საქმე #ბს-96(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 26 თებერვალს ლ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მისი ოჯახი 1956 წლიდან ფლობს ქ. თბილისში, ...ის ქ. #6-ის მიმდებარე 917 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც აშენებულია საცხოვრებელი სახლი. 2012 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ მიმართა აღიარების კომისიას და ხსენებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. 2012 წლის 19 ივლისის #311 ოქმით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 131 კვ.მ ფართზე. მოსარჩელის მითითებით, მან გაასაჩივრა ოქმი და დაუკმაყოფილებელ ნაწილში მისი ბათილად ცნობა და დარჩენილ 786 კვ.მ-ზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ითხოვა.
2016 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მთლიანი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის #145 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა 917 კვ. მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარაზე.
მოსარჩელის მითითებით, კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, ვინაიდან მან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი იყო ერთიან სივრცეში და ერთიან ღობეში, ხოლო ნაწილი წარმოადგენდა მყარი სასაზღვრო მიჯნის მიღმა არსებულ ტერიტორიას, რომელზეც არ დასტურდებოდა რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა და წარმოების ფაქტი.
მოსარჩელის მითითებით, კომისიის მასალებში არსებული შპს „...ის“ 2015 წლის 31 ოქტომბრის დასკვნით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო მთლიანი ნაკვეთი, შემოსაზღვრული დასავლეთის მხრიდან ბეტონის ღობით და დანარჩენ მხარეს ბეტონის ფუნდამენტზე არსებული თუნუქის ღობით, ნაკვეთზე მდებარეობდა ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა და ფარდული. ლ. ქ-მა აღნიშნა, რომ მყარად შემოსაზღვრული ნაკვეთის შიგნით, გარკვეული ფართის გამოყოფის მიზნით შიდა ღობის არსებობა არ ნიშნავდა, რომ ნაკვეთი არ იყო ერთიანი.
მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ კომისიას არ დაუსაბუთებია მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მყარი მიჯნის გარეთ იყო და მასზე რაიმე სამუშაოების ჩატარების კვალი არ დასტურდებოდა. ეს საკითხი არ ყოფილა გამოკვლეული კომისიის სხდომაზე და არც კითხვები დასმულა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დროს.
ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის #145 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #6-ის მიმდებარედ, საერთო ფართით 917 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის #145 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ლ. ქ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტი არ ასახავდა ფაქტობრივი გარემოებების კვლევისა და დადგენის ფაქტს, დასკვნა მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით არ ემყარებოდა საქმეზე დადგენილ მტკიცებულებებს, საქმეში დაცული და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები იყო წინააღმდეგობრივი ხასიათის, რაც არ იძლეოდა სამართლებრივი შეფასების გაკეთების და იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, არსებობდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან სრული მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე დაუფლების ფაქტის გამომრიცხავი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლა. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო თუ არა ღობე და არსებობდა თუ არა იგი 2007 წლამდე (ორთოფოტოების, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე). ასევე, მას უნდა გამოეკვლია, რა ტიპის ნარგავები იყო განთავსებული მიწის ნაკვეთზე, ვის მიერ იყო ისინი დარგული და როდის. აღნიშნული მნიშვნელოვანი იყო სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან სარგებლობის ფაქტის დადასტურების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მოთხოვნილი კონფიგურაციით ლ. ქ-ის მიერ მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში არსებული ორთოფოტოებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ერთიან სივრცესა და ღობეშია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო ნაწილი მყარი სასაზღვრო მიჯნის მიღმა არსებული ტერიტორიაა, რომელზეც არ დასტურდება რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი. ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელემ თავად დაადასტურა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის ერთიან მყარ სასაზღვრო მიჯნაში (ერთიან ღობეში) არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ არსებული მიჯნა მოშალა 2016 წელს სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ დადგენილი გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ ლ. ქ-ი კანონის ამოქმედებამდე მთლიანად დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს.
კასატორის განმარტებით, შპს „...ის“ 2015 წლის 31 ოქტომბრის დასკვნით ასახულია აზომვითი სამუშაობის შესრულებისას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ლ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენასთან მიმართებაში.
ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს არგუმენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების არსებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების არსებობა არ ქმნის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოკვეთილიყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ამასთან, სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის #145 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #6-ის მიმდებარედ, საერთო ფართით 917 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 26 ივნისს მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ის ქ. #6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 917 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. 2012 წლის 19 ივლისს კომისიამ 59-ე საკითხად განიხილა ლ. ქ-ის 26.06.2012წ. განცხადება და გადაწყვიტა შემდეგი: მიწის ნაკვეთის ნაწილს (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #6-ის მიდებარედ) - 131 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა ლ. ქ-ს.
ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მთლიანი - 917 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, სასამართლო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. ქ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. #6-ის მიმდებარედ მთლიან 917 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის #145 განკარგულებით ლ. ქ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ქ. თბილისში ...ის ქ. #6-ის მიმდებარე, 917 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მოთხოვნილი კონფიგურაციით ლ. ქ-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, აეროფოტოგადაღებების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში ერთიან სივრცესა და ღობეში იყო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო ნაწილი მყარი სასაზღვრო მიჯნის მიღმა არსებულ ტერიტორიას წარმოადგენდა, რომელზეც არ დასტურდებოდა რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა და თუ წარმოების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტ ალექსანდრე აფციაურის 2019 წლის 26 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 23 მარტს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #6-ის მიმდებარედ, ლ. ქ-ის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული დენდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ფართობს, ხილ-კენკროვანი მწვანე ნარგავები დარგულია 60-65 წლის წინ და იქედან მოყოლებული მუდმივად ხდება მათი შევსება ახალ-ახალი სხვადასხვა სახეობის ნარგავებით, მათ შორის არის 15-20-30 წლის ასაკის ხეხილი.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შპს „...ის“ 2015 წლის 31 ოქტომბრის დასკვნაზე, რომელიც ადასტურებს, რომ 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია დასავლეთის მხრიდან ბეტონის ღობით და დანარჩენ მხარეს ბეტონის ფუნდამენტზე არსებული თუნუქის ღობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და შესწავლა. 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევა დაევალა იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო იმის დამტკიცება, რომ მყარი მიჯნის მიღმა არსებულ ტერიტორიაზე არ დასტურდებოდა რაიმე სახის სამუშაოებისა და წარმოების ფაქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი არ შეასრულა სასამართლოს დავალება და ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებებით იმის დადგენა, იყო თუ არა შემოსაზღვრული 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერთიანი ღობით, აღნიშნული ღობე არსებობდა თუ არა 2007 წლამდე, მითითებულ მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა თუ არა ზოგადად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი და ხომ არ არსებობდნენ სხვა პირები, რომელთა სარგებლობაშიც იყო მითითებული მიწის ნაკვეთი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი და ჯეროვანი შესწავლა. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს იმის დადგენა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით განთავსებულია თუ არა ღობე და არსებობდა თუ არა იგი 2007 წლამდე (ორთოფოტოების, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე). ასევე, უნდა გამოიკვლიოს, მიწის ნაკვეთზე რა ტიპის ნარგავებია განთავსებული და ვის მიერ არის ისინი დარგული. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა-დადგენა მნიშვნელოვანია სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან სარგებლობის ფაქტის დადასტურების მიზნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა