საქმე #ბს-13(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 1 ივლისს კ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 6 დეკემბერს, რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2017 წლის 30 იანვარს #... მიმართვით მასალები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. კომისიამ 2019 წლის 30 აპრილის #1085 განკარგულებით კ. ღ-ას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელის მითითებით, უარის თქმის მიზეზად მითითებული იყო, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭებოდა და საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა ან მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან.
მოსარჩელის აღნიშვნით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე დგას არა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, არამედ საცხოვრებელი სახლი, რომლითაც იგი წლების განმავლობაში სარგებლობს. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, კანონში არ არის განმარტებული ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი დანიშნულების მქონე სახლი, განსხვავებით არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობისგან, რომელიც არ უნდა წარმოადგენდეს დროებით ნაგებობას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნაგებობა 1995 წლიდან უცვლელად იდგა მიწაზე, მისით სარგებლობდა წლების განმავლობაში, რასაც ადასტურებდნენ როგორც მეზობლები, ასევე, სხვადასხვა წლებში გადაღებული ორთოფოტოები.
მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ მისი შვილი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებული რეჟიმი, საარსებო პირობები და სხვა მოვლის საშუალებები. მისი განმარტებით, აღნიშნული გარემოება აღიარების კომისიამ არ გაითვალისწინა და მოსარჩელეს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაზე მიუთითა.
ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #1085 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის მე-3 ქუჩის ...-ში მდებარე ...ის მიმდებარე 193 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #1085 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა არ იძლეოდა რეალურ სურათს დასკვნისთვის, რომ შენობა დროებითი იყო, რომ მის ქვეშ არ არსებობდა მყარი კონსტრუქცია. კომისიის მიერ არ მომხდარა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაღალ მტკიცებულებით სტანდარტზე დაფუძნება, თუნდაც საკითხის შესწავლა ადგილზე დათვალიერებით, რაც, თავის მხრივ, მიუთითებდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ხარვეზზე. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობას გააჩნდა საძირკველი, რომელიც მყარი ბეტონისგან შედგებოდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს, რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებდა კომისიის მხრიდან საკითხის სრულყოფილად გამოკვლევასა და გადაწყვეტას. საქმეში არსებული მასალების ანალიზით ცალსახად არ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე დროებითი ნაგებობის არსებობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სადავო აქტი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების დანაწესებზე და მათზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა კ. ღ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო შენობის ამსახველი ფოტოსურათებისა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ცალსახად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთასებულია დროებითი (ხის) შენობა. რაც შეეხება შესაბამისი კვლევების საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ დასკვნას, ამგვარ მტკიცებულებად შესაძლოა მოიაზრებოდეს მხოლოდ ექსპერტის დასკვნა, რომელიც მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. გარდა ამისა, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას განცხადების განხილვის მიზნით მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითია არა დღეის მდგომარეობით, არამედ კანონის ამოქმედებამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც ვერ იქნება დადგენილი საკითხის განხილვის დროს ადგილზე დათვალიერების განხორციელებით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოკვეთილიყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ამასთან სასამართლოს არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის #1085 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის მე-3 ქუჩის ...-ში მდებარე ...ის მიმდებარე 193 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს კ. ღ-ამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის მე-3 ქუჩის ...-ში მდებარე ...ის მიმდებარე 193 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2017 წლის 30 იანვრის მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მასალები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. აღიარების კომისიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით კ. ღ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა. გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ ადმინისტრაციული პროცესის დროს წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, ფოტოსურათებითა და მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობის განთავსების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა არ იძლევა რეალურ სურათს დასკვნისთვის, რომ შენობა დროებითია, რომ მის ქვეშ არ არსებობს მყარი კონსტრუქცია. აღიარების კომისიის მიერ არ მომხდარა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაღალ მტკიცებულებით სტანდარტზე დაფუძნება, რაც თავის მხრივ მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზით ჩატარებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობას გააჩნია საძირკველი, რომელიც მყარი ბეტონისგან შედგება, რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მხრიდან საკითხის სრულყოფილად გამოკვლევასა და გადაწყვეტას. საქმეში არსებული მასალების ანალიზით ცალსახად არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე დროებითი ნაგებობის არსებობა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა-შესწავლა და განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ამასთან, დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ კ. ღ-ს განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში (სზ-2) იყო მოქცეული და მასზე ვრცელდებოდა სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც აღნიშნული საკითხი ყოფილა გამოკვლეული, კერძოდ, არ მომხდარა იმის შეფასება, თუ რამდენად იყო შესაბამისობაში კ. ღ-ას მოთხოვნა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამდენად, საკითხის ხელახალი განხილვისას მისი სწორად გადაწყვეტის მიზნით, აღიარების კომისიამ ყურადღება უნდა მიაქციოს სადავო მიწის ნაკვეთის სამართლებრივ სტატუსს და დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა ხსენებული სადავო მიწის ნაკვეთი მიწის იმ კატეგორიას, რომლის კერძო საკუთრებაში აღრიცხვის შესაძლებლობასაც გამორიცხავს მოქმედი კანონმდებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა