#ბს-1028(კ-20) 17 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 აგვისტოს მ. მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის განცხადებასთან დაკავიშირებით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სადავო, ტ. და ვ. მ-ების საკუთრებად რეგისტრირებულ, მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...) ყოველგვარი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვისა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის საფუძველზე, 15.07.2016წ. #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
სარჩელის თანახმად, 1997 წლის 18 თებერვალს „...ის“ მიერ მიწის ნაკვეთის #... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მ. მ-ს გადაეცა 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი #... . მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ მიწის ნაკვეთზე მას საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ შეამჩნია, რომ მის მიწის ნაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებდნენ მესამე პირები, რომელთაც განაცხადეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთში შეიძინეს ოფიციალურად. დოკუმენტაციის მოძიების შემდეგ, მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ 2006 წლის 24 მარტს დ. ვ-სა და ტ. მ-ს შორის დადებულა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი, საგამოძიებო ორგანოს მიერ კი, მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად. მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მიმდინარე გამოძიებისა, მესამე პირებმა ნებაყოფლობით არ დათმეს მიწის ნაკვეთი, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა კვლავ მიემართა სასამართლოსთვის მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი დავის საგნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ. მ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...) სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება აეკრძალა; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მ. მ. მ-ის განცხადება სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ტ. მ-ი და ვ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინებით მ. მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც, მართალია, სარჩელი დარჩა განუხილველი, თუმცა მოცემული დავისათვის გასათვალისწინებელია სასამართლოს დასკვნები. მოპასუხე ვალდებული იყო, სარეგისტრაციო წარმოებისას სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დასკვნების გაცნობის შემდეგ, შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება.
კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ მესამე პირების სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა მ. მ. მ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერი, რომლის პირობებშიც, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სარეგისტრაციო მასალის სრულად გამოკვლევის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრატორი დაადგენდა, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა 2005 წლის 23 სექტემბერს, ხოლო მესამე პირების - 2007 წლის 12 თებერვალს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ „...ის“ ...ს წარმომადგენლობის 1997 წლის 18 დეკემბრის #... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მ. მ-ს გადაეცა 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი #..., (სარეგისტრაციო მახასიათებელი: ზონა - მცხეთა, კოდი - ..., სექტორი - ...ი, კოდი - ..., კვარტალი -#..., ნაკვეთი - ..., ფართობი ჰექტრებში - 0.060 ჰა. დაუზუსტებელი). ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 10 მარტის საჯარო რეესტრის სააგენტოს ამონაწერის თანახმად, #... საკადასტრო კოდზე #... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 0/060 ჰა დაზუსტებული მიწის ნაკვეთზე, აზომვითი ნახაზის წარუდგენლად, დარეგისტრირდა დ. ვ-ის საკუთრების უფლება და გაიცა ახალი ამონაწერი, საკადასტრო კოდით #.... 2006 წლის 24 მარტს დ. ვ-ის, ვ. მ-სა და ტ. მ-ის შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, 2007 წლის 12 თებერვალს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელ ...ი, დაზუსტებული ფართობი - 600 კვ.მ, ს/კ #..., დარეგისტრირდა ვ. მ-ისა და ტ. მ-ის საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთი გასაჩივრებული აქტია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის #... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცახდებლის მოთხოვნა ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმეტების საფუძველზე, დარეგისტრირდა ვ. მ-ისა და ტ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ მესამე პირის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ცვლილებების თაობაზე განცხადება წარდგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მითითებით, მარეგისტრირებელ ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, სადავო რეგისტრაციით არ შეცვლილა მესამე პირთა სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობა, ფაქტობრივი მდებარეობა და საზღვრები.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ, როდესაც 2009 წლის 14 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი დ. ვ-ის სახელზე, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,600 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო მახასიათებელი: საკადასტრო ზონა - მცხეთა, კოდი - ..., სექტორი - ...ი, კოდი - ..., კვარტალი - #..., ნაკვეთი - #...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი, უძრავი ქონება უკვე წარმოადგენდა ვ. მ-ისა და ტ. მ-ის საკუთრებას, რომლებმაც აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინეს 2006 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო დ. ვ-ი სახელზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით კასატორ მ. მ-ის (მოსაჩელე) სარჩელი ტ. მ-ის, ვ. მ-ისა და დ. ვ-ის მიმართ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, დარჩა განუხილველი.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილებას, დადგენილია, რომ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მ. მ. მ-ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (საკადასტრო კოდი #...; მესაკუთრეები: ვ. მ-ი და ტ. მ-ი). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან სახეზე იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძველი და ვიდრე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოში არ იქნებოდა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირთა სახელზე რეგისტრირებული უფლების ძალაში არსებობა და მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების ზედდება მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამორიცხავდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. მ. მ-ს საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. მ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინება;
3. მ. მ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე