საქმე #ბს-122(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 მაისს თ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის #473 (რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ვ-ას მოთხოვნა მისი აწ გარდაცვლილი დის - მ. ვ-ას მიერ 1970 წელს თვითნებურად აშენებული სახლის სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის #... და 2015 წლის 24 აპრილის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1984 წლის დეკემბრიდან ექიმად მუშაობს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის ამბულატორიაში. ...ის სასოფლო საბჭომ 1985 წელს ნ. გ-ის მფლობელობაში არსებული დაუზუსტებელი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან თ. ლ-ს, როგორც სოფლად მუდმივად მცხოვრებს, გამოუყო 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დარჩენილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, მიიღო ნ. გ-ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მაყვალა ლაფერაშვილი-მონასელიძემ, რომლისგანაც ხსენებული უძრავი ქონება მოსარჩელემ შეიძინა 1997 წლის 27 ივნისს, ვინაიდან ესაჭიროებოდა მისასვლელი გზა კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე. მოსარჩელის მითითებით, ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში თ. ლ-ის სახელზე (ს/კ ...). მოსარჩელემ 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 1986-1988 წლებში ააშენა საცხოვრებელი სახლი. 2015 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2015 წლის 29 იანვრის #... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. შეჩერების საფუძვლად მითითებულია სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 347 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მ. ვ-ას არასდროს ჰქონია მფლობელობასა და საკუთრებაში. შენობა-ნაგებობა, რომელიც უკვე საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, მხოლოდ 1987 წელს დაკანონდა ე. ვ-ას განცხადების საფუძველზე. სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ყოველი შემდგომი ტრანზაქცია უკანონოა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. მ-ი და ნ. მ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 23.12.1983წ. #806 დადგენილებით, მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, დაშვებულად იქნა მიჩნეული თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. იმის გათვალისწინებით კი, ვინაიდან მ. ვ-ას მიერ სოფელ ...ში აშენებული სახლი წარმოადგენდა 1970 წელს თვითნებურად აშენებულ ნაგებობას, დასაშვები იყო მისი დაკანონება თავად ამშენებლის ან მისი მემკვიდრის მიერ, რის გამოც გასაჩივრებული გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციები განხორცილებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც არ გაუქმებულა და ძალაშია.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 ნოემბრის #007626718 დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმად, საქმის მასალებში არ არის მოცემული 1987 წლის 25 დეკემბრის #473 გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებული 19,14 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და მასზედ მიმაგრებული მიწის ნაკვეთისა და 1996 წლის 12 ივნისის მიღება-ჩაბარების #... აქტში მოცემული 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გეგმა/ნახაზები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ხსენებული უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის #473 გადაწყვეტილებით ე. ვ-ასთვის მისი დის აწ გარდაცვლილი მ. ვ-ას მიერ 1970 წელს თვითნებურად აშენებული სახლისა და მოსარჩელე თ. ლ-ზე 1996 წლის 12 ივლისის გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ #... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაცემული 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა ემთხვევა თუ არა თინათინ და ნ. მ-ების მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული აქტით დადასტურებულია, რომ 1970 წლიდან მ. ვ-ას გარდაცვალებამდე ე.ი. 1979 წლის 19 აგვისტომდე, მ. ვ-ას სახელზე არ ირიცხებოდა არც საცხოვრებელი სახლი და არც მიწის ნაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც მ. ვ-ას მფლობელობაში იყო. ამასთან, იმ დროს თ. ლ-ს უკვე ჰქონდა აშენებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი გადახურვის ჩათვლით, რაც დასტურდება 1987 წლის 24 სექტემბერს დამტკიცებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტით. აღნიშნულით, აგრეთვე, დასტურდება, რომ თ. ლ-ს დღეის მდგომარეობით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს ზუსტად ის მიწის ნაკვეთი, რაც გამოეყო მას 1986 წელს და რომელ მიწის ნაკვეთზეც მიიღო სახლის მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, სრულად არის იდენტიფიცირებული თ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი.
კასატორის მითითებით, მ. ვ-ას სახელზე სოფელ ...ში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი რომ არ ირიცხებოდა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ახსნა-განმარტებებით. კასატორის განმარტებით, გარდაბნის რაიაღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის #473 გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ 19.14 კვ.მ სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაზე. მასში არ არის მოცემული რაიმე სახის ინფორმაცია შენობა-ნაგებობაზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის შესახებ. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გარდაბნის რაიონის სახ. დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის გაერთიანებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულია 19.35 კვ.მ საცხოვრებელი ოთახისა და 347 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მ. ვ-ას სახელზე, თუმცა სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის მოცემული, თუ აღმასკომის რომელი გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული ხსენებული დოკუმენტი.
კასატორის მითითებით, ...ის სასოფლო საბჭოს საარქივო მასალებში დაცულ 1973-1975 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ირიცხება მ. ვ-ა. ამასთან, ინფორმაცია კომლის ქონების თაობაზე არ არსებობს.
თ. ლ-ი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის #... წერილით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 იანვარს #... განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მონიშნული უძრავი ნივთი თანხვედრაშია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ...ი, ს/კ #..., 1 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მესაკუთრე - თ. ლ-ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა #118, გაფორმების თარიღი - 07.05.2007წ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 ნოემბრის #007626718 დასკვნა. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ 1987 წლის 25 დეკემბრის #473 გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლებრივ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ლ-მა 2015 წლის 26 იანვარს განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა 1996 წლის 12 ივნისის #... მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ...ი. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. შეჩერების საფუძვლად კი, მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაფიქსირდა ზედდება #... საკადასტრო ერთეულთან, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. მ-ის სახელზე. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რის გამოც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
განსახილველი დავის ფარგლებში ერთ-ერთი სადავო აქტია გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ვ-ას მოთხოვნა მისი აწ გარდაცვლილი დის მიერ 1970 წელს თვითნებურად აშენებული სახლის სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ და გარდაბნის ტექაღრიცხვის ბიუროს დაევალა მოეხდინა სოფელ ...ში 1970 წელს უნებართვოდ აშენებული სახლის (საცხოვრებელი - 19,14 კვ.მ) სამართლებრივი რეგისტრაცია. ასევე, გაეცა ცნობა სახლის მემკვიდრეობით გასაფორმებლად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1983 წლის 26 ოქტომბრის #160 სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, მ. ვ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო 347 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 19,35 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლზე. საქმეში დაცული 1983 წლის 27 ოქტომბრის #160 ცნობა-დახასიათებით დადასტურებულია, რომ ე. ვ-ას სანოტარო კანტორაში მემკვიდრეობის მისაღებად მიეცა ცნობა მ. ვ-ას საკუთრების შესახებ. სანოტარო კანტორაში მემკვიდრეობის მისაღებად საჭირო ცნობა ე. ვ-ას სახელზე გაცემულ იქნა სწორედ ზემოაღნიშნული 1983 წლის 26 ოქტომბრის #160 სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ...ის მებოსტნეობა-მეხილეობის ს/მეურნეობის დირექციის წერილის თანახმად, დირექცია თანახმობას გამოთქვამდა, სახლის მემკვიდრეობის გადაფორმების დროს მოქალაქე მ. ვ-ასაგან მის მემკვიდრეს ე. ვ-ას სოფელ ...ში დამაგრებოდა სახლთან მიმდებარე 0,04 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 23.12.1983წ. #806 დადგენილებით, სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს უფლება მიეცათ, მოეხდინათ, როგორც გამონაკლისი, 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელი იქნებოდა დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა და თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატებოდა 136 კვადრატულ მეტრს. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.1994წ. #156 დადგენილებით, „საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის #806 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: „1974 წლის სექტემბრამდე“ და „თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვ.მ-ს, მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი - 96 კვ.მ-ს“. ამდენად, ზემოაღნიშნული 23.12.1983წ. #806 დადგენილებით, მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, დაშვებულად იქნა მიჩნეული თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, ცალკეული გამონაკლისების გარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ. ვ-ას მიერ სოფელ ...ში აშენებული სახლი წარმოადგენდა 1970 წელს თვითნებურად აშენებულ ნაგებობას, დასაშვები იყო მისი დაკანონება თავად ამშენებლის ან მისი მემკვიდრის მიერ, რის გამოც გასაჩივრებული გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე თ. ლ-ის მიერ ასევე სადავოდაა გამხდარი თ. მ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, რომელმაც მოცემული ქონება ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო ე. ვ-ასაგან. ასევე გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. რეგისტრაციის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო რეგისტრაციები #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორცილებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც არ გაუქმებულა და ძალაშია. ამასთან, არ ყოფილა მითითებული ისეთ გარემოებებზე, რაც სადავო რეგისტრაციების საფუძვლად არსებული სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების უკანონობაზე მიუთითებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ლ-ს საკასაციო საჩივარზე 16.02.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ლ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. თ. ლ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა