Facebook Twitter

საქმე #ბს-474(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 30 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - რ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ რ. ბ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო რ. ბ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შემდეგ მოძრავ ქონებებს, რეკვიზიტებით: 1. სახ. ნომერი - ..., მარკა/მოდელი - „...“, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1998, ვინ.შასი - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ..., რეგისტრაციის თარიღი - 05.10.2019წ; 2. სახ. ნომერი - ..., მარკა/მოდელი - „...“, ფერი - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 2001, ვინ.შასი - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ..., რეგისტრაციის თარიღი - 25.01.2020წ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა იმავდროულად, პალატამ ვალდებულების სახისა და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხესთან 15.09.2013წ. დადებული კონტრაქტი შეწყდა რ. ბ-ის პირადი პატაკის გამო, მას აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. შესაბამისად, მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავდა საფუძვლების დიფერენცირებას და 5 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი, რამაც განაპირობა კონტრაქტის შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ პირობებში, ჯარიმის 5 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სააპელაციო სასამართლომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #238 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის #264 დადგენილებით შესულ ცვლილებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კონტრაქტის პირობების დარღვევის პერიოდისათვის იმყოფებოდა მოცემული დადგენილების „დ“ ქვეპუნქტის მოქმედების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო სამინისტროსთვის აენაზღაურებინა საჯარიმო თანხა 5 000 ლარის ოდენობით. ამასთან, კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი წარმოადგენს არა მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულს, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის თანხის ანაზღაურება დაეკისრა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რ. ბ-ეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს ხსენებული უფლებამოსილების განხორციელებაზე კი, გავლენას არ ახდენს კასატორის მიერ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ამდენად, სააპელაციოს სასამართლოს მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 500 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანი და გონივრულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა