საქმე #ბს-70(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 12 აპრილს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, სს „...ში“ პროგრამის ბენეფიციარებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ. მომსახურების გაწევა განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული პირობებისა და სამედიცინო შემთხვევების მართვისათვის დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რის სანაცვლოდაც, ცენტრს უნდა მიეღო პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, პაციენტი ს. შ-ა 2018 წლის იანვრის თვეში კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შემდეგი დიაგნოზით: გულის მწვავე უკმარისობა I50.1 – I დონის ინტენსიური მკურნალობა. ანაზღაურებას დაექვედებარა მხოლოდ თერაპიულ პალატაში მკურნალობის ეპიზოდი, თუმცა პაციენტის ინტენსიურ პალატაში მკურნალობის ხარჯები არ იქნა ანაზღაურებული, რადგანაც მიჩნეულ იქნა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდებოდა.
მოსარჩელე არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ საჩივარში წარდგენილი არგუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ სამედიცინო შემთხვევა უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის #04/42497 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 15 მარტის #04/13718 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე სს „...ის“ სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 975 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის #04/42497 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 15 მარტის #04/13718 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ პაციენტ ს. შ-ას ნამდვილად ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა აპელანტი მიიჩნევდა, რომ სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო თერაპიული კოდით, რომლისთვისაც ფიქსირებულად განსაზღვრულია ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
სააპელაციო პალატის აღნიშვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა არა გულის მწვავე უკმარისობიდან გამომდინარე (I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), არამედ გულის ქრონიკული უკმარისობის გამო, რაც გათვალისწინებული იყო გადაუდებელი თერაპიული კოდით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პაციენტი - ს. შ-ა (პ/ნ ...), როგორც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი #1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, სს „...ში“ 2018 წლის 8 იანვრიდან ამავე წლის 11 იანვრის ჩათვლით მკურნალობდა. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა გადმოცემულია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით I50.1 -/- მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) – I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. კასატორის მითითებით, საანგარიშგებო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზითა და ხანგრძლივობით არ დასტურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის #04/42497 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 15 მარტის #04/13718 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე სს „...ის“ სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 975 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტ ს. შ-ას შემთხვევა (შ/ნ ...) მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I50.1 -/- მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.
საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით და მას აღენიშნებოდა შემდეგი ჩივილები: სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ტაქიპნოე, ორთოპნოე, ქვედა კიდურების შეშუპება, დიურეზის შემცირება, გულის ფრიალი, პაციენტი ანამნეზში აღნიშნავდა არტერიული წნევის მაღალ ციფრებს (max T/A 190/110 mmHg). იღებდა შემდეგ მედიკამენტებს: კაპტოპრილი, ენაპ-H (არარეგულარულად). 6 წლის წინ გაკეთებული ჰქონდა კუჭის რეზექცია (იღებდა კრეზამს, ომეპრაზოლს), ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი (იღებდა გლუკოფაჟს, დიაბეტონს). ბოლო თვეების განმავლობაში გამოეხატა გულის უკმარისობის მოვლენები: ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება. კლინიკაში მიყვანამდე პაციენტის ჩივილებმა მიიღო მზარდი ხასიათი, შეუმცირდა დიურეზი, შეუშუპდა ქვემო კიდურები, ვერ შეძლო საწოლში ჰორიზონტალური მდებარეობის მიღება.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტ ს. შ-ას ნამდვილად ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა როგორც სასამართლო სხდომებზე გაჟღერებული პოზიციებიდან ირკვევა, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო თერაპიული კოდით, რომლისთვისაც ფიქსირებულად განსაზღვრულია ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების დანართი #1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები. აღნიშნული დანართის მიხედვით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ერთ-ერთი ქვეკომპონენტია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, რომლის 48-ე გრაფაში მითითებულია ICD კოდი I50, ხოლო ნოზოლოგიის დასახელებაა - გულის მწვავე უკმარისობა. ამასთან, ამავე დანართით განსაზღვრულია გადაუდებელი მდგომარეობების ქვეკომპონენტის სახით გადაუდებელი თერაპია, რომლის 24.16 გრაფის შესაბამისად, იმავე ICD კოდით I50 განსაზღვრულია ნოზოლოგია - გულის ქრონიკული უკმარისობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად გამოკვლევას საჭიროებდა ის გარემოება, რამდენად იყო სახეზე დიაგნოზი - გულის მწვავე უკმარისობა, რისთვისაც აუცილებელი იყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად (რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა) მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი მოქმედება, რაცც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა არა გულის მწვავე უკმარისობიდან გამომდინარე (I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), არამედ გულის ქრონიკული უკმარისობის გამო, რაც გათვალისწინებული იყო გადაუდებელი თერაპიული კოდით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 25.02.2021წ. #05306 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2021წ. #05306 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა