Facebook Twitter

საქმე №ბს-1214(2კ-20) 17 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. თ-ისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 31 ივლისს ნ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანებით მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, ხოლო 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანებით - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. პირველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ექიმთან და წარადგინა საავადმყოფო ფურცელი მოხსენებით ბარათთან ერთად, მიიღო გაფრთხილება. ამ დღეს, 2019 წლის 10 ივნისს შემოწმდა სამსახურში თანამშრომელთა გამოცხადება და 2019 წლის 13 ივნისს დაიწყო დისციპლინური წარმოება 10 ივნისის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. 2019 წლის 17 ივნისს მიიღო უმაღლესი შეფასება. 2019 წლის 20 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით აცნობა, რომ 10-19 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 2019 წლის 4 ივლისის მომზადდა დისციპლინური საქმისწარმოების დასკვნა, რომელშიც აისახა მისი გამოუცხადებლობის მიზეზები. ამასთან, დასკვნა ყველა სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ შეიცავს მასალებს, რითაც დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. ხოლო მეორე შემთხვევის დროს, ისე, რომ არ იყო ამოწურული გასაჩივრების ვადა და კანონიერ ძალაში არ იყო შესული 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება, შეეფარდა პასუხისმგებლობის უფრო მკაცრი ზომა - საყვედური.

ამდენად, მოსარჩელემ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანება.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება (გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში) და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 სადავო ბრძანებასთან მიმართებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნ. თ-ის განმარტება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თაობაზე ვერ იქნებოდა მიღებული მხედველობაში და ვერ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას დაგვიანების ფაქტი არ შეუთანხმებია უშუალო ხელმძღვანელთან, როგორც აღნიშნულს მერიის შინაგანაწესი მოითხოვდა, ხოლო განცხადება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ დაწერა 2019 წლის 10 ივნისს 14:45:25 საათზე საკუთარი მომხმარებლიდან, დაგვიანების სადავო პერიოდი კი, რის გამოც, მის მიმართ დისციპლინური სახდელი განისაზღვრა, წარმოადგენდა 2019 წლის 10 ივნისს 09:00 სთ-დან 9:30 წუთამდე პერიოდს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ. თ-ის რეჟიმი იყო ამბულატორიული, შესაბამისად, იგი არ იყო სტაციონარში მოთავსებული და სრული შესაძლებლობა ჰქონდა შეეთანხმებინა უშუალო ხელმძღვანელთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმთან ვიზიტის, შესაბამისად, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დადასტურდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება, რომლის არარსებობა დავაზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა, რის საფუძველზეც პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო გასაჩივრებული გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანება, რომლითაც ნ. თ-ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა „გაფრთხილება“, არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ვინაიდან არ იყო გასული მისი გასაჩივრების ვადა და არ იყო სამართალწარმოება დასრულებული, რითაც დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ნ. თ-ის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტისა და მის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცლის მიხედვით, 2019 წლის 10 ივნისს მის მიერ გაცდენილი სამუშაო დრო უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ და ამისათვის მას დისციპლინური სახდელი არ უნდა დაკისრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარათზე მითითებულია ამბულატორიული, იქვე მითითებულია, რომ „შეუდგეს მუშაობას 20 ივნისიდან“, რაც კასატორის მითითებით, გულისმობდა, რომ 10 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით იგი იყო შრომისუუნარო. ამასთან, კასატორის განმარტებით, დოკუმენტების მიხედვით დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო 2019 წლის 13 ივნისს, შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმაბა მითითებას, რომ მან მოხსენებითი ბარათი მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა, რაც შეიტყო, რომ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება.

ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მერიის შინაგანაწესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, თანამშრომელი დაგვიანების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს (და არა შეუთანხმოს) უშუალო უფროსს. მან, როგორც უშუალო ხელმძღვანელს, ისე მუნიციპალიტეტის მერს აცნობა რატომ დააგვიანა 10 ივნისის დილას.

კასატორი ასევე მიუთითებს დისციპლინური საქმისწარმოების იმ დარღვევაზე, როდესაც მას არ მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა განმარტება მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებაზე. კასატორი მიუთითებს კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევაზეც, რაც მისი მოსაზრებით, ასევე წარმოადგენს სადავო გაფრთხილების ბათილად ცნობის საფუძველს.

კასატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანება ძალაში არ იყო შესული, რადგან მისი გასაჩივრების ვადა არ იყო გასული. კასატორი მიუთითებს აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ამასთან, კასატორის მითითებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის საკითხი რეგულირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ნ. თ-ს აღნიშნული ბრძანება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით დაეწერა გასაცნობად 2019 წლის 5 ივლისს, რომელიც ნ. თ-ის მიერ ნანახია 2019 წლის 8 ივლისს, ხოლო მის მიერ დასრულებულია/ჩამოწერილია 2019 წლის 24 ივლისს კომენტარით „გავეცანი“. შესაბამისად, კასატორის მითითებით, ბრძანება ძალაში იყო.

ამასთან, კასატორის მითითებით, ნ. თ-ის ახსნა-განმარტებით დადასტურებულია/აღიარებულია მის მიერ შინაგანაწესის დარღვევა და მოთხოვნილია დარღვევის საპატიოდ ჩათვლა, რაც ასევე დადასტურებულია მოხსენებითი ბარათებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრისა და 24 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი დავის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს გაფრთხილების სახით დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანებისა და საყვედურის სახით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანების კანონიერება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამასთან, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა მოსარჩელის ნ. თ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, რის საფუძველზეც ნ. თ-ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,გაფრთხილება“. კასატორი - ნ. თ-ი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ძირითად საფუძვლად მიუთითებს 2019 წლის 10 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტზე, ასევე, დისციპლინური საქმისწარმოების პროცესში არსებულ დარღვევებზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნ. თ-ის განმარტება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თაობაზე ვერ იქნებოდა მიღებული მხედველობაში და ვერ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას დაგვიანების ფაქტი არ შეუთანხმებია და არც უცნობებია უშუალო ხელმძღვანელთან, როგორც აღნიშნულს მერიის შინაგანაწესი მოითხოვდა, ხოლო განცხადება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ დაწერა 2019 წლის 10 ივნისს 14:45:25 საათზე საკუთარი მომხმარებლიდან, დაგვიანების სადავო პერიოდი კი, რის გამოც, მის მიმართ დისციპლინური სახდელი განისაზღვრა, წარმოადგენდა 2019 წლის 10 ივნისს 09:00 საათიდან 9:30 საათამდე პერიოდს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლის მიხედვით, ნ. თ-ის რეჟიმი იყო ამბულატორიული, შესაბამისად, იგი არ იყო სტაციონარში მოთავსებული და სრული შესაძლებლობა ჰქონდა შეეთანხმებინა უშუალო ხელმძღვანელთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმთან ვიზიტის, შესაბამისად, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ფაქტი.

რაც შეეხება კასატორის - ნ. თ-ის მითითებებს დისციპლინური საქმისწარმოებისას არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებით არ დადასტურდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება, რომლის არარსებობა დავაზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა, რის საფუძველზეც მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანებით ნ. თ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ,,საყვედურის“ განსაზღვრის საკითხს, აღნიშნულის საფუძვლად მიეთითა დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მოხსენებითი ბარათი.

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ,,საყვედურის“ განსაზღვრის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა და არ არსებობს მოცემული საქმის სხვაგვარად გადაწყვეტის პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. თ-ისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე