საქმე №ბს-30(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 18 დეკემბერს რ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის მიმართ.
მოსარჩელემ „რ. ქ-ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2/5624/19 ბრძანების, რ. ქ-ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2/5263/19-260/1 ოქმის, რ. ქ-ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2/5263/19-260/1 ოქმის, რ. ქ-ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №01/1 ოქმის, რ. ქ-ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №01/2 ოქმის ბათილად ცნობა, საქართველოს პარლამენტისთვის რ. ქ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და რ. ქ-ის სასარგებლოდ სამი თვის მიუღებელი ხელფასის ოდენობით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით (ჯამში 6690 ლარი) იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „რ. ქ-ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2/5624/19 ბრძანება; საქართველოს პარლამენტს მოსარჩელე რ. ქ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს პარლამენტს დაევალა მოსარჩელე რ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამი თვის მიუღებელი ხელფასის ოდენობით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით (ჯამში 6690 ლარი); ამავე გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე რ. ქ-ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2/5263/19-260/1, მოსარჩელე რ. ქ-ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2/5263/19-260/1, მოსარჩელე რ. ქ-ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №01/1, მოსარჩელე რ. ქ-ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №01/2 ოქმები და მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე რ. ქ-ის პროფესიულ შეფასებასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში. საქართველოს პარლამენტს დაევალა მოსარჩელე რ. ქ-ის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის №3/9706-19 გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. ქ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოსარჩელე რ. ქ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, საქართველოს პარლამენტს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოსარჩელე რ. ქ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების დროისთვის ამ თანამდებობის ვაკანტურად არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში აღდგენის შესახებ; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოხელის შეფასება ხდება საჯარო დაწესებულებაში არსებული, მოხელის მიერ/მისი თანამონაწილეობით შექმნილი დოკუმენტური მასალის ანალიზის საფუძველზე, ყველა იმ ფაქტორისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია თითოეული რანგის მოხელისათვის. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობის საგანს არ შეიძლება წარმოადგენდეს იმის გარკვევა, რაოდენობრივად რამდენი დავალების შესრულება განახორციელა შესაფასებელმა მოხელემ, ვინაიდან ეს სცდება სასამართლოს კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, რამდენად კანონიერად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელა უფლებამოსილმა პირმა მოხელის შეფასება, ხომ არ დარღვეულა მოხელის უფლებები შეფასების პროცესში, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოხელემ შეძლოს სრულფასოვნად წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური მასალა, დამატებით წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რაც შესაფასებელ პერიოდში შექმნა. კასატორის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მათი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელე არ/ვერ ან უხარისხოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და დავალებებს. შესაბამისად, არსებულ პირობებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეფასება განხორციელდა მხოლოდ მის ხელთ არსებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე სხვა კრიტერიუმებთან ერთად, რასაც ითვალისწინებს შეფასების შესახებ სამართლებრივი აქტები.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ 2019 წლის შესაფასებელ პერიოდში რ. ქ-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალა სრულად იქნა გაანალიზებული შემფასებლების მიერ და მიღებული იქნა შესაბამისი შეფასების (გასაჩივრებული) ოქმები. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების შესახებ ოქმების გამოცემა მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მოხელესთან გასაუბრების საკითხს, კასატორის მითითებით, გასაუბრების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს შესაბამისი შეფასების ოქმი, სადაც აისახება დოკუმენტური მასალის ანალიზის საფუძველზე საბოლოო შეფასების შედეგი, რაც წარმოადგენს გასაუბრების საბოლოო პროდუქტს და წარმოდგენილია საქმეში.
ამასთან, კასატორის მითითებით, რ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებულ ბრძანებას სავსებით სწორად დაედო სამართლებრივ საფუძვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის - „რ. ქ-ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2/5624/19 ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის მთავარი სპეციალისტი - პროფესიული საჯარო მოხელე რ. ქ-ე ზედიზედ ორჯერ შეფასდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით არადამაკმაყოფილებლად. თავის მხრივ, შეფასების აქტებით, რომლებიც ასევე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ, ირკვევა, რომ მოხელის არადამაკმაყოფილებელი შეფასება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი დადგენილ ვადაში ჯეროვნად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ დავალებებს, იყო პასიური კომიტეტში შემუშავებული კანონპროექტების განხილვისას და მის მიერ არ შესულა რაიმე წინადადება ...ი სექტორის რომელიმე მიმართულებით სიახლეებისა და ცვლილებების კუთხით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.
„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი და რომლის საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 30 მარტის №77/3 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდი, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასების და გასაუბრების წესი“, რომელიც შესაფასებელ მოხელეებთან გასაუბრებით დოკუმენტური მასალის ანალიზს სავალდებულოდ განსაზღვრავს. მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ, პირველ ეტაპზე ფასდება მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შესაფასებელ პერიოდში მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან და მის კომპეტენციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში არსებული შესაბამისი დოკუმენტური მასალა (შემდგომ - დოკუმენტური მასალა), ხოლო მეორე ეტაპზე მოხელესთან/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელესთან გასაუბრებით ხდება დოკუმენტური მასალის ანალიზი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ იქნა თავდაპირველი და ხელმეორე შეფასებები, თითოეული ორ ეტაპად, კერძოდ, 2019 წლის 5 ნოემბერსა და 8 ნოემბერს ...ის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რ. ქ-ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) და საბოლოო შეფასების (II ეტაპი) ოქმები, რომლითაც შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი. ამასთან, ხელმეორედ შეფასების პირველი ეტაპი (შუალედური შეფასება) კვლავ შესრულებულ იქნა ...ის აპარატის უფროსის მიერ, რომელმაც რ. ქ-ის მუშაობა განმეორებითაც მიიჩნია არადამაკმაყოფილებლად, ხოლო ხელმეორედ შეფასების მეორე ეტაპზე (საბოლოო შეფასება) საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის აპარატის უფროსმა, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) ასევე განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - მოხელის შეფასებები, რომ საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მხოლოდ პირველ ეტაპს - დოკუმენტური მასალის ანალიზს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მოსარჩელესთან გასაუბრების ჩატარებას ან მისი ჩაუტარებლობის სათანადო მიზეზებს. საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე მხარე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით და მოხელის შეფასების თაობაზე ოქმები მიიღოს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
რაც შეეხება სადავო აქტის - „რ. ქ-ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2/5624/19 ბრძანების კანონიერების შეფასებას, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ სავალდებულო საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება. თავის მხრივ, ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია მოხელის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება. ამდენად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მისი ორჯერ ზედიზედ არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება.
დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ რ. ქ-ეს 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაუტარდა პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება, რა დროსაც მან მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება და ამასთან, რ. ქ-ეს 2019 წლის ნოემბერში კვლავ ჩაუტარდა პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება, რა დროსაც მან ასევე მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება.
რ. ქ-ემ სადავო გახადა 2018 წლის შეფასება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი რ. ქ-ის შეფასების 2018 წლის 19 და 20 ნოემბრის ოქმები და მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რ. ქ-ის პროფესიულ შეფასებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კი საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას არსებითია პირველი შეფასების კანონიერების დადასტურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოხელის 2019 წლის უარყოფითი შეფასება ვერ ჩაითვლებოდა მის განმეორებით არადამაკმაყოფილებელ შეფასებად, რაც გამორიცხავდა აღნიშნული საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების და სადავო აქტის - „რ. ქ-ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2/5624/19 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას მართებულად იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (იხ. სუს 02.04.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-643(კ-კს-19)), 08.06.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)).
ამასთან, მოსარჩელე რ. ქ-ის სამსახურში აღდგენის პირობებში მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.4 მუხლის მიხედვით, საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა