით გადაადგილება არ დასტურდება, რაც გამორიცხავს სსკ-ის 439-ე მუხლის საფუძველზე განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. სოხუმი, საქმეში არ მოიპოვება დევნილობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი (დევნილის მოწმობა, კომპეტენტური ორგანოს ცნობა), ამასთანავე, ა. ა-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020წ. N3 დადგენილების 21-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო (1-ლი პუნქტი), რომლის უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება კონკრეტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, კერძოდ, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკის და ხაშურის მუნიციპალიტეტების, „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 08.05.2007წ. N4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, თვითმმართველი ქალაქის - თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე (მე-2 პუნქტი). ამდენად, 21-ე მუხლის თანახმად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე. აფხაზეთის ა/რ სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ა/რ ადმინისტრაციული ორგანოების დროებით, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.
21-ე მუხლისგან განსხვავებით, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილების განმსაზღვრელი მე-6 მუხლი ადგენს, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება ვრცელდება არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, არამედ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზეც. კერძოდ, ხსენებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების –ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე. 21-ე და მე-6 მუხლების შინაარსის ანალიზიდან დგინდება, რომ ხსენებული სასამართლოების უფლებამოსილება დამოკიდებულია მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება. ამასთანავე, მოსარჩელე არ არის საქართველოს მოქალაქე, ქ. სოხუმში მუდმივად ცოხვრების ფაქტის დადასტურება მოსარჩელეს სწორედ საქართველოს მოქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება. შესაბამისად, დავა სადავო სამართალურთიერთობაზე არც გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯადია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ორგანოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხი საჯარო-სამართლებრივ სფეროს განეკუთვნება, რომლის მიმართ მოქმედებს პრინციპი: „აკრძალულია ის, რაც არ არის დაშვებული“. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა, აღნიშნული გამორიცხავს განსჯადობით განსახილველი დავის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითება, რომ უდავოდ დასტურდება დავის ორივე მხარის დევნილის სტატუსი, არ არის დასაბუთებული და არ ეფუძნება საქმის მასალებს. ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს მიერვე მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2016წ. Nბს-325-322(გ-16) განჩინებაში სსკ-ის 439-ე მუხლთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ უკეთუ მოსარჩელეს მინიჭებული არ აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, გამოირიცხება მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურიდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობა. ამდენად, დავა განსჯადობით არ არის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ქვემდებარე.
განსახილველ შემთხვევაში ა. ა-ის სარჩელზე მოპასუხეა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო, რომლის იურიდიული მისამართი არის ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N16 (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 31.07.2019წ. N18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დებულების“ 1.7 მუხ.). სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020წ. N3 დადგენილების 11.2 მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის სარჩელი განსჯადობთ განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: ა. წულაძე
ქ. ცინცაძე