Facebook Twitter

საქმე #ბს-95(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 31 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ი/მ რ. კ-ას მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. #41-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით (33.71 კვ.მ) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ი/მ რ. კ-ა, რაც დასტურდებოდა 2019 წლის 5 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5006192619 დასვნის თანახმად, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი უძრავი ქონებიდან 61 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული #4 შენობა-ნაგებობის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ, 2017 წლის 27 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 75 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 74 ლარს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან დასკვნის მომზადების მომენტისათვის - 81 ლარს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. სააგენტომ მიუთითა, რომ ი/მ რ. კ-ას ეკისრებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის საქართველოს სახელმწიფი ბიუჯეტში გადახდა 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით 237 ლარის ოდენობით, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 888 ლარის ოდენობით, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 972 ლარის ოდენობით და 2020 წლის იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 81 ლარის ოდენობით.

ამდენად, მოსარჩელემ ი/მ რ. კ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში 237 ლარის ოდეობით, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 888 ლარის ოდენობით, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 972 ლარის ოდენობით და 2020 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 81 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება და მოპასუხე ი/მ რ. კ-ას უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ის მიმდებარედ (ს.კ. ... და ს.კ. ... (წინა საკადასტრო კოდი ...)) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის - სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, ი/მ რ. კ-ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 11.10.2019) თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: ...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის #64258 სამსახურებრივი ბარათით კი დგინდებოდა, რომ გამიჯვნის რეგისტრაციის შედეგად #... საკადასტრო კოდი წარმოადგენდა ს.კ. ... კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას და შენობა #4 წარმოადგენდა #1 შენობას. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 26.06.2017წ.) თანახმად კი, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: ..., საერთო ფართით: 1314.00 კვ.მ) წარმოადგენს ნ. ჯ-ისა და გ. ხ-ის საკუთრებას. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეებსა და ი/მ რ. კ-ას შორის გაფორმებული იყო იჯარის ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი/მ რ. კ-ას საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ფიზიკურ პირებთან - გ. ხ-სა და ნ. ჯ-ესთან, სადაც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი/მ რ. კ-ას მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს, სააგენტოს მიერ ვერ იქნა სასამართლოში წარდგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს სააგენტოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქვიშის, სილისა და ხის მასალების განლაგება. კასატორის მითითებით, სასამართლომ, ასევე, უგულებელყო ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაადგინა ი/მ რ. კ-ას მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით სარგებლობის ფაქტი. ი/მ რ. კ-ას მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებები კი არ აქარწყლებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების ოქმს, ვინაიდან, მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობა არა თუ გამორიცხავს, არამედ ამყარებს სააგენტოს პოზიციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის თაობაზე. კასატორის განმარტებით, რამდენადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამიჯნული და გამოყოფილი არ არის, ცხადია, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთთან ერთად ხდებოდა, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით სარგებლობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, რის გამოც არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო ი/მ რ. კ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 27.09.2017წ.) თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 11.10.2019წ.) თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 11.10.2019წ.) თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის #64258 სამსახურებრივი ბარათით კი დგინდება, რომ გამიჯვნის რეგისტრაციის შედეგად დღეის მდგომარეობით #... საკადასტრო კოდი წარმოადგენს ს.კ ... კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას და შენობა #4 წარმოადგენს #1-შენობას.

საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი: 26.06.2017წ.) ასევე დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #41ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., საერთო ფართით: 1314.00 კვ.მ., წარმოადგენს ნ. ჯ-ისა და გ. ხ-ის საკუთრებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეებსა და ი/მ რ. კ-ას შორის გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება. გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულების ობიექტი - მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული #... (ყოფილი #...), #... (დღეის მდგომარეობით #...) და #... (დღეის მდგომარეობით #...) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ, რომელიც დადგენილი მყარი სასაზღვრო მიჯნით არ არის გამიჯნული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის მისი გამოყენების ფაქტი იმ პირობებში, როდესაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ რ. კ-ა ნამდვილად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ - ...ის ქ. #41ა-ში. ასევე, უტყუარად ვერ დასტურდება რ. კ-ას მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სარგებლობის ფაქტი, რადგან წარმოდგენილი ფოტომასალა, მოთხოვნის ამ ნაწილში, უტყუარად ვერ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, საგულისხმოდ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ ი/მ რ. კ-ა სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე არ საჭიროებს შენობით სარგებლობას და მას ასევე არ ჰყავს მუშები, რომლებიც ისარგებლებდნენ შენობა-ნაგებობით. იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ...ის ქ. #41ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით, რაც ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი საკასო აპარატის ჩეკით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ი/მ რ. კ-ასათვის გაფრთხილების წერილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, თავად მოწინააღმდეგე მხარე კი წერილების ჩაბარების ფაქტს უარყოფს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ რ. კ-ას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა გ. ხ-სა და ნ. ჯ-ესთან, სააგენტოს მხრიდან კი არ მომხდარა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა