საქმე #ბს-28(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბერის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 4 ივნისს მ. ა. ო-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული #... და #... საკადასტრო ერთეულებზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #986 განკარგულებით მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მიზეზით, რომ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ განმარტა, რომ საკითხის არსებითად განხილვა არ იყო შესაძლებელი.
მოსარჩელის მითითებით, აღიარების კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა მხოლოდ მისი 1 ოქტომბრის #161 და 2010 წლის 23 მარტის #187 საოქმო გადაწყვეტილებები, მ. ა. ო-ის განცხადებას კი საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის #14/12832 წერილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება. კერძოდ, 2016 წლის 23 მაისის #14/12832 წერილით მ. ა. ო-ისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეთხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ... და ს.კ. ...) გამოთავისუფლება, რათა აღიარების კომისიას განეხორციელებინა შემდგომი პროცედურები. მოსარჩელის მოსაზრებით, აღიარების კომისიას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისას არც თვითმმართველ ერთეულს და არც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ მიუთითებია, რომ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა, რომელიც წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე, მზად იყო ექსპლუატაციაში მისაღებად. გარდა ამისა, აზომვით ნახაზებსა და სიტუაციურ ნახაზზე შენობა-ნაგებობა არ იყო დატანილი, მაშინ, როდესაც ორთოფოტოზე და მით უფრო, მიწის ნაკვეთის აზომვისას, შეუძლებელი იყო შეუმჩნეველი ყოფილიყო შენობა-ნაგებობის არსებობა.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის #14/12832 წერილი წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ შეასრულა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნები წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მოპასუხეს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება.
2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #986 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მ. ა. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მ. ა. ო-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შუამდგომლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-2 ჩიხი, #4, ...ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 559 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შუამდგომლობა #... საჯარო აუქციონის, ლოტის ..., განაცხადი #..., შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა #... საჯარო აუქციონი, ლოტი ..., განაცხადი #..., გამყიდველი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #986 განკარგულება და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება #2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 600.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მ. ა. ო-ის 2015 წლის 6 ივლისის #14/12532 განცხადების არსებითად განხილვა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 ოქტომბრის #161 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ა. ო-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტი. 2015 წლის 6 ივლისის განცხადებით კი მ. ა. ო-იმ წარადგინა ორთოფოტო, სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემები, რის საფუძველზეც მოითხოვა სადავო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2015 წლის 6 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ იქნა ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენის თაობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის #14/12832 წერილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით შესაძლებელი იყო მოსარჩელისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც არსებობდა საკითხის არსებითად შეფასებისთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულის კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მ. ა. ო-ის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება. აღიარების კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #986 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მ. ა. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 ოქტომბრის #161 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ა. ო-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო კომისიის 2010 წლის 23 მარტის #187 საოქმო გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მ. ა. ო-ის უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტი. აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობის მახასიათებლებს.
ასევე დადგენილია, რომ მ. ა. ო-იმ 2015 წლის 6 ივლისს კვლავ მიმართა განცხადებით ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, ორთოფოტოს, სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის, საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის დასახლება #3-ის მიმდებარედ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-19 მუხლზე, რომლის შესაბამისად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობაზე, რომლითაც იაშა ახმედოვმა, ჯალილ მამედოვმა, აჟდარ დუნიამალი-ოღლიმ და რიზვან გასანოვმა დაადასტურეს, რომ მათი მეზობელი - მ. ა. ო-ი 1984 წლიდან ცხოვრობს ...ის დასახლება #3-ში და თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფლობს და სარგებლობს 600 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთით, რომელზეც აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და გაშენებული აქვს ხეხილის ბაღი. საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ამავე განცხადებაზე თანდართულ 2006 წლის ორთოფოტოზე, რომლითაც, აგრეთვე, დადასტურებულია შენობა-ნაგებობის არსებობა სადავო მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ 2006 წელს, ასევე შპს „...“-ის მიერ 2015 წლის 27 აპრილს მომზადებულ ტექნიკური დასკვნაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სახლის მდგრადობა კონსტრუქციული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია, ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან თავდაპირველად მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, განმეორებითი განცხადების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართულებით უნდა შეეფასებინა ახლად აღმოჩენილი ანდა ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც მ. ა. ო-ისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს ხდიდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით მუნიციპალიტეტის სახელზე არსებული რეგისტრაცია არ წარმოადგენს დაბრკოლებას მიწის ნაკვეთზე კონკრეტული პირის საკუთრების უფლების აღიარებისათვის, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის 2015 წლის 6 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი იქნა ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლოთ განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენის თაობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის #14/12832 წერილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, შესაძლებელი იყო მოსარჩელისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც არსებობდა საკითხის არსებითად შეფასებისთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა