Facebook Twitter

საქმე №ბს-279(კ-20) 18 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ლ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენლები - 1) გ. ც-ე; 2) ე. წ-ე; 3) ს. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 23 მარტს ნ. ლ-იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ნ. ლ-იასთვის 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 05 თებერვლის MOD31800115175 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს მითითებული სადავო პერიოდი წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებოდა, შემდგომი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ. ლ-იამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ნ. ლ-იასთვის 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა მოითხოვა. ამასთან, 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ნ. ლ-იასთვის 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე ქ. ...ის ... ბატალიონში ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის წერილით ნ. ლ-იას ნამსახურობის პერიოდში ჩაეთვალა 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტოდან 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე და 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც აღიარებული იქნა ნ. ლ-იას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ მსახურობის სტაჟი - 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე. ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღიარებული იქნა ნ. ლ-იას 1993-1994 წლებში ქ. ...ის ... ... ბატალიონში და 1992-1993 წლებში ...-ე ბრიგადის მე-... ბატალიონში მსახურობის ფაქტი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის MOD 3 18 00115175 წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დამატებით განხორციელდა ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და მისმა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე, კერძოდ, დაფიქსირდა 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, 1992 წლის 3 სექტემბრიდან 1993 წლის 10 ივლისამდე, 1993 წლის 3 აგვისტოდან 1994 წლის 9 სექტემბრამდე, 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტოდან 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27ოქტომბრამდე პერიოდი.

2018 წლის 24 მაისს ნ. ლ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შემდგომში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მის ნამსახურობის პერიოდში 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის ჩათვლა მოითხოვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 31 მაისის MOD 8 18 00537091 წერილით ნ. ლ-იას 2018 წლის 24 მაისის წერილის პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხი გასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის №115175 წერილის სახით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ქ. სოხუმის I მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებით, ნ. ლ-ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე ნ. ლ-ია იყო კადრების განკარგულებაში. მითითებული პერიოდი საქართველოს რესპუბლიკის ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაში არ ფიქსირდებოდა.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანებით ნ. ლ-ია დაინიშნა შინაგანი ჯარების ... ...ის ... ...ის ... ...ის ...ად 1995 წლის 1 მაისიდან, თანამდებობრივი ხელფასით, თანახმად საშტატო ერთეულის კოეფიციენტით და მიენიჭა სამხედრო წოდება „...“.

ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხის თანახმად, სამხედრო ნაწილს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნ. ლ-ია 1995 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 3 იანვრამდე მსახურობდა ქ. ...ის საპატრულო ბატალიონში ... ...-... ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნ. ლ-იას ნამსახურობის სიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნ. ლ-ია მსახურობდა ...-ის ...-...ის და ... ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, 1995 წლის 1 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე. იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო ნაწილის ...-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20 ბრძანებით.

სამხედრო ნაწილის ...-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20პ/შ §2 ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, სამხედრო ნაწილი 2074-ის ჯავშანტექნიკის და საავტომობილო სამსახურის საწყობის უფროსი ... ნ. ლ-ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან იჯარების რიგებიდან, 1996 წლის 8 აპრილიდან, საბოლოო ანგარიშსწორებით.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის №38 პ/შ ბრძანებით შსს შინაგანი ჯარების განკარგულებაში მყოფი ნ. ლ-ია დაინიშნა ... ... ... ...ის (ს/ნ...) ...ის ... ...ის ... ...ის ...ად, ...ს თანამდებობაზე, 1996 წლის 3 იანვრიდან კონტრაქტის საფუძველზე. ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ნ. ლ-ია 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. ...ის ... ბატალიონში, ...ს წოდებით.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურსა და ნ. ლ-იას შორის 1995 წლის 27 ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე, 1 წლის ვადით, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

ს/ნ ...-ის მეთაურის დ. ღ-ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნ. ლ-ია ნამდვილად მსახურობდა ს/ნ ...-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე.

ნ. ლ-იამ 1996 წლის 6 სექტემბერს პირადი პატაკით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურს და მოითხოვა ... ...ის ს/ნ ...-ის ...ის ... რაიონიდან ს/ნ ...-ის რიგებში გადაყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებით, „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურე - შინაგანი ჯარების (ს/ნ ...) ... ...ოს ... ნ. ლ-ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2004 წლის 27 დეკემბრიდან.

წარმოდგენილი მასალებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ლ-ია გარკვეული წლები მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროებისა და სამხედრო სამსახურში და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით უნდა განხორციელებულიყო მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტა.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს ჰქონდათ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

ამდენად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლებოდა: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაშიან რეპრესირებული.

მოსარჩელისათვის კადრების განკარგულებაში ყოფნის, 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაში არ იყო შეტანილი. ამასთან, საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პირს რაიმე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულება ვერ დაეკისრებოდა, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები, რომელთა შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედგინა ნ. ლ-იას კონკრეტულ პერიოდში კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის ფაქტები. კერძოდ, ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, ამ ბრძანების საფუძველზე ნ. ლ-ია 1995 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 3 იანვრამდე მსახურობდა ქ. ფოთის საპატრულო ბატალიონში ... ...-... ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნ. ლ-იას ნამსახურობის სიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნ. ლ-ია მსახურობდა ...-ის ...-...ის და ... ...ის ...ის ....ის თანამდებობაზე, 1995 წლის 1 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო ნაწილის ...-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20 ბრძანებით. 1996 წლის 8 აპრილიდან ნ. ლ-იას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი დგინდებოდა სამხედრო ნაწილის ...-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20პ/შ §2 ბრძანებითაც.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის №38 პ/შ ბრძანებით, შსს შინაგანი ჯარების განკარგულებაში მყოფი ნ. ლ-ია დაინიშნა ... ... ... ...ის (ს/ნ...) ...ის ... ...ის ... ...ის ...ად, ...ს თანამდებობაზე, 1996 წლის 3 იანვრიდან კონტრაქტის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ს/ნ ...-ის მეთაურსა და ნ. ლ-იას შორის 1995 წლის 27 ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე, 1 წლის ვადით, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაზე, რომლის თანახმად, ნ. ლ-ია 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. ...ის ... ბატალიონში, ...ს წოდებით. იგივე შინაარსის მატარებელი იყო ს/ნ ...-ის მეთაურის დ. ღ-ს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, ნ. ლ-ია ნამდვილად მსახურობდა ს/ნ ...-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა არცერთ მათგანში არ იყო მითითებული ინფორმაციის საფუძველი, რაზე დაყრდნობით მომზადდა მითითებული დოკუმენტები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით საქმის მასალებით სადავო პერიოდში ნ. ლ-იას დამსაქმებელი ორგანიზაციისა და შესაბამისად, მისი თანამდებობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა და ვერ დადგინდა, მოსარჩელე კონკრეტულად სად მსახურობდა, აღნიშნულის გამო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ემსჯელა სადავო პერიოდის მოსარჩელის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით.

2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდთან დაკავშირებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებით, საქართველოს სამხედრო ძალებში (შინაგან ჯარებში) განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, შინაგანი ჯარების (ს/ნ ...) ... ...ოს ... ნ. ლ-ია ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან. შესაბამისად, 2004 წლის 27 დეკემბრიდან მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა შინაგან ჯარებში დასაქმებულ პირს. ამასთან, მართალია რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებული პირების, მათ შორის, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა წინა რიცხვით, მაგრამ აღნიშნული ბრძანების კანონიერების შესწავლა სცდებოდა განსახილველი დავის ფარგლებს და სასამართლომ სწორედ ბრძანების ამოქმედების თარიღიდან - 2004 წლის 27 დეკემბრიდან მიიჩნია ნ. ლ-იას შინაგანი ჯარების რიგებიდან დათხოვნილ მოსამსახურედ. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-იამ. აპელანტმა - ნ. ლ-იამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ლ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-იამ.

კასატორმა - ნ. ლ-იამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - ნ. ლ-იას განმარტებით, წინამდებარე საქმეში სადავო პერიოდის მისთვის ნამსახურობის წლებად ჩათვლის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სოციალური სარგებელი, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

კასატორის მითითებით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამავე კანონით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ სადავო პერიოდში იგი ფაქტობრივად ასრულებდა სამხედრო სამსახურს და შესაბამისად, არსებობს მისთვის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 20 კალენდარული წლის ჩათვლისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ნ. ლ-იასთვის 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 16 ივნისის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით ნ. ლ-იას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მას ნამსახურობის პერიოდში ჩაეთვალა 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტოდან 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი. ამასთან, წერილში მიეთითა, რომ სხვა მონაცემები, სამხედრო სამსახურის გავლის (1993-1994 წლებში ქ. ...ის ... ... ბატალიონში, 1992-1993 წლებში ...-ე ბრიგადის მე-... ბატალიონში და სავალდებულო სამსახურში) შესახებ არ მოიპოვებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ნ. ლ-იას მოთხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ჩათვლასთან დაკავშირებით (ტ. I. ს.ფ. 26).

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე, ნ. ლ-იამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ საქმეზე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც აღიარებული იქნა ნ. ლ-იას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ ნამსახურობის სტაჟი - 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე; ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღიარებული იქნა ნ. ლ-იას 1993-1994 წლებში ქ. ...ის ... ... ბატალიონში და 1992-1993 წლებში ...-ე ბრიგადის მე-... ბატალიონში ნამსახურობის ფაქტი (ტ. I. ს.ფ. 27-39).

ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის MOD 3 18 00115175 წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დამატებით განხორციელდა ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და მისმა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე, კერძოდ, მასში დაფიქსირდა 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, 1992 წლის 3 სექტემბრიდან 1993 წლის 10 ივლისამდე, 1993 წლის 3 აგვისტოდან 1994 წლის 9 სექტემბრამდე, 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტოდან 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი. შესაბამისად, ნ. ლ-იას კვლავ უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე (ტ. I. ს.ფ. 43).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ნ. ლ-იას მოწინააღმდეგე მხარის მიერ უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე იმ მოტივით, რომ მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ (19 წელი და 19 დღე) კალენდარულ წელს. შესაბამისად, კასატორის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება - 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს - 20 წლიანი ნამსახურობის ჩათვლის საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაციის მიღება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მითითებულ პერიოდებთან დაკავშირებით კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ ეს პერიოდი ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაში არ იყო აღნიშნული. ამასთან, სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პირს რაიმე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულება არ ეკისრებოდა, რის გამოც აღნიშნული პერიოდი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 26 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ლ-ია 1994 წლის 14 სექტემბრიდან გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში (ტ. I. ს.ფ. 27-39).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ნ. ლ-იას კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი არ უნდა ჩაეთვალოს ნამსახურობის წლებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ხოლო, ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

შესაბამისად, ცალსახაა, რომ კანონმდებლობა წელთა ნამსახურობის ათვლის დაწყებას უკავშირებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღის თარიღს, ხოლო ათვლის დასრულების მომენტია ის დღე, როდესაც სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან, ხოლო სამხედრო მოსამსახურის კადრში დატოვება ცალსახად ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით), სამხედრო მოსამსახურის კადრებში ჩარიცხვის პროცედურას და ეტაპებს ცალკე არ განსაზღვრავდა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ამ პერიოდში სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც №748 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ მე-6 მუხლი დამატებით ცალკე განსაზღვრავდა ოფიცერთა კადრების განკარგულებაში დატოვების პირობებს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ლ-იას კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის ფაქტი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით და საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სხვა სახის მტკიცებულება სადავო პერიოდში ნ. ლ-იას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის/გადადგომის თაობაზე, მოსარჩელისათვის ამ პერიოდის ჩათვლაზე უარის თქმა ცალსახად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კადრებში განკარგულებაში ყოფნის პერიოდის ნ. ლ-იასათვის ნამსახურობაში ჩათვლის საფუძვლიანობას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელიც დაეთანხმა, თუმცა მან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის მაქსიმუმ 4 თვის ჩათვლის შესაძლებლობაზე მიუთითა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, კასატორისათვის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდიდან მხოლოდ 4 თვის ჩათვლის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებით დადგენილი წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალურ ოთხთვიან ვადას, შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის გათვალისწინებით, ამ შემზღუდველი ნორმის გავრცელება ძველ სამართალურთიერთობაზე დაუშვებელია. უფრო მეტიც, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით) მე-6 მუხლის თანახმად, ოფიცერთა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა იყო მაქსიმუმ 5 წელი, რომელიც დამატებით კიდევ 5 წლით შეიძლება გაგრძელებულიყო. ამდენად, მართალია კასატორი ნ. ლ-ია, კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის ეტაპზე არ იყო ოფიცერი, თუმცა ამ პერიოდში, დღევანდელი კანონმდებლობისგან განსხვავებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 თვით არ განისაზღვრებოდა.

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ლ-იას კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის ფაქტი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო მისი სამსახურიდან დათხოვნის/გადადგომის შესახებ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ნ. ლ-იასთვის კადრების განკარგულებაში ყოფნის 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე სრული პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ამასთან, კასატორ ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობაში 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაზე, რომლის თანახმად, ნ. ლ-ია 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. ...ის ... ბატალიონში, ...ს წოდებით (ტ. I. ს.ფ. 150-170). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ „ნ. ლ-ის საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მიღების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ა. ჟ-ს მიერ 1997 წლის 9 აგვისტოს დამტკიცებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, 09.1996 წლის პერიოდისთვის ნ. ლ-ია მსახურობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქ. ...ის ...ში (I ტ. ს.ფ. 217-219). სასამართლო ასევე მიუთითებს ს/ნ ... -ის მეთაურ ვ/პოლკოვნიკ დ. ღ-ს მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, ნ. ლ-ია ნამდვილად მსახურობდა ს/ნ ...-ში - 03.01.1996 წლიდან 01.09.1996 წლამდე პერიოდში (ტ. I. ს.ფ. 282).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ საქმეში ნ. ლ-იას სამხედრო სამსახურში ყოფნის 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილია გარკვეულწილად არათანმხვედრი შინაარსის დოკუმენტები, თუმცა სასამართლომ უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება სწორედ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების და მხარეთათვის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით კერძოდ, კასატორ ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ა. ჟ-ს მიერ 1997 წლის 19 აგვისტოს დამტკიცებულ დასკვნისა და ს/ნ ... -ის მეთაურ ვ/პოლკოვნიკ დ. ღ-ს მიერ გაცემული ცნობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნ. ლ-ია 1996 წლის 08 აპრილიდან 1996 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში მსახურობდა ქ. ...ის ... ...ის ...ში, ხოლო ის გარემოება, რომ ნ. ლ-იას ნამსახურობის ნუსხაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, არ არის მითითებული მისი ...ის ...ში დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი, ვერ ჩაითვლება მისი ნამსახურობის პერიოდის აღიარებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლად. შესაბამისად, სახეზეა ნ. ლ-იას მოთხოვნის, 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, როგორც წინამდებარე საქმეში არის დადგენილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის MOD 3 18 00115175 წერილის შესაბამისად, ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობაში ჩათვლილი აქვს 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე პერიოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობაში დამატებით ჩათვლას უნდა დაექვემდებაროს 1996 წლის 8 აპრილიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის MOD 3 18 00115175 წერილის თანახმად, ნ. ლ-იას წელთა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე, შესაბამისად, ნ. ლ-იასთვის კადრების განკარგულებაში ყოფნის 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე პერიოდის და ...ის ...ში ყოფნის 1996 წლის 8 აპრილიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, კმაყოფილდება მისი კანონიერი ინტერესი და მისი წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 კალენდარულ წელს, რის გამოც აღარ იკვეთება საკასაციო სასამართლოს მიერ 2004 წლის 27 დეკებრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლის საკითხის შეფასების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ქმედების განხორციელებაზე უარი - კასატორ ნ. ლ-იასთვის წელთა ნამსახურობის 20 კალენდარული წლით დაანგარიშების შესახებ არის უკანონო და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-იას სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ლ-იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნ. ლ-იას სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მიზნით, დაევალოს ნ. ლ-იას ნამსახურობის პერიოდის 20 კალენდარული წლით განსაზღვრა;

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე