გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 78-აპ 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის განაჩენი ა. შ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ა. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა ა. შ-ს დაეწყო 2002წ. 19 ივლისიდან.
განაჩენით ა. შ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, რასაც ადგილი ჰქონდა შემდეგ გარემოებებში:
ა. შ-მა 2000წ. სექტემბრის თვეში, ქ. თბილისში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და პირობებში, შეიძინა უნომრო ცეცხლსასროლი თვითნაკეთი ავტომატური იარაღი პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი და საბრძოლო ვაზნები, რომლებსაც შეძენის დღიდანვე ნაცვლად იმისა, რომ ჩაებარებინა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ... ქ. თბილისში. 2000წ. 21 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ა. შ-მა აღნიშნული იარაღი ჩაიდო საქამრეში და გამოვიდა ბინიდან ეზოში, სადაც იგი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკავებულ იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების მიერ. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც უნახეს და ამოიღეს თვითნაკეთი ავტომატური იარაღი და ორი ცალი ვაზნა.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა. შ-ზე ჩამორთმეული ავტომატური იარაღი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს და სროლისათვის ვარგისია, ხოლო ამოღებული 2 ცალი ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. შ. ითხოვს განაჩენით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, არის ხანდაზმული.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ა. შ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ა. შ-ს მიმართ არის კანონიერი. ამდენად, არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ა. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი აღიარებითი ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებული მასალებით. ა. შ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმის მიხედვით აქვს განსაზღვრული.
სსსკ-ს 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა. შ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მკაცრ და უსამართლო სასჯელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. შ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განაჩენი ა. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.