გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 77-აპ 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ხ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის განაჩენში ხ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის განაჩენით ხ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ხ. გ. სასჯელს იხდის 2002წ. 4 დეკემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აპრილის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: გ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით მისჯილი სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ხ. გ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2001წ. 21 ივნისს ქ. ცხინვალში მისთვის უცნობი პიროვნებისაგან შეიძინა 8 პაკეტად დაფასოებული 4,0 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და შეინახა მცხეთის რაიონის სოფ. ….ში, მშობლების ბინაში, საიდანაც იმავე დღეს იქნა ამოღებული.
აღნიშნული ქმედებისათვის ხ. გ-ს წინასწარი გამოძიების მიერ წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.
2001წ. 1 ოქტომბერს ხ. გ-მ ქ. ცხინვალის სასტუმროში გამოძიებით დაუდგენელი უცნობი პირისაგან კვლავ შეიძინა ექვს პაკეტად დაფასოებული 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და გადმოზიდა თბილისში. იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა მეტრო “მარჯანიშვილის” ტერიტორიაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც აღმოაჩნდა 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ხ. გ. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
შერაცხულ ქმედებაში მსჯავრდებულ ხ. გ-ს ბრალეულობა საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი და მას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის საშეღავათო გარემოება, რასაც მსჯავრდებული მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში, სახელდობრ ის, რომ ხ. გ. პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს სამი შვილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი და ხ. გ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განუსაზღვრა მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ხ. გ-ს შეფარდებული სასჯელი 1 წლით (4 წლამდე) შეუმცირა სააპელაციო პალატამაც. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა თვლის, რომ იმავე საფუძვლებით ხ. გ-ს მიმართ სასჯელის კვლავ შემსუბუქება მიზანშეუწონელია და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ამ მიმართებით.
ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენში ხ. გ-ს მიმართ უნდა შევიდეს შემდეგი შესწორება: მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო _ 2000წ. 24 ივნისიდან 2000წ. 3 აგვისტომდე, ე.ი. 40 დღე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნეს შესწორება: ხ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული დრო _ 2000წ. 21 ივნისიდან 2000წ. 3 აგვისტომდე; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.