საქმე #ბს-14(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 6 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს „...ი“, რაც დასტურდება შესაბამისი ფოტომასალით. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5006995117 დასვნის თანახმად, ხსენებული ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენს 1332 ლარს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან - 1273 ლარს.
მოსარჩელის აღნიშვნით, მოსარჩელისაგან მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის მითითებით, შპს „...ს“ ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით 32 314 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 1273 ლარის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „...ისათვის“ ქ. თბილისში, ...ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის სახელმწიფოს კუთვნილი ქონებით სარგებლობის გამო 2016 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ყოველი თვისათვის 1332 ლარის, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველი თვისათვის 1273 ლარის დაკისრება, ასევე, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა მოპასუხე შპს „...ისათვის“ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის საფასურის გადახდის დაკისრება, 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდისათვის, ჯამში - 57 569 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილსა და 102-ე მუხლზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „...ის“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებით სარგებლობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ ფოტოსურათების ასლები, რომლებიც დათარიღებული იყო 2017 წლის 2 აგვისტოთი. ამდენად, მითითებული ფოტოსურათების ასლები სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა რელევანტურ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „...ის“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტი, რის გამოც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, ამავე კანონის 49-ე მუხლის მეორე ნაწილზე, პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტავს, რომ შპს „...ი“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. აღნიშნული დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ არ იქნა გაზიარებული.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ორთოფოტოთი და ფოტომასალით დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. აღნიშნული ფოტომასალა კი სააგენტოში გადაგზავნილ იქნა სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და მტკიცებულების ავთენტურობის საკითხი ეჭქვეშ არ დამდგარა თავად მოსარჩელის მხრიდანაც. კასატორის მითითებით, სახელმწიფოს მიერ შექმნილი და წარდგენილი ნებისმიერი მტკიცებულება წარმოადგენს მაღალი ნდობით აღჭურვილ, და რაც მთავარია, ოფიციალურ მტკიცებულებებს. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს შეფასება ფოტომასალის წარმომავლობის დაუდგენლობის თაობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 21 ნოემბრიდან სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ითვლება სააგენტოს მიერ 2017-2018 წლებში მოპასუხისათვის გაგზავნილი და მის მიერ ჩაბარებული წერილები, რომლებითაც მოპასუხეს ეცნობა მის მიერ არამართლზომიერი სარგებლობის თაობაზე და დაკისრებული თანხების შესახებ ინფორმაცია, ხოლო შპს „...ის“ მიერ აღნიშნულის უარმყოფელი რამე სახის განცხადება გაკეთებული არ ყოფილა. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია სარჩელის უსაფუძვლობის შესახებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერი სარგებლობის გამო თანხის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
დადგენილია, რომ შპს „...ის“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებით სარგებლობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ფოტოსურათების ასლები, რომლებიც დათარიღებული იყო 2017 წლის 2 აგვისტოთი, თუმცა მათ არ ერთვოდა საამისოდ კომპეტენტური პირის მიერ შესრულებული და დადასტურებული განმარტებები ფოტოსურათების გადაღების ადგილისა და დაფიქსირებული მონაცემების შესახებ, არ ირკვეოდა, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო გადაღებული ისინი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ფოტოსურათების ასლები სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან სახეზე არ არის დამატებითი მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებას მის მიერ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ქონების არამართზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნის შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული შეტყობინებები ადრესატს ჩაბარებული აქვს არა ...ში, არამედ იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. #35.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა შპს „...ის“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა