Facebook Twitter

საქმე #ბს-127(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 30 ივლისს ბ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 17 ივნისის #1573 განკარგულებით მას უარი უთხრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რის მიზეზადაც კომისიამ დაასახელა ის ფაქტი, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა და არ დგინდებოდა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. მოსარჩელის აღნიშვნით, კომისიამ ერთ-ერთ მიზეზად ისიც მიუთითა, რომ ბ. ვ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი ჰქონდა 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოსარჩელეს პრეტენზია აღარ განუცხადებია განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მფლობელობასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის მითითებით, აღიარების კომისიის განკარგულების უკანანობაზე მეტყველებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის #1853 განკარგულება და კომისიას ქ. თბილისში, სოფ, ...ში, ...ის ქ. #64-ში მდებარე 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

მოსარჩელის განმარტებით, კომისია დაეყრდნო არაოფიციალური პირის - დ. ლ-ის მერიაში გამოცხადებასა და განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ მტკიცდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ დაეყრდნო კომისია დ. ლ-ის განცხადებას, როდესაც საქმეში მოიპოვებოდა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები და 1992 წლიდან იჯარის გადახდის ქვითრები.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 ივნისის #1573 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ბ. ვ-ისათვის ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ქ. #64-ში, ს.კ. ..., თვითნებურად დაკავებული 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 ივნისის #1573 განკარგულება და მასვე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ ბ. ვ-ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარება არა მხოლოდ 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არამედ მთლიანობაში 3798 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოტივაცია, რომ ბ. ვ-ემ ერთხელ უკვე გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესში შემავალ სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #64-ში მდებარე 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა საკუთრებაში რეგისტრირებული 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ფართს, ბ. ვ-ეს თავიდანვე გააჩნდა იურიდიული ინტერესი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოეპოვებინა საკუთრების უფლება და ამდენად, ხსენებული ნორმატიული აქტის გამოყენებით მოსარჩელისათვის უფლების რეალიზაციაზე უარი მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 7 აგვისტოს #... აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ბ. ვ-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი 4441 კვ.მ, მოქცეულია ერთიან მყარ საზღვრებში (დღეის მდგომარეობით 4000 კვ.მ), დიდი რკინის ჭიშკრით, რომელიც კარგად ჩანს 2005 წლის ორთოფოტოზე (ქ. თბილისი, სოფ....ი, ...ის ქ. #64) განაშენიანებულია მსხმოიარე ხეხილ-ნარგავებით, ვაზის ხეივანი, შემოყვანილია ელექტრო ენერგია და სასმელი წყალი, აშენებული აქვს ნაკვეთში ორი კაპიტალური შენობა 17 კვ.მ და 13 კვ.მ. ასევე, ბ. ვ-ე დარეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში გადამხდელად, იხდის მიწის გადასახადებს დღემდე. მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით მოქცეულია ერთსა და იმავე დროს გაკეთებული, ხანდაზმულ, მყარ კაპიტალურ და ერთ მხარეს, შპს „...ოს“ კედლის ერთიან საზღვრებში. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა იმას, რომ უკვე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლების აღიარების ინტერესის სფეროში შემავალი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ერთიან მყარ საზღვრებში მოქცეულ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა მიმართ მოსარჩელეს იმთავითვე გააჩნდა საკუთრების უფლების მოპოვების ინტერესი.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა ბ. ვ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ ჰქონდა შესწავლილი და არ გაანალიზებული, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2015 წლის 11 ივნისის #440 საოქმო გადაწყვეტილება ეფუძნება დაინტერესებული პირის ნების გამოვლენას და სრულად შეესაბამება მისი მოთხოვნის ფარგლებს. შესაბამისად, მოთხოვნა საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდაზე იმ საფუძვლით, რომ იგი შეცდომაში იქნა შეყვანილი და აქედან გამომდინარე იძულებული იყო შეემცირებინა მოთხოვნა, რეალურად კი ფლობს და სარგებლობს უფრო მეტი ფართობის მიწის ნაკვეთით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მითითებით, კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ბ. ვ-ე, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის #... წერილობითი მომართვით გადმოგზავნილი განცხადების მოთხოვნის ფარგლებში, იგი ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქუჩა #64; საერთო ფართობი - 1461.00 კვ.მ, ს.კ. #...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 1207.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებას.

კასატორის მითითებით, ბ. ვ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას საკუთრების უფლების აღიარება წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაზუსტებული მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნილი იყო 1461.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2015 წელი) განმცხადებელი პრეტენზიას არ აცხადებდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ზოგადი საფუძვლებისა და მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ვ-ე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამ შემთხვევაში, კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ განმცხადებელს ამ კანონის ამოქმედებამდე გააჩნდეს საკუთრება/მართლზომიერი მფლობელობის უფლება და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ასევე, კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად ჰქონდეს დაკავებული მიწის ნაკვეთი, რაც განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 ივნისის #1573 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ბ. ვ-ისთვის ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ქ. #64-ში, ს.კ. ..., თვითნებურად დაკავებული 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს მოქალაქე ბ. ვ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, სადაც მიუთითა, რომ 1992 წლიდან ფლობდა მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით, ფართი შემოღობილი იყო და მასზე გაშენებული იყო მრავალწლიანი ნარგავები, იგი იხდიდა მიწის გადასახადს, ნაკვეთზე შეყვანილი ჰქონდა წყალი და სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის სხდომაზე განხილულ იქნა ბ. ვ-ის 2014 წლის 20 ნოემბრის #02/17372 განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობის ამსახველ #426 ოქმში კომისიამ მიუთითა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3798 კვ.მ-ს. სხდომაზე ბ. ვ-ემ განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 22 იანვრის #42 და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებების საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფსა და „...ს“ შორის 1992 წლის პირველ აპრილს 5 წლის ვადით დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მას იჯარით გადაეცა ...ისათვის გამოუყენებელი მიწის ფართი 0.3 ჰა-ს ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არც ერთმა მხარემ არ მოინდომა მისი შეწყვეტა და გაგრძელდა ურთიერთობა უვადოდ, იგი დღემდე იხდიდა მიწის გადასახადს. 2010 წელს უძრავი ქონება აღირიცხა საკადასტრო კოდით - .... ბ. ვ-ეს სურდა ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2015 წლის 5 ივნისის განცხადებით მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 1461 კვ. მეტრს. კომისიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (მდებარე - სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #64-ში, ფართით 1461 კვ.მ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე აღიარებულ იქნა ბ. ვ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ბ. ვ-ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარება არა მხოლოდ 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არამედ მთლიანობაში 3798 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნება გაზიარებული აღიარების კომისიის მითითება იმის თაობაზე, რომ ბ. ვ-ემ ერთხელ უკვე გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #64-ში მდებარე 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ფართს) ბ. ვ-ეს თავიდანვე გააჩნდა იურიდიული ინტერესი მასზე მოეპოვებინა საკუთრების უფლება. აღნიშნული უფლების რეალიზაციაზე უარი კი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

დადგენილია, რომ ბ. ვ-ეს უარი ეთქვა 1207 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქ. #64) იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა. ამასთან, მიეთითა, რომ არ დადგინდა საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიანი სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც არსებული მდგომრეობით. ასევე, მითითებულ იქნა, რომ ბ. ვ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას საკუთრების უფლების აღიარება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაზუსტებული მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნილი იყო 1461 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს (2015 წელი) განმცხადებელი პრეტენზიას არ აცხადებდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მართალია, ბ. ვ-ეს მისივე დაზუსტებული მოთხოვნის საფუძველზე საბოლოოდ გადაეცა იმ ფართზე ნაკლები, ვიდრე მას თავდაპირველად ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ აქარწყლებდა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ იგი ნამდვილად 1992 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით, ის რომ ფართი შემოღობილი და გაშენებული იყო მრავალწლიანი ნარგავებით, იხდიდა მიწის გადასახადს და შეყვანილი ჰქონდა ელექტროენერგია და სასმელი წყალი და რომ მას მაშინვე სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში უნდა ყოფილიყო შეფასებული ის ძირითდი საკითხები, რომელსაც კანონმდებლობა უწესებს განმცხადებელს, რამეთუ აღიარებული 1461 კვ.მ და მოთხოვნილი 1207 კვ.მ თავიდანვე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან მიწის ნაკვეთს, რომელზედაც თავიდანვე ერთი სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდებოდა.

ამასთან, საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 7 აგვისტოს #... აუდიტორიულ დასკვნას, რომლის თანახმად, ბ. ვ-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი 4441 კვ.მ, მოქცეულია ერთიან მყარ საზღვრებში დიდი რკინის ჭიშკრით, რომელიც კარგად ჩანს 2005 წლის ორთოფოტოზე (ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქ. #64) განაშენიანებულია მსხმოიარე ხეხილ-ნარგავებით, ვაზის ხეივანი, შემოყვანილია ელექტროენერგია და სასმელი წყალი, აშენებული აქვს ნაკვეთში ორი კაპიტალური შენობა - 17 კვ.მ და 13 კვ.მ. ასევე, ბ. ვ-ე დარეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში გადამხდელად, იხდის მიწის გადასახადებს დღემდე. მარლთზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით მოქცეულია ერთიან, ერთსა და იმავე დროს გაკეთებულ, ხანდაზმულ, მყარ კაპიტალურ და ერთ მხარეს, შპს „...ოს“ კედლის ერთიან საზღვრებში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ უკვე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლების აღიარების ინტერესის სფეროში შემავალი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთიან მყარ საზღვრებში მოქცეულ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა მიმართ მოსარჩელეს იმთავითვე გააჩნდა საკუთრების უფლების მოპოვების ინტერესი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღიარების კომისიის არგუმენები იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა ბ. ვ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, კომისიას არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგზე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა