საქმე #ბს-326(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 22 იანვარს ს. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს აფხაზეთის ომის ვეტერანს, რომელიც 1993 წლიდან მამასთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა თბილისის აეროპორტის სასტუმროს ტერიტორიაზე (...ი, ოთახი ...). 2015 წელს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გამოსცა #124 ოქმი, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში მოსარჩელის მშობლებისთვის გამოყო ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, თუმცა განაწილების დროს, კომისიამ მოსარჩელე არ გაითვალისწინა. ამდენად, მოსარჩელემ, როგორც მშობლებისგან დამოუკიდებელმა ადამიანმა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო ცალკე ოჯახად, ვერ მიიღო ვერც ცალკე საცხოვრებელი ფართი და არც მშობლებისთვის გადაცემული ფართის მაცხოვრებლად იქნა მოაზრებული. 2016 წლის 3 თებერვალს #586 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იგი საერთოდ არ ცხოვრობდა აეროპორტის დასახლებაში. შედეგად, მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა. მოსარჩელის მითითებით, სამინისტრო საკითხის თავიდან მოკვლევას აჭიანურებდა, შემდგომ კი დევნილთა საკითხების განმხილველმა კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბერს #39 ოქმით მოსარჩელეს იმავე მოტივით უარი უთხრა ბინით უზრუნველყოფაზე.
მოსარჩელის მითითებით, იგი ნამდვილად ცხოვრობდა თბილისის აეროპორტის სასტუმროში, რასაც ადასტურებენ მისი მეზობლებიც, თუმცა ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობების გამო, იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამინისტრო და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დამატებითი ხარჯების გამოყოფის თავიდან არიდების მიზნით არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და საქმეს სათანადოდ არ იკვლევენ.
ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2300/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და ს. მ-ას სარჩელთან მიმართებით მოპასუხედ მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2300/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2300/ო გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის #3/7322-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემობებისა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხემ გამოსცა სადავო აქტი, რომლითაც ს. მ-ას კვლავ უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ს. მ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ს. მ-ა 1996 წლიდან დევნილად დამისამართებული იყო ქ. თბილისში, სამგორში, აეროპორტის დას. „აეროპორტის სასტუმროს“ შენობაში. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოსარჩელის მეზობლების განმარტებით დასტურდებოდა მისი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი. ის გარემოება, რომ საცხოვრებელ ბინაზე ერთჯერადი გადამოწმების შედეგად მოსარჩელე არ იმყოფებოდა, არ წარმოადგენდა ამგვარი გარემოების უარყოფის საკმარის საფუძველს. ს. მ-ას რეგისტრაციის ფართის გარდა სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს და სახეზე იყო მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის უტყუარად დადგენას, ს. მ-ა ნგრევადი ობიექტის გამოთავისუფლების პერიოდისთვის ცხოვრობდა თუ არა ფაქტობრივად „სასტუმრო აეროპორტის“ შენობაში. სააგენტო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 3 სექტემბერს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #7 ბინა #122 განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, აღნიშნული ბინა ეკუთვნის ს. მ-ას მამას - ზ. მ-ას. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ს. მ-ა, თუმცა ზ. მ-ამ სააგენტოს თანამშრომლები სახლში არ შეუშვა. 2019 წლის 21 სექტემბერს მონიტორინგის თანამშრომლები სააგენტოს შენობაში გაესაუბრნენ ს. მ-ას, რომელმაც განმარტა, რომ მამასთან ერთად ჰქონდა დაკავებული ფართი სასტუმრო „აეროპორტში“, თუმცა როდესაც აღნიშნული შენობა დაიხურა და მონიტორინგის სამსახური ამოწმებდა იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების რაოდენობას, ს. მ-ა მისამართზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან საზღვარგარეთ იყო წასული. კასატორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოხდა მოსარჩელის საზღვრის კვეთის ფაქტის გადამოწმება, რაც არ დადასტურდა. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ ნგრევადი ობიექტის გამოთავისუფლების დროისთვის ს. მ-ა იქ არ ცხოვრობდა, განმეორებითი მოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ იგი ცხოვრობდა მამასთან ერთად ...ის ქუჩაზე და რეგისტრაციის ადგილის გარდა გააჩნდა ფაქტობრივი საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობდა კიდეც.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ს. მ-ას დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება კრიტერიუმების გარეშე, რადგან მოსარჩელე რეალურად არ ცხოვრობდა სასტუმრო „აეროპორტში“, რომელიც იყო ნგრევადი ობიექტი და რომელიც დახურულ იქნა 2015 წელს და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, რეალურად კი მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია იყო იმ ტიპის მტკიცებულება, რაც საკმარისი იყო მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის გამოსარიცხად. განსახილველ შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ, ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ. სააგენტოს მოსაზრებით, ვინაიდან ს. მ-ა არ ცხოვრობდა ხსენებულ შენობაში, მისთვის პრიორიტეტის მინიჭება და დაჩქარებული წესით კრიტერიუმების გარეშე მისი განაცხადის განხილვა იქნებოდა გაუმართლებელი და უთანასწორო მოპყრობა იმ დევნილების მიმართ, ვისაც უდგინდებოდათ კრიტერიუმების გათვალისწინებით შესაბამისი ქულები. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რა მოქმედება უნდა შეესრულებინა სააგენტოს, რომ საკითხი გამოკვლეულად მიჩნეულიყო, კასატორი არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის ზოგად მითითებას საკითხის არასათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2300/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. მ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძლებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა და იგი დევნილად რეგისტრირებულია თბილისში, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აეროპორტის სასტუმროს შენობაში. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე „აეროპორტის სასტუმროში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით. უფლებამოსილი კომისიის შეფასებით, აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მხოლოდ ზ. მ-ა და ს. ს-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდა ზ. მ-ასა და ს. ს-ის ოჯახის ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ამსახველი ოქმის თანახმად, „აეროპორტის სასტუმროს” ტერიტორიაზე მოსარჩელე ს. მ-ა არ დახვდათ. ოქმში მითითებულ იქნა, რომ მონიტოგრინგის დროს, ს. მ-ა იმყოფებოდა ერევანში. მას გააჩნდა საკუთრება ქალაქ ზუგდიდში (ს.კ. ..., ამჟამად მესაკუთრეა ვ. მ-ა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 3 თებერვლის #586 ბრძანებით, მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, ს. მ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
ასევე, დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #04-2300/ო გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის #3/7322-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემობებისა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. მითითებული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ სადავო საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გამოკვლევას უნდა დაქვემდებარებოდა ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად იყო აღიარებული, შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე დაევალა ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოეკვლია საკითხი იმის შესახებ, რეგისტრაციის ადგილის გარდა გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს სხვა გრძელვადიანი საცხოვრებელი, ყურადღება გაემახვილებინა იმ საკითხზე, რომ ქ. ზუგდიდში მდებარე ქონება 2015 წლის 24 აგვისტოდან არ წარმოადგენდა ს. მ-ას საკუთრებას, ხოლო უძრავი ქონების არამართლზომიერად (მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე) გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, თბილისის „აეროპორტის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა წერილობითი განმარტებებით დასტურდებოდა, რომ ს. მ-ა თბილისში, სასტუმრო „აეროპორტის“ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდა 1994 წლიდან. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხემ გამოსცა სადავო აქტი, რომლითაც ს. მ-ას კვლავ უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ს. მ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოსარჩელის მეზობლების განმარტებით დასტურდება მისი ქალაქ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე „აეროპორტის სასტუმროში“ ცხოვრების ფაქტი. ის გარემოება, რომ საცხოვრებელ ბინაზე ერთჯერადი გადამოწმების შედეგად მოსარჩელე არ იმყოფებოდა, არ წარმოადგენს ამგვარი გარემოების უარყოფის საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციის ფართის გარდა სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ს. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც მართლზომიერად ცხოვრობდა სასტუმრო „აეროპორტში“ (რომელიც იყო ნგრევადი, ხოლო დღეის მდგომარეობით იგი დანგრეულია), ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა სადავო აქტის კანონიერების საკითხი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა