Facebook Twitter

საქმე #ბს-100(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 17 სექტემბერს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ხონის მუნიციპალიტეტში, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ივლისის #04/40748 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 17 თვის მიუღებელი პენსიის, ჯამში - 3120 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა სამინისტროს და აცნობა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდება დ. მ-ის მიუღებელი პენსიის მიღება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.2019წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან პენსია გაიცემოდა მინდობილობით და ერთი წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება, მოხდა პენსიის გაცემის შეჩერება, განახლების შემდეგ კი, გაიცა ერთი წლის პენსიის ჯამური ოდენობა, დარჩენილი ოდენობის ანაზღაურებას კი, კანონი არ ითვალისწინებდა. სარჩელის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, არც ბანკს და არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იგი არ გაუფრთხილებიათ, მოქალაქისთვის არასდროს არავის განუმარტავს შეჩერების შედეგები და მიუღებლობის მიზეზები.

ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ივლისის #04/40748 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - დ. მ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 ნოემბრიდან - 2019 წლის 1 აპრილამდე, მიუღებელი პენსიის, ჯამში - 3 120 ლარის ანაზღაურება დაევალა.

ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სოციალური მომსახურების სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ხონის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სოციალური მომსახურების სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლისN#46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია ბენეფიციარის მიერ გასაცემლის ზედიზედ 6 თვის მანძილზე მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. ზემოაღნიშნული კანონის 16.2 მუხლისა და ამავე წესის 8.2 მუხლის შესაბამისად, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს ხონის რაიონულ განყოფილებას განცხადებით მიმართა დ. მ-ის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ა. ბ-ემ და მოითხოვა შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება. შესაბამისად, შეჩერებული პენსია განახლდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და დ. მ-ეს აუნაზღაურდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა (01.11.2016 წლიდან - 01.11.2017 წლამდე).

ამასთან, საკასაციო საჩივრის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნის, შეწყვეტის, ცვლილებისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე დ. მ-ეს ჯერ კიდევ 2015 წლის 1 სექტემბერს მიმართული განცხადების დროს ჰქონდა, თუმცა მოქალაქემ თავი აარიდა ამ გარემოებას. ამასთანავე, მოქალაქე დ. მ-ისთვის მხოლოდ განაცდური ერთი წლის პენსიის მიღების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა 2019 წლის მარტის თვეში, სახელმწიფო გასაცემლის განახლებაზე მიმართვის დროს და, შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მას ჩაერიცხა აპრილის თვეში, თუმცა მოქალაქემ საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა მხოლოდ 2019 წლის 19 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ დ. მ-ეს ასაკით პენსია დაენიშნა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან და პენსიის გაცემა შეუჩერდა 2016 წლის ნოემბრიდან იმ გარემოების გამო, რომ პენსიის გაცემა ხდებოდა მინდობილობით და ამ მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მოხდა მისი განახლება. 2019 წლის 14 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის ტერიტორიულ ერთეულს განცხადებით მიმართა დ. მ-ის ნდობით აღჭურვილმა პირმა - ა. ბ-ემ და მოითხოვა შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება, რაც დაკმაყოფილდა და მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2019 წლის 1 აპრილიდან, განახლდა მასზე პენსიის გაცემა. ამასთან, აუნაზღაურდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა (2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მას არ მიუღია 17 თვის პენსია (2017 წლის 1 ნოემბრიდან - 2019 წლის 1 აპრილამდე), რაც ჯამში შეადგენს 3120 ლარს. სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისთვის დანიშნული პენსიის შეჩერებისა და მიუღებლობის მიზეზების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუმარტავს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (30.11.2017წ. განჩინება, საქმე #ბს-575-572(კ-17)), რომლის თანახმად, კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით (18.07.2019წ. განჩინება, საქმე #ბს-625(კ-19)), პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება დ. მ-ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე, ხონის რაიონულ განყოფილებაში არ იძებნება დ. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს და დამდგარ შედეგს.

ამასთან, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება არც დ. მ-ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და არც აღნიშნული ინფორმაციის მოსარჩელისთვის ოფიციალურად გაცნობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. წერილობითი ფორმით გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა