საქმე #ბს-85(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 13 აპრილს კ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის 2013 წლის 19 აპრილის #60232 ხელშკრულებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის #1221 ბრძანების საფუძველზე, იგი გაწვეულ იქნა შეიარაღებულ ძალებში, დაინიშნა თანამდებობაზე და ახორციელებდა საქმიანობას გორში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ გაეცა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით თუკი იგი კონტრაქტის საფუძველზე 4 წლის ვადით იმსახურებდა. მოსარჩელის განმარტებით, მან იმსახურა ხელშეკრულების შესაბამისად, სარჩელის შეტანის მომენტისთვისაც ირიცხებოდა შიარაღებულ ძალებში და საქმიანობას ახორციელებდა გორში, მოპასუხე კი თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ფ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე კ. ფ-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების შესახებ განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელის არჩევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ. ფ-ის სასარგებლოდ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ კ. ფ-ს არ ეკუთვნოდა ერთჯერადი დახმარება ორი კონტრაქტის საფუძველზე, რამდენადაც 2011 წლის ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლამდე, ხოლო 2017 წლის ხელშეკრულების ვადა ჯერ არ იყო გასული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 19 აპრილის #60232 ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების არსებობა და წერილობითი ფორმის დაცვა, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლის მიმართაც კ. ფ-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 19 აპრილის #60232 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამხედრო მოსამსახურემ შეასრულა სრულად, რის შემდეგაც 2017 წლის 19 აპრილს ადმინისტრაციულმა ორგანომ კ. ფ-თან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც, იგი კვლავ სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 პუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება, სახეზე ერთდროულად უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები - 2009 წლის 1 მარტის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული და დასრულებული სამხედრო სამსახური ორი, ოთხი ან რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ამავდროულად კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა ჰქონდეს ნამსახურები საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
კასატორი აღნიშნავს, რომ კ. ფ-მა 2011 წელს გააფორმა „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის პირველი მარტის #441 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად, იგი დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 12 იანვრიდან.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას კანონიერ ნდობაზე და აღნიშნავს, რომ გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მხარეს კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემოდა ერთჯერადი დახმარება, ხოლო კანონმდებლობაში განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება. კერძოდ, ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი მიიჩნევს, რომ კ. ფ-ი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ფ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ხსენებული ბრძანების 471 „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ფ-ს შორის გაფორმდა „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ #44360 ხელშეკრულება (კონტრაქტი). კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენდა 4 წელს. საქართველოს თავდაცვის მინისტროს 2012 წლის 1 მარტის #441 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ...ის ...ის III ...ის II ...ის მესანგრეთა I ათეულის მეთაური (შტატი #...), უმცროსი სერჟანტი - კ. ფ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღბული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 12 იანვრიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად.
ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ფ-ს შორის გაფორმდა #60232 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ. ფ-მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამავე კონტრაქტის 5.1.2. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.
2017 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ფ-ს შორის გაფორმდა #1481/17 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ. ფ-მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მართალია, კ. ფ-ს არ ეკუთვნოდა ერთჯერადი დახმარება ორი კონტრაქტის საფუძველზე, ვინაიდან 2011 წლის ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლამდე, ხოლო 2017 წლის ხელშეკრულების ვადა ჯერ არ იყო გასული, თუმცა 2013 წლის 19 აპრილის #60232 ხელშეკრულების 5.1.2 პუნქტის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე 4 წლის ვადით იმსახურებდა.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამხედრო მოსამსახურემ შეასრულა სრულად, რის შემდეგაც 2017 წლის 19 აპრილს ადმინისტრაციულმა ორგანომ კ. ფ-თან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც, კ. ფ-ი დღეის მდგომარეობითაც სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7 000 ლარის გაცემის წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა