Facebook Twitter

საქმე #ბს-1300(კ-20) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის #04/8505 გადაწყვეტილებისა და სს „...ის“ - ...ის 2019 წლის 19 მარტის #149 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის #04/25994 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ პაციენტების - თ. ბ-ის (4 220 ლარი, პერიოდი 2018 წლის 14 აგვისტომდე), ა. შ-ისა (1306.14 ლარი) და ს. ნ-ის (4 136 ლარი) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, სულ 9 662.14 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის #04/25994 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის #04/8505 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, არ მიუთითა კონკრეტულად რაში მდგომარეობდა სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული ხარვეზები, რის გამოც შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ აღნიშნული გარემოება არ გამოსწორდა არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, კერძოდ, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის #04/8505 გადაწყვეტილება მხარემ უფლებამოსილ პირთან გაასაჩივრა პაციენტების: თ. ბ-ის, ა. შ-ისა და ს. ნ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის #04/25994 გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის განმხილველმა ორგანომ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ მიუთითა, კონკრეტულად რა მტკიცებულება/გარემოება წარმოშობდა მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფდა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პაციენტ თ. ბ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, რამდენადაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

პაციენტ ა. შ-თან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ...ში მკურნალობდა 23.08.2018წ. – 06.09.2018წ. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით - გადაუდებელი თერაპია, დიაგნოზით - პნევმონია ჟ18.9; I თ0076 – I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით თ07-ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. დახურვის შემდეგ, არასწორად მოწოდებული კოდი - I თ0076, რომელიც გულისხმობს I დონის ინტენსიურ მკურნალობა-მოვლას ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარებისათვის, შეიცვალა ადეკვატური კოდით - I თ0041. პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ წარდგენილი ხანგრძლივობით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოწოდებული დიაგნოზით არ დასტურდება. კასატორის მითითებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმწოდებელს ასანაზღაურებლად წარდგენილი აქვს ჰოსპიტალიზაციის მე-11 დღეს დაფიქსირებული პროგრამული კოდი - გადაუდებელი თერაპია, დიაგნოზით - პნევმონია, რაც საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დასტურდება.

კასატორის განმარტებით, პაციენტი ს. ნ-ი მკურნალობდა ...ში. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებლის მიერ ბარძაყის ყელის მოტეხილობის გამო პროგრამული კოდის განთავსებისას გათვალისწინებულია 12 საწოლ/დღე დაყოვნება, კლინიკის მიერ ფაქტობრივი დანახარჯი წარდგენილია პროგრამულ კოდთან დაკავშირებული I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯებისა და ასევე II დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯების პროგრამული ტარიფის თითქმის ნახევარი ფაქტობრივი ხარჯით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის #04/8505 გადაწყვეტილებისა და სს „...ი“ - ...ის 2019 წლის 19 მარტის #149 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის #04/25994 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის სს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ პაციენტების - თ. ბ-ის (4 220 ლარი, პერიოდი 2018 წლის 14 აგვისტომდე), ა. შ-ისა (1306.14 ლარი) და ს. ნ-ის (4 136 ლარი) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, სულ 9 662.14 ლარის ანაზღაურების დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი თ. ბ-ე 30.07.2018წ.-დან 14.09.2018წ.-მდე მკურნალობდა სს „...ში“ - ...ში. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლა, დიაგნოზი I96.0 - სუნთქვის უკმარისობა. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლა წარდგენილი ხანგრძლივობით არ დადასტურდა. ინსპექტირების ეტაპზე, #... სამედიცინო შემთხვევას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პაციენტი ა. შ-ი 23.08.2018წ.-დან 06.09.2018წ.-მდე მკურნალობდა სს „...ში“ - ...ში. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900007, J18.9 (პნევმონია); NT0076 – I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი T07 - ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. დახურვის შემდეგ არასწორად მიწოდებული კოდი: INT0076, რომელიც გულისხმობს I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარებისათვის, შეიცვალა ადეკვატური კოდით - INT0041. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რასაც არ დაეთანხმა მიმწოდებელი და მოითხოვა სამედიცინო შემთხვევის სრულად განხილვა. ასევე, განისაზღვრა, რომ წარდგენილი შემთხვევა #1924436924 არ ანაზღაურდებოდა.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ს. ნ-ი 14.09.2018წ.-დან 15.09.2018წ.-მდე მკურნალობდა სს „...ში“-...ში. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: SUR1322626, დიაგნოზი: S72.0 - ბარძაყის ყელის მოტეხილობა, II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, 8000000011 (სისხლი და სისხლის კომპონენტები), დიაგნოზი: D64.9 - ანემია დაუზუსტებელი. შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. აღნიშნულ შემთხვევაში, მიწოდებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით, მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა წარდგენილი მომსახურების მოცულობას. #288121457 სამედიცინო შემთხვევას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ პაციენტ თ. ბ-ის შემთხვევაში I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა, პაციენტ ა. შ-ის შემთხვევაში - არასწორად მიწოდებული კოდი: INT0076, რომელიც გულისხმობდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარებისათვის, ადეკვატური კოდით - INT0041 შეიცვალა შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ, ხოლო პაციენტ ს. ნ-ის შემთხვევაში - სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა წარდგენილი მომსახურების მოცულობას. განმახორციელებლის მოსაზრებით, თ. ბ-ისა და ს. ნ-ის შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ხოლო ა. შ-ის შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რასაც არ დაეთანხმა მიმწოდებელი და მოითხოვა სამედიცინო შემთხვევის სრულად განხილვა, თუმცა განისაზღვრა, რომ წარდგენილი შემთხვევა არ ანაზღაურდებოდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა, კერძოდ, დასტურდება, რომ თ. ბ-ეს (შემთხვევა #...) დიაგნოზის სახით დაუდგინდა დიაგნოზი I96.0 - სუნთქვის უკმარისობა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1.2 დანართის მიხედვით, მითითებული დიაგნოზის შემთხვევაში გათვალისწინებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა - მოვლა, რისი განხორციელებაც/ჩატარებაც სადავო არ არის, გასაჩივრებული აქტებიდან კი ვერ ირკვევა, კონკრეტულად რა თვალსაზრისით არ აკმაყოფილებდა განსახილველი შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის პირობებს, მათ შორის, პაციენტის დიაგნოზის გათვალისწინებით, რატომ არ საჭიროებდა იგი გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას მითითებული ხანგრძლივობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

ა. შ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარება - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა გადაცემული იყო არა თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარებისათვის განკუთვნილი პროგრამული კოდით, არ არის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება შემთხვევის შესაბამისი პროგრამული კოდით ფიქსაცია. აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ვინაიდან გაწეული სამედიცინო დახმარება და მიწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს შეესაბამებოდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, მითითებული კოდი წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას თუ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რატომ არ ექვემდებარებოდა სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურებას.

ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მისი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პაციენტ ს. ნ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად რა თვალსაზრისით არ აკმაყოფილებდა სადავო შემთხვევა პროგრამის პირობებს, კერძოდ, წარდგენილი ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციით მოთხოვნილი თანხის მომსახურების მოცულობასთან შეუსაბამობა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 21.01.2021წ. #01688 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 25.02.2021წ. #05317 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟი - 183.10 ლარის ოდენობით, სულ - 483.10 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 338.17 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.01.2021წ. #01688 და 25.02.2021წ. #05317 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 483.10 ლარის 70 პროცენტი - 338.17 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა