Facebook Twitter

№ბს-144(კ-19) 8 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - შორენა ბოჭორიშვილი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ. ქ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - გ. ნ-ე, ზ. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 იანვარს გ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთის ზ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე 2016 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის თაობაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა 1993 წლიდან დაიკავა ქ. თბილისში მეტროს სპეცსამსახურის და პედაგოგიური კოლეჯის მიმდებარედ 2280 კვ. მიწის ნაკვეთი. ხსენებული ფართობი იყო ხალხის მიერ თვითნებურად ნაგავსაყრელად ქცეული, რაც მოსარჩელემ გაასუფთავა, დაყარა მიწა, შემოღობა და დარგო მრავაწლოვანი ნარგავები, რომელებიც უკვე წლებია მსხმოიარეა და მოსავალს იძლევა, მოჰყავდა ასევე ბოსტნეული. 1997 წელს გ. ა-მა აიშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა, უვლიდა ნაკვეთს და დღემდე პატრონობს. გ. ა-ის განმარტებით, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად არის აღრიცხული და იხდის მიწის გადასახადს. მოსარჩელემ თავის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის მიზნით 2016 წლის 30 ნოემბერს განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ ზედდება იყო რეესტრის წარმოებაში არსებულ განცხადებებთან მიმართებით და სარეგისტრაციო წარმოება გაგრძელდებოდა №..., №... და №... განცხადებებზე წარმოების დასრულების შემდეგ. ამასთან, სიტუაციურ ნახაზზე მიეთითა რომ ზედდება იყო ს/კ №... რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან.

მოსარჩელის მითითებით, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გ. ნ-ის საკუთრებად. 2016 წლის 28 ივლისს სს ,,...მა” განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნით. იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა 9 საათსა და 17 წუთზე, ხოლო გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხსენებულ უძრავ ნივთზე ზ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი იქნა 28 ივლისს 18 საათსა და 48 წუთზე. ამავე წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ქონება დარეგისტრირდა ზ. ლ-ის საკუთრებად. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის სესხის უზრუნველყოფა მოხდა ხსენებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნივთის ღირებულება 5000 ლარი იყო დაფიქსირებული. 5000 ლარად ღირებული ქონება შეიძინა ზ. ლ-ემ 100 000 ასი ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხით, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, ქმნიდა ზ. ლ-ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობას. გ. ა-მა აღნიშნა, რომ გ. ნ-ეს არ გააჩნდა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არანაირი საფუძველი. ამასთან, ნაკვეთზე მდებარეობდა მოსარჩელისა და მისი მამის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი, რაც ნახაზზე არ იყო ასახული და ადმინისტრაციული ორგანო შეცდომაში იყო შეყვანილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა საჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკამყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე (ს/კ ...).

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ლ-ე და გ. ნ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ზ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატაში დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ გ. ნ-ის სახელზე სადავო ქონების - 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს და მოპასუხე მხარის მსჯელობა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე გ. ა-ს არ გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, ამიტომ იგი წარმოადგენდა სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე არაუფლებამოსილ პირს. პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ გ. ა-ი კანონით დადგენილი წესით ნამდვილად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, როგორც თვითნებურად დაკავებულს, ხოლო გ. ნ-ემ ეს სადავო უძრავი ნივთი უკანონოდ დაირეგისტრირა ისე, რომ მასზე არ გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, ასეთი რეგისტრაციით გ. ა-ს ერთმეოდა უფლება მიემართა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის და მოეთხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ. ა-ი მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს და მოპასუხე მხარის მსჯელობა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილება წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამიტომ დაუშვებელი იყო მისი ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. შესაბამისად, თუ დადგინდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ისე, რომ არ არსებობდა სადავო უძრავ ნივთზე გ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი, მაშინ იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იგი არღვევდა გ. ა-ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, კერძოდ, მას ერთმეოდა უფლება მიემართა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის და მოეთხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2, მე-8, მე-9 მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ისე მიიჩნია ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილება კანონიერად, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია, კონკრეტულად სადავო უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთზე) გ. ნ-ეს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ისე დაადგინა გ. ნ-ის მიერ მისი გარდაცვლილი მამის - იოსებ ალექსის ძე ნ-ისგან სადავო უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების ფაქტი, რომ არ გამოიკვლია, ი. ნ-ეს ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გარდაცვალებამდე. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობებზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო საკითხის ხელახალი შესწავლის დროს უნდა გამოარკვიოს, გ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო თუ არა ზუსტად ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მამას, როგორც მამკვიდრებელს, გააჩნდა საკუთრებაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაკითხულ იქნენ სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მცხოვრები მოქალაქეები თ. ქ-ე და ე. შ-ე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა გ. ა-ი, მანამდე ფლობდა მისი მამა, რომელმაც მიწის ნაკვეთზე დარგო ხეხილი და ნარგავები, ხოლო გ. ნ-ე და მისი მამა ამ მიწის ნაკვეთზე არასოდეს არ უნახავთ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყურადღება ასევე უნდა გაემახვილებინა მოწმეების ჩვენებებზე, თუ საჭირო იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეძახებინა და თავიდან მოესმინა იმავე ან/და სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ჩაეტარებინა ადგილზე დათვალიერება და ისე დაედგინა სადავო უძრავი ნივთის ნამდვილი მფლობელის ვინაობა. ამასთან, იმის დასადგენად, გ. ნ-ის მამა ფლობდა თუ არა კონკრეტულად სადავო მიწის ნაკვეთს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა შეესწავლა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ორთოფოტოები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები თუ სხვა მათთან დაცული წერილობითი ნახაზები და დოკუმენტაცია და მხოლოდ ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის ...ის ... ...ის ... ...ის თანამშრომელთა კოლექტიურ განცხადებაზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 1995 წლიდან ფლობდნენ გ. ა-ი და მისი მამა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, კერძოდ, არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუქტები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დუკუმენტები და არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ნ-ის სამკვიდრო ქონებაში აუცილებლად უნდა შესულიყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იქნებოდა საცხოვრებელი სახლი. კასატორი მიუთითებს რეგისტრაციის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 111 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან მიმართებით სასამართლო გასცდა მოქმედ კანონმდებლობას და სააგენტოს დააკისრა იმგვარი გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება, რაც არ აკისრია მარეგისტრირებელ ორგანოს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სააგენტოში დაცული არ არის რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც არ შეესაბამებოდა გ. ნ-ის მიერ წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტებს და გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას - 2016 წლის 21 ივნისს ნოტარიუს ა. მ-ის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - ...), იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - დუშეთის არქივის მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემულ №... საარქივო ცნობას, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 ივნისის №5090 წერილს, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს, სარეგისტრაციო ობიექტის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების - ჯ. კ-ისა და გ. ფ-ის სათანადო წესით დამოწმებულ თანხმობებს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და თავად მოსარჩელის პოზიცია, რომ მას თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული საკითხი და მიიჩნია, რომ მესამე პირს, რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით, იგივე სამართლებრივი სტატუსი უნდა მიენიჭოს, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უფლებამოსილ პირს. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც სააგენტოსათვის გახდებოდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო მოწმეთა ჩვენებების შეფასება. აღნიშნული მოწმეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვის პროცესში. შესაბამისად, სასამართლო შესაძლებლობა ჰქონდა თავად შეეფასებინა მათი ჩვენებები. ...ის ... ...ის ... ...ის თანამშრომელთა კოლექტიურ განცხადებასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტი სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად, ამდენად, სააგენტოს მიერ იგი ვერ იქნება განხილული როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს გ. ა-ის მიერ სააგენტოში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადზე ზედდება დაფიქსირდა არამხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთთან, არამედ წარმოებაში არსებულ შემდეგი განცხადებებით წარდგენილ მიწის ნაკვეთებთან: №... (05.08.2016წ.), №... (16.11.2016წ.) და ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე ქ. თბილისში, სოფელ ...ში, გოგებაშვილის სახელობის კოლეჯის მიმდებარედ 2280 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ დაფიქსირდა ზედდება წარმოებაში მყოფ განცხადებებთან და სარეგისტრაციო წარმოება გაგრძელდებოდა №... №... და №... განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდეგ. ამასთან, სიტუაციურ ნახაზზე მიეთითა რომ ზედდება აგრეთვე ფიქსირდებოდა ს/კ ...რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. დადგენილადაა ცნობილი, რომ ს/კ ...უძრავი ქონება - 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოპასუხის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული იყო გ. ნ-ის საკუთრების უფლებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ. ა-მა. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა 600 კვ.მ უძრავი ქონების გ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში გ. ა-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 600 კვ.მ უძრავი ქონების გ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში გ. ა-ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს აგრეთვე წარმოადგენდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ზ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუმცა აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე საქმეში დავის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დადგენა ზემოხსენებული აქტების კანონიერების შემოწმებას საჭიროებს.

დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, 2016 წლის 13 ივლისს გ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, სოფ. ...ში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2016 წლის 18 ივლისის №.. გადაწყვეტილებით გ. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა №..., დამოწმების თარიღი - 2016 წლის 21 ივნისი; 2016 წლის 31 მაისის №... საარქივო ცნობა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 ივნისის №5090 წერილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 ივნისის №5090 წერილის თანახმად დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული სოფელი ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2002 წლის მონაცემებით) მოქ. იოსებ ა. ძ-ეს ერიცხებოდა 0,13 ჰა მიწის ფართობი. 2016 წლის 21 ივნისის №... სამკვიდრო მოწმობის თანახმად დასტურდება, რომ გ. ნ-ე არის მამკვიდრებლის - ი. ნ-ის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი და მან სრულად მიიღო მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონება.

2016 წლის 31 მაისის AA20160445839-07 საარქივო ცნობის თანახმად მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1996 წწ. დათირიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად მითითებულია იოსები ალექსის ძე ნ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ი. ნ-ე - ოჯახის უფროსი 2. ვ. ნ-ე - ცოლი 3. გ. ნ-ე (ხაზია გადასმული) 4. ნ-ე იმედა გივის ძე - შვ. შვილი (ხაზია გადასამული) ორმაგ ჩაწერასთან დაკავშირებით, ამოწერილია სოფ. ...იდან 2/6-94 წ. 5. ზ. ნ-ე - შვ. შვილი (ხაზია გადასმული) ქ. თბილისი. ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1986-1987 წწ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1976/1938 წწ., საერთო ფართობი 65/20. 1988-1990 წწ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1976 წ., საერთო ფართობი 65 კვ.მ. 1986 წელს მიწა სულ 0,13, მათ შორის, შენობის ქვეშ 0,01. 1989 - 1990 წწ. მიწა სულ 0,13, მათ შორის, შენობის ქვეშ 0,01. ცნობის შესაბამისად, სოფელ ...ის 1997-2000 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწარილია გ. ნ-ე, კომლის შემადგელობაში ირიცხებიან 1. ი. ნ-ე - ოჯახის უფროსი 2. ვ. ნ-ე-ცოლი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებაოდა მიწა სულ 0,13 (წლები მითითებულიარ არის), საცხოვრებელი სახლი შესახებ მონაცემები არ არის. სოფელ ...ის 2001-2006 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო გ. ნ-ე (ხაზია გადასმული), ვარა ზაქარიას ასული ნ-ე, კომლს შემადგენლობაში ირიცხებოდნენ 1. ი. ნ-ე ოჯახის უფროსი (ხაზია გადასმული) გარდაიცვალა, 2. ნ. ვარ ზ.-ს ასული ცოლი, ქონებრივი მონაცემები მითითებული არ არის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებასწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევასა და შეფასებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, უნდა შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა (სუსგ. 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)).

მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოირიცხოს ყველა სხვა სუბიექტის საკუთრების კონსტიტუციური უფლებისათვის საფრთხის შექმნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ისევე როგორც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლი სახელმწიფოს აგრეთვე აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება საკუთრების უფლების ეფექტიანად დასაცავად.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გ. ა-ის საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე სათანადო წესით დადასტურებული არ ყოფილა, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთრების უფლებით აგრეთვე დაცულია პირის ლეგიტიმური მოლოდინი საკუთრების უფლების მომავალში მოპოვებასთან დაკავშირებით (დიდი პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“, საჩივარი №42527/98, §83). მოლოდინი კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმურია, თუ იგი ემყარება საკანონმდებლო დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება სადავო საკუთრებით ინტერესს (2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18768/05, §103). განსახილველ შემთხვევაში, გ. ა-ი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონით მინიჭებული საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, ვინაიდან, მისი განმარტებით გ. ნ-ის სახელზე სადავო აქტით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს 1993 წლიდან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გ. ა-ი წარმოადგენს დაინტერესებულ და შესაბამისად, სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულ 2016 წლის 31 მაისის AA20160445839-07 საარქივო ცნობაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ცნობის თანახმად, ნ-ეების კომლს ერიცხებოდა 0.13 ჰა ფართობის მქონე საკარმიდამო დანიშნულების მქონე ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 65 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის შემცველი საარქივო ცნობა წარმოადგენს რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ ერთ-ერთ საკმარის საფუძველს, თუმცა აუცილებელია დადგინდეს პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და შესაბამის ცნობაში მოხსენიებული ნაკვეთების იდენტურობა. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, გ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულია სოფელ ...ში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი. ზოგიერთი მათგანის რეგისტრაციის საფუძვლად აგრეთვე მითითებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 ივნისის №5090 წერილი და 2016 წლის 21 ივნისის №... სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, რეგისტრაციათა ნაწილზე უფლების დამდასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1992 წლის 20 აგვისტოს №395 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც გ. ნ-ეს გადაეცა ჯამში 5.5 ჰა ფართობის მქონე 4 სახნავი ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი გამოკვლევის ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო წესით უნდა დაადგინოს გ. ნ-ისათვის უფლების დამდასტურებელი დოკუმენტებით გადაცემული და მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ურთიერთშესაბამისობა. საკასაციო სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 31 მაისის AA20160445839-07 საარქივო ცნობის შესაბამისად, ნ-ეების კუთვნილ 0.13 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა - 65 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი, თუმცა გ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ არცერთ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა არ დგინდება, რაც დამატებით ადასტურებს საკითხის ხელახალი გამოკვლევის საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ გ. ნ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ჯ. კ-ისა და გ. ფ-ის წერილობითი თანხმობები, რომლებიც წინააღმდეგობაშია სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სხვა პირების (თ. ქ-ე და ე. შ-ე) ჩვენებებთან. ამასთან, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობასთან დაკავშირებით.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნაკვეთზე განთავსებული იყო მის მიერ 1997 წელს აშენებული ნაგებობა, რომელიც გ. ნ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე არ იქნა მითითებული და მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში იქნა შეყვანილი. საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ საექსპერტო დასკვნა და ფოტოსურათები ადასტურებენ სადავო ნაკვეთზე გარკვეული შენობის არსებობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი აგრეთვე საჭიროებს დამატებით კვლევას.

ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით, გ. ა-ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ. 25.05.2011წ. №ბს-1695-1651(კ-10), 14.07.2015წ. №ბს-408-403(2კ-14), საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ პროცესუალურ შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლიობაში უნდა განიხილოს საჯარო რეესტრში დაცული და მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები, ნაკვეთთა ფაქტობრივი, გეოგრაფიული მდებარეობა, სადავო ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის საკითხი და ვინაიდან გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კანონიერების პრინციპისა და აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის შეპირისპირების გზით მიიღოს თანაზომიერი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე