Facebook Twitter

საქმე #ბს-237(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 24 ივლისს გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის #04-1248/ო ბრძანების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის 2017 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე, გ. ბ-ასათვის გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის კონკრეტულ თანხაზე მითითებით დაანგარიშების თაობაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, გ. ბ-ა არის აზერბაიჯანის მოქალაქე, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 8 ნოემბერს იგი ამორიცხა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან და შეუწყვიტა საარსებო შემწეობის მიღება, რაც გ. ბ-ამ გაასაჩივრა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი; სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დააკისრა სტატუსის აღდგენა და შეწყვეტის დღიდან მიუღებელი საარსებო შემწეობის მიღება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტოს მიერ მისთვის დარიცხული საარსებო შემწეობის თანხის ოდენობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის #04-1248/ო ბრძანების მე-4 პუნქტი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე, გ. ბ-ასათვის გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის კონკრეტულ თანხაზე მითითებით დაანგარიშების თაობაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ას ოჯახს აღუდგა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და განისაზღვრა ოჯახისათვის მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარეების გაცემა 2017 წლის აგვისტოს თვიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პერიოდულად ახორციელებს სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას, რაც სხვა ოჯახებთან ერთად, შეეხო მოსარჩელის ოჯახსაც, რის საფუძველზეც, ოჯახში ვიზიტს განახორციელებდა სააგანეტოს უფლებამოსილი პირი და შეივსებოდა ოჯახის დეკლარაცია (რა დროსაც ჩერდება საარსებო შემწეობის გაცემა და გრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად), ოჯახის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა მიიღებდა თუ არა ოჯახი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დახმარებას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 12.8 მუხლზე, მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანების მე-5 მუხლსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის #01-68/ნ ბრძანებით შესულ ცვლილებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2017 წლის აგვისტოს თვიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, 23 თვის განმავლობაში მოსარჩელეს ერიცხებოდა ლტოლვილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2019 წლის ივლისის თვეში მიმდინარე თვის კუთვნილ სოციალურ დახმარებასთან ერთად (50 ლარი) ჩაერიცხა 2017 წლის აგვისტოს თვიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მისაღებ საარსებო შემწეობასა და მიღებულ ლტოლვილის ყოველთვიურ შემწეობას შორის სხვაობის სახით (50-45=5) 23 თვის ჯამური ოდენობა, სულ 165 ლარი (23X5=115+50=165).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ბ-ას ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. 2017 წლის 23 აგვისტოს წერილით გ. ბ-ას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მხარეს უფიქსირდებოდა სტატუსი - აზერბაიჯანის მოქალაქე, რის შესახებაც ოჯახს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სააგენტოსათვის არ უცნობებია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში გ. ბ-ას უფიქსირდებოდა დროებითი ბინადრობა, ოჯახს ცენტრალიზებულად გაუუქმდა რეგისტრაცია და შესაბამისად, შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარება 2017 წლის 18 აგვისტოდან. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ბ-ასთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა 2017 წლის 18 აგვისტოდან მიჩნეულ იქნა კანონშეუსაბამოდ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღედგინა მოსარჩელისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსი და აენაზღაურებინა შეწყვეტის დღიდან მიუღებელი საარსებო შემწეობა.

გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გ. ბ-ას მიმართ უნდა გავრცელებულიყო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს ავალდებულებს, რომ ლტოლვილები სახელმწიფო შემწეობისა და დახმარების სახით ისეთივე პირობებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც მოქალაქეები. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიმართ გაავრცელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #14/ნ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს შეეზღუდა სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, თუმცა აღნიშნული ხარვეზი მოგვიანებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღმოფხვრილ იქნა აღნიშნულ აქტში 2017 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ბ-ას ოჯახისთვის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებისა და მისგან გამომდინარე, საარსებო შემწეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის #04-1248/ო ბრძანების მე-4 პუნქტი („განხორციელდეს გ. ბ-ას (ს/კ ...) ოჯახისთვის ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის გაცემა 2017 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე, მიმდინარე თვის შემწეობის თანხასთან ერთად“). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მიუღებელი საარსებო შემწეობის ოდენობა, ვინაიდან, მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს აღუდგინა საარსებო შემწეობის გაცემა 2017 წლის აგვისტოს თვიდან, მაგრამ მიუღებელი 23 თვის საარსებო შემწეობის ოდენობა გამოიანგარიშა, როგორც სხვაობა საარსებო შემწეობასა და ლტოლვილის ყოველთვიურ შემწეობას შორის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა - მოსარჩელისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენა და შეწყვეტის დღიდან მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ არ მომხდარიყო გ. ბ-ასთვის რეგისტრაციის გაუქმება და ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, გ. ბ-ას ანგარიშზე ჩაერიცხა - 165 ლარი, რაც მოიცავს 23 თვის შემწეობის თანხას - 50 ლარს გამოკლებული ლტოლვილისთვის განსაზღვრული დახმარება - 45 ლარი, ასევე დამატებული ერთი თვის შემწეობა - 50 ლარი, რაც საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ შეესაბამება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი სს „...ის“ გ. ბ-ას ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, მას 2015 წლის 1 იანვრიდან სოციალური დახმარების მიმღები პირის სტატუსის შეწყვეტამდე ერიცხებოდა, როგორც საარსებო შემწეობა, ასევე ლტოლვილთა დახმარება ერთდროულად. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის ან ლტოლვილის დახმარების შეწყვეტა/შეჩერება არ მომხდარა რაიმე სხვა საფუძვლით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა