Facebook Twitter

საქმე #ბს-1045(კ-20) 17 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 1 ივნისს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით ნ. ნ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

2017 წლის 1 ივნისს ნ. ნ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ 256 კვ.მ ფართობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილების, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების #78 ოქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილებით განხორციელდა გ., კ. და მ. ნ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით #... (ნაკვეთის წინა კოდი - ...). რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია #... და #... საარქივო ცნობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გ., კ. და მ. ნ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაზუსტდა სარეგისტრაციო ობიექტის საკადასტრო მონაცემები, რის შედეგად მათ საკუთრებაში მოექცა საერთო სარგებლობის გზა, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელის სახლს და დამხმარე ნაგებობებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული საკადასტრო მონაცემებით განხორციელებული რეგისტრაციით მას ხელი ეშლება თავისუფლად ისარგებლოს დამხმარე სათავსოთი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაებნენ გ. ნ-ა, კ. ნ-ნი და მ. ნ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილება და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #78 ოქმი და მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩლეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ნ-ამ, კ. ნ-მა და მ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ნ-ამ, კ. ნ-მა და მ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, უძრავი ქონების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის, შესაბამის კომისიას სთხოვა, ადგილზე დათვალიერებით დაედგინა მ. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელობის საზღვარი. ადგილზე დათვალიერების შესახებ ოქმებით დადასტურდა უძრავი ქონების იდენტურობა. საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, მოთხოვნილ უძრავ ქონების რეგისტრაციასთან მიმართებით, ნ. ნ-ის მხრიდან რაიმე სახის ინტერესი არ გამოთქმულა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელეს თავისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილი გამოდის მთავარ გზაზე. საჩივრის თანახმად, კასატორების საკარმიდამო მიწის ნაკვეთში შესასვლელი ჭიშკრის გვერდით მდებარეობს ნ. ნ-ის რკინის ჭიშკარი, რომლითაც ეზო უკავშირდება საჯარო გზას და რომლითაც მოსარჩელე თავისუფლად სარგებლობს. ნ. ნ-ს საცხოვრებელი სახლი აშენებული აქვს კასატორების ეზოში შესასვლელის მხრიდან ზურგით და ეზო იმდაგვარად აქვს მოწყობილი, რომ ეზოს ნაწილი არ ესაზღვრება ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას და შესასვლელ გზას. ნ. ნ-ს კასატორების საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი გზით საცხოვრებელი სახლის აშენებიდან დღემდე საერთოდ არ უსარგებლია არა იმიტომ, რომ მას ამის საშუალება არ მისცეს, არამედ იმიტომ, რომ ნ. ნ-ს ამ გზასთან არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონია და მას საკარმიდამო მიწის ნაკვეთში აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი, ერთი შედის ეზოში, მეორე - ბაღში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავო გახადა და მოითხოვა 256 კვ.მ ფართობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილების, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის #78 დათვალიერების ოქმისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილება და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #78 ოქმი და მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩლეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - გ. ნ-ამ, კ. ნ-მა და მ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მესამე პირების მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლო შეზღუდულია წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებით.

რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ნ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არაერთგზის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები ცხადყოფდა, რომ მესამე პირების, მათ შორის, მოსარჩელე ნ. ნ-ის ნაკვეთი წარმოადგენდა მ. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და აღნიშნული რეგისტრაცია უშუალო და პირდაპირ გავლენას მოახდენდა მის კანონიერ ინტერესზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ნ. ნ-ი არ ყოფილა მიწვეული და ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში. გარდა აღნიშნულისა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, მ. ნ-ის სახელზე 2017 წლის 21 აპრილს განხორციელებული საკუთრების დაზუსტებული რეგისტრაციის პირობებში, ნ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის ფანჯრები და ეზოს ნაწილი უშუალოდ ემიჯნება გ., კ. და მ. ნ-ების საკუთრებად რეგისტრირებულ #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის მითითებით, გ., კ. და მ. ნ-ების საკუთრებაში ასევე მოქცეულია საერთო სარგებლობის გზა, რომელიც ესაზღვრება მის სახლს. აღნიშნული გარემოებები არ გამოკვლეულა და შეფასებულა არც მარეგისტრირებელ ორგანოში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების დროს და არც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, როდესაც 2017 წლის 1 მარტს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #78 ოქმი და დადგინდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით #... განსაზღვრული უძრავი ქონების იდენტურობა ი/მ ე. ვ-ას მიერ შესრულებულ ნახაზთან (ს/კ ...).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა უზრუნველყოფილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასება. ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო აქტების გამომცემამდე ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩაერთოთ ყველა დაინტერესებული პირი, მიეცათ მათთვის საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, დაედგინათ ჰქონდა თუ არა ადგილი მესამე პირების მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ ნაწილში - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... გადაწყვეტილებასა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #78 ოქმთან მიმართებით, საქმეზე დამდგარ შედეგს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის #ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის #ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნდა უფლებამოსილება განეხილა ნ. ნ-ის საჩივარი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შესაძლოა, არ იზიარებდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილების ნაწილში, თუმცა მხოლოდ მესამე პირების საკასაციო საჩივრის პირობებში შეზღუდულია საკასაციო საჩივრისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა. აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნება, სასამართლოს არ აქვს უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები აღმოჩნდებიან იმაზე ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე იმყოფებოდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, მხოლოდ მესამე პირების მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საკასაციო საჩივრის ფარგლებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო მესამე პირების მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება საკასაციო მოთხოვნის ფარგლებს, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 09.12.2020წ. საგადახდო დავალებით კ. ნ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. ნ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. კ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ნ-ას, კ. ნ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 09.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე