საქმე #ბს-57(2კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 ოქტომბერს ე. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2019 წლის 2 აგვისტოს #38829-2019-01 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბერის #04/50647 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ე. გ-ისათვის, წელთა ნამსახურობის სტაჟში განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდების ჩათვლით, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 2 სექტემბრის #260191/01 აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, 2006 წლის 21 მარტიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, ე.ი. სისტემიდან დათხოვნის დღემდე, წელთა ნამსახურობის ნუსხის მომზადებისა და შედგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სახელმწიფო კომპენსაციის განსაზღვრისა და დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ სამსახურიდან დათხოვნის დღეს არ ჰქონდა წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი, რაც უკანონო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელე არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას, რომ შეღავათიანი პერიოდი წელთა ნასახურობაში ჩაითვლება 20 კალენდარული წლის ზემოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 2 სექტემბრის #260191/01 აქტი; მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, 2006 წლის 21 მარტიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, ე.ი. სისტემიდან დათხოვნის დღემდე, წელთა ნამსახურობის ნუსხის მომზადება და შედგენა და სახელმწიფო კომპენსაციის განსაზღვრისა და დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგენა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2019 წლის 2 აგვისტოს #38829-2019-01 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბერის #04/50647 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ე. გ-ისათვის წელთა ნამსახურობის სტაჟში განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდების ჩათვლით, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მართალია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ორივე მუხლი (8.5 და 8.6 მუხლები) არეგულირებს პირის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების პირობებს, თუმცა მოცემული კანონის 8.6 მუხლი, სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით, ითვალისწინებს მხოლოდ საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლას, რაც გულისხმობს აღნიშნული პერიოდის 20 კალენდარული წლის ზემოთ ჩათვლას, სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, კანონის 8.5 მუხლი აქცენტს აკეთებს კალენდარულ წლებზე და იმპერატიულად განსაზღვრავს კომპენსაციაზე უფლების მოპოვების პირობას, შესაბამისად, იგი მიუთითებს 20-წლიანი კალენდარული ნამსახურობის არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო კანონის 8.6 მუხლი - საერთო წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე, რაც იმავე კანონის 8.5 მუხლით გათვალისწინებული უფლების მოპოვების შემთხვევაში, საბოლოოდ, აისახება დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის ოდენობაზე. შესაბამისად, თუ კანონის 8.6 მუხლი 20 კალენდარულ წელში ითვალისწინებს სწავლისა და შეღავათიანი პერიოდის ჩათვლას, სააგენტოსათვის გაუგებარია, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს 8.5 მუხლში მოცემულ სიტყვას - „კალენდარული“.
კასატორის განმარტებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშების გარეშე არ გააჩნია 20 კალენდარული წლის ნამსახურობა, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და გარდაცვალების გამო; განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც აქვთ ამ კანონის საფუძველზე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს; ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ-ეს გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური (2 წელი და 6 დღე), მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში (8 წელი, 6 თვე და 2 დღე), ხოლო შეღავათიანი პერიოდი შეადგენდა 7 თვესა და 6 დღეს. ამასთანავე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წელთა ნამსახურეობის ნუსხა/გაანგარიშების თანახმად, ე. გ-ე 2006 წლის 21 მარტიდან 2013 წლის 4 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულებაში სხვადასხვა თანამდებობაზე (7 წელი, 5 თვე და 13 დღე), შეღავათიანი პერიოდი შეადგენდა 2 წელს, 3 თვესა და 5 დღეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება. ამასთან, დასახელებული ნორმები ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას. შესაბამისად, არამართებულია კასატორის განმარტება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლთან მიმართებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა