საქმე №ბს-54(2კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 18 ივლისს ე. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ნაწილობრივ გაუქმდეს ანუ ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის რ. ქ-ის მიერ 2016 წლის 15 იანვარს მიღებული №4 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ სარჩოს გადახდა; 2. გაუქმდეს ანუ ბათილად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის №193 ბრძანება, რომლის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი; 3. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სარჩოს დაბეგრილი ნაწილი - დღეის მდგომარეობით 2908,8 ლარი; 4. მოპასუხეს აეკრძალოს შემდგომში სარჩოს დარიცხვისას ნებისმიერი დაბეგვრა; 5. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისროს დღეის მდგომარეობით გაწეული მკურნალობის თანხის - 1865,06 ლარის გადახდა; 6. მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლიდან დღემდე, წლიური 2000 ლარის ფარგლებში მკურნალობის უზრუნველყოფა, 12000-1865,06=10134.94 ლარის ფარგლებში; 7. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მომავალში გასაწევი შესაბამისი ოდენობის - წლიური 2000 ლარის ფარგლებში, მკურნალობის თანხების გადახდა, რომლის ზუსტი ოდენობა განისაზღვება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ; 8. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მთავარი სპეციალისტის დანამატის (განაკვეთის - 790 ლარის 40%-ის) – 316 ლარის 70% - 221,2 ლარი X 48 თვეზე = 10617,6 ლარი; 9. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 1 იანვრიდან გადახდის დღემდე, 1400 ლარის 70%-ს, 980 ლარს - 533 ლარი = 427 ლარი ყოველთვიურად. დღეის მდგომარეობით, 427 X 18 = 7686 ლარი; 10. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად ფიქსირებული სარჩო 980 ლარის ოდენობით. საშტატო განაკვეთზე განსაზღვრული სახელფასო თანხების გაზრდის შემთხვევაში პროპორციულად გაიზარდოს სარჩოს თანხა. სახელფასო თანხის 70%-ის ოდენობით; 11. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაეკისროს საკუთარი ბრალით მოსარჩელის 30%-ით არ დასაქმებისათვის (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 32.1), 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, 331,8 ლარი X 48 თვეზე = 15 926,4 ლარი, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე, 1400 ლარის 30% = 420 ლარი. 420 ლარი X 18 თვეზე = 7560 ლარი. სულ 15926,4+7560=23486,4 ლარი; 12. მოპასუხემ უზრუნველყოს მოსარჩელის დასაქმება აღნიშნული 30%-ის ფარგლებში. დაუსაქმებლობის შემთხვევაში - 100% პროცენტით სარჩოს ანაზღაურება; 13. მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩოს ანაზღაურების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 31.3). დღეის მდგომარეობით 46563.86 ლარი X 0,07% X 1980 დღეზე (5 წელი და 6 თვე) = 64537.5 ლარი. მოპასუხის მიერ საკუთარი ბრალეულობით გამოწვეული მატერიალური ზარალი, რომელიც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით შეადგენს 46 563.86 + 64 537.5 = 111 101.36 ლარს; 14. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხის მიმართ მკურნალობის ხარჯების სრული ანაზღაურების და სხვა მატერიალური ზარალის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი შუმდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მიმართ მოსარჩელე ე. ფ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე უკან იქნა გახმობილი და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველი.
სარჩელის თანახმად, 2003 წლის 29 ნოემბერს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტში მუშაობისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაუდგინდა მუდმივი, ანუ უვადო შრომისუუნარობა და დაენიშნა სარჩო, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით, ხოლო სარჩოს ოდენობა განისაზღვრა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების (790 ლარი) 70%-ის ოდენობით. ის ასევე იღებდა სამკურნალო ხარჯებს, შესაბამისი პროპორციული გაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, იგი როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებდა გასამრჯელოს 237 ლარს და მკურნალობის ხარჯებს. მოპასუხის მიერ მიღებული 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტი და შესაბამისად შეწყდა აღნიშნული თანხების გაცემის პროცესი. ამის შემდგომ, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის და მოეთხოვა - აჭარის ა/რ მთავრობის აღიარება ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, მისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს გაცემის მხრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 28 ნოემბერს (საქმე №3-194/14, 010310014529439) მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საბოლოოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი ამ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით. სასამართლო აღმასრულებელმა აჭარის ა/რ მთავრობაში წარადგინა სააღსრულებო მიმართვა და ითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხემ 2015 წლის 23 დეკემბერს გამოსცა №239 განკარგულება, რომლის საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსს რ. ქ-ეს დაევალა მოსარჩელისათვის მხოლოდ სარჩოს გაცემის მიზნით განეხორციელებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. რ. ქ-ემ 2016 წლის 15 იანვარს მიიღო №4 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ სარჩოს გადახდა 553 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის №193 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელე ე. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 01 იანვრიდან - 2016 წლის აპრილის თვის ჩათვლით გადახდილი სარჩოს ზედმეტად დაბეგრილი თანხა 1642,4 ლარი; ე. ფ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - ე. ფ-ის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მითითებით, მოპასუხის მიერ მიღებული სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონს, მოპასუხემ არასწორად განმარტა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს (საქმე №3-194/14, 010310014529439) მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მოპასუხე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა აანაზღაუროს ყველა ის ზიანი, რაც ზოგადად კანონით არის დადგენილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - აჭარის ა/რ მთავრობის განმარტებით, მოსარჩელისათვის თანხის ჩარიცხვა და დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, აჭარის ა/რ მთავრობას თანხის დაბეგვრის ვალდებულება გააჩნდა მითითებული ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2003 წლის 29 ნოემბერს ე. ფ-ემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც მას დაენიშნა სარჩო და მკურნალობის თანხები. სარჩოსა და მკურნალობის თანხების გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს მიღებულ იქნა სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის კომისიის დასკვნები და შესაბამისი ბრძანებები. ხოლო აჭარის ა/რ შპს „...ას“ 2009 წლის 21 ოქტომბერს გაცემული აქვს სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის სსე-I 105346 ცნობა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაუდგინა მუდმივი ანუ უვადო შრომითი დასახიჩრება - შრომისუუნარობის ფაქტი. ამ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის დეპარტამენტს 2009 წლის 30 ოქტომბერს მიღებული აქვს №57 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მუდმივად დაენიშნა სარჩო, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით. იმავე ორგანოს მიერ 2012 წლის 13 აგვისტოს მიღებული №99 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს განესაზღვრა სარჩოს ოდენობა მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების - 790 ლარის 70 პროცენტის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებით 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებული იქნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტი, რის საფუძველზეც შეწყდა ე. ფ-ისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გადახდა.
ე. ფ-ის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3-194/14) აჭარის ა/რ მთავრობა აღიარებულ იქნა ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, ე. ფ-ისათვის სარჩოს ოდენობის ხელახალი განსაზღვრისა და უვადოდ გაცემის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანებით განსაზღვრული, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემაში. დადგენილია, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოიცა აჭარის ა/რ მთავრობის 2015 წლის 23 დეკემბრის №239 განკარგულება, რომლის თანახმადაც, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატს დაევალა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3-194/14) აღსრულებისა და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანებით განსაზღვრული, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის სარჩოს გაცემის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებისა და აჭარის ა/რ მთავრობის განკარგულების აღსრულებისათვის გამოიცა აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, რომლითაც ე. ფ-ეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის მიერ 2016 წელს დამტკიცებული ასიგნებიდან, უვადოდ დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 553 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნა ...ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანების მიხედვით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება გამოცემულ იქნა კანონმდებლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, უფლებამონაცვლემ იკისრა ის ვალდებულება, რა ფარგლებშიც ის ცნობილ იქნა უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა ე. ფ-ის მოთხოვნა სარჩოს აღდგენის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნული ასევე გამორიცხავს ე. ფ-ის იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან მკურნალობის თანხების ანაზღაურებას, რამეთუ ე. ფ-ისათვის სარჩოს ოდენობის ხელახალი განსაზღვრისა და მისი უვადოდ გაცემის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანებით, ასევე ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანებით დადგენილია მხოლოდ სარჩოს გაცემა, აღნიშნული ბრძანება არ შეეხება მკურნალობის ხარჯებს. ამავე ბრძანებებით განსაზღვრული სარჩოს გადახდის ვალდებულებები გადაეცა უფლებამონაცვლედ აღიარებულ აჭარის ა/რ მთავრობას, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის დამატებით, მკურნალობის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელისთვის მთავარი სპეციალისტის დანამატის გადახდისა და ხელფასის ზრდის პარალელურად სარჩოს გაზრდილი ოდენობით მიღების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რამეთუ აღნიშნული მოთხოვნები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
კასატორი - ე. ფ-ე ასევე ითხოვს აჭარის ა/რ მთავრობისათვის მის სასარგებლოდ 30%-ით დაუსაქმებლობის გამო ფულადი თანხის გადახდას ან დასაქმებას 30%-ის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ე. ფ-ე არ ყოფილა და არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში აჭარის ა/რ მთავრობასთან და მის მიმართ მთავრობას შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების ვალდებულება არ გააჩნია.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - სარჩოს ანაზღაურების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდას, სააპელაციო პალატამ, შრომის კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ასევე მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - გასული პერიოდის სარჩოს თანხის უკანონოდ დაბეგრილი ნაწილის დაბრუნებისა და შემდგომში ნებისმიერი დაბეგვრის აკრძალვის თაობაზე, საქართველო საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით ე. ფ-ეს გამოეყო 6636+6636+2212 ლარი, ჯამში - 15484 ლარი. კერძოდ: 2014 წელს - 553 X 12 = 6636 ლარი, 2015 წელს - 553 X 12 = 6636 ლარი, ხოლო 2016 წლის აპრილამდე 2212 ლარი, ჯამში - 15484 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ 2014 წლის შემოსავლიდან - 6636 ლარიდან დაბეგვრა არ უნდა შეხებოდა 6000 ლარს, ხოლო დასაბეგრი თანხა იყო 636 ლარი; ანალოგიურად, 2015 წლის შემოსავლიდან 6636 ლარიდან დაბეგვრა არ უნდა შეხებოდა 6000 ლარს, ხოლო დასაბეგრი თანხა იყო 636 ლარი; 2016 წლის აპრილამდე გაცემული თანხა - 2212 ლარი კი საერთოდ არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
დადგენილია, რომ ამავე პერიოდში ე. ფ-ემ მიიღო 13587,2 ლარი, სწორად დაბეგვრის შემთხვევაში კი მას უნდა მიეღო 15229.6 ლარი, შესაბამისად, დგინდება, რომ ზედმეტად დაიბეგრა 1642.4 ლარი (15229.6-13587,2=1642.4), რის გამოც მოპასუხეს - აჭარის ა/რ მთავრობას მოსარჩელე ე. ფ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის აპრილის თვის ჩათვლით გადახდილი სარჩოს ზედმეტად დაბეგრილი ნაწილი - 1642.4 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა