Facebook Twitter

საქმე #ბს-75(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 9 ოქტომბერს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელმაც 2017 წელს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა დევნილთა სამინისტროს. მოსარჩელეს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი ერთხელ უკვე უზრუნველყოფილი იყო რეაბილიტირებულ ობიექტში საცხოვრებლის გაცემის გზით. სამინისტროს წერილს თან ახლდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 23 ივნისის #69 ოქმი, რომელიც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის 2017 წლის 14 სექტემბრის #01/02/08/22337 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის აღნიშვნით, მის საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემას ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, მოსარჩელემ გ. ხ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 23 ივნისის #69 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 სექტემბრის #01-02/08/22337 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 სექტემბრის #01-02/08/22337 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 23 ივნისის #69 ოქმი მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სოფ. ...ი - ...ა. ოჯახის წევრები იყვნენ - გ. ხ-ი და ლ. ხ-ი. მინიჭებული ჰქონდათ 48 260 სარეიტინგო ქულა. ქულის მინიჭების თარიღი იყო 2017 წლის 29 მარტი. ამონაწერში ასევე მითითებული იყო ოჯახისათვის 2006, 2007, 2008, 2010, 2011 და 2013 წლებში მინიჭებული სარეიტინგო ქულები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ-ი ლ. ხ-თან ერთად ცხოვრობდა ერთ ოჯახად და სოციალურ დახმარებასაც 2006 წლიდან მოყოლებული იღებდა ოჯახის წევრ ლ. ხ-თან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის #2759 განკარგულებით მოსარჩელის ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ...ში, ს.კ. ... ქონება, რის შემდეგაც გ. ხ-მა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე და აღნიშნა, რომ მეუღლესთან არ ცხოვრობდა, რის გამოც მას, როგორც ცალკე ოჯახს, უნდა გადასცემოდა საცხოვრებელი ფართი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცალსახად ადასტურებდა, რომ მითითებული განკარგულება გ. ხ-ის ნაწილში არ იყო აღსრულებული, იმის გამო, რომ იგი არ ეთანხმებოდა უძრავი ქონების ლ. ხ-თან ერთად გადაცემას.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ იქნა დადასტურებული მოსარჩელის სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და ფართის არსებობა, არ ჩატარებულა განმეორებითი მონიტორინგი გ. ხ-ისა და ლ. ხ-ის ერთ ოჯახად ცხოვრება/არცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გ. ხ-მა 2015 წლის 6 იანვარს შეავსო განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. მისი რეგისტრაციის და ფაქტობრივ მისამართად მითითებულ იქნა ...ი, ...ი. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მეუღლე, თუმცა განაცხადს აკეთებდა მარტო. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ. ხ-ი მეუღლესთან ერთად რეგისტრირებული იყო ერთ ოჯახად და სარეიტინგო ქულა შეადგენდა 53 810-ს, სამინისტროს წინასწარი შეფასებით კი ოჯახს მიენიჭა 7 ქულა. კასატორი ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მეუღლესთან ერთად ერთ სარეგისტრაციო ნომერზე მისამართზე: ...ი, ...ი, კორპ. #4, ბინა #13. მოსარჩელე და მისი მეუღლე აღნიშნულ მისამართზე არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიც და ისინი სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებლით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადგილზე განხორციელებული მონიტორინგისას (მის: ...ი, ...ი, ...ა, ავტოფარეხის ტიპის შენობა), ადგილზე იმყოფებოდა თავად განმცხადებელი. მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2010 წლის ოქტომბრის თვიდან. ფართი ეკუთვნის შვილს - გი. ხ-ს. ადგილზე მონიტორინგისას ასევე დადგინდა, რომ გ. ხ-ის ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი შეადგენს 233 ლარს. კასატორი ასევე მიუთითებს მოსარჩელის კარგ ურთიერთობაზე შვილთან და შვილის საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობაზე. სააგენტოს განმარტებით, შვილის კუთვნილ ფართში მოსარჩელის ყოფნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ გარემოებად, რომ ის მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქვე არის ფერმა, მოსარჩელე არის კოოპერატივის წევრი, ჰყავს 18 სული მსხვილფეხა საქონელი და უვლის მათ. შესაბამისად, მოსარჩელე მითითებულ ფართში შეიძლება ყოფილიყო იმ მიზნით, რომ ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც იღებდა შესაბამის შემოსავალს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ. ხ-ის ოჯახს (თავად გ. ხ-სა და მის მეუღლეს - ლ. ხ-ს), გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ცხინვალის რაიონში დაკარგული საცხოვრებლის სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართი ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე (კორპ. #4, ბინა #13).

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სრულად უგულებელყოფილ იქნა მოპასუხე სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ვანათის ტერიტორიული ორგანოს 11 იანვრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე გ. ხ-ი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. მისი ოჯახი შედგება 2 წევრისაგან: თვითონ - გ. ხ-ი და მისი მეუღლე ლ. ხ-ი. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. ხ-ი დღესაც ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართით - ...ი კორპ. #4, ბინა #13.

კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად შეისწავლა და გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ხ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 23 ივნისის #69 ოქმის ნაწილობრივ კანონიერება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 სექტემბრის #01-02/08/22337 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად არის მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 23 ივნისის #69 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გ. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ იგი დაკმაყოფილებული იყო რეაბილიტირებული ფართით ...ში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მართალია, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის #2759 განკარგულებით ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს - გ. და ლ. ხ-ებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ...ში (ს.კ. ...), თუმცა ამავე განკარგულების მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ განკარგულების შესრულების მიზნით უნდა განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადებას, რითაც ფიზიკური პირები გამოხატავენ თანხმობას, მიიღონ შესაბამისი უძრავი ქონება საკუთრებაში, რის შემდგომაც მათ უკვე აღარ წარმოეშობათ უფლება მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან მუნიციპალიტეტებისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში კი, გ. ხ-მა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე და აღნიშნა, რომ იგი მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობდა, რის გამოც მას, როგორ ცალკე ოჯახს, უნდა გადასცემოდა საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ლ. ხ-ი, რომელმაც დაადასტურა ...ში, კორპ. #4, ბინა #13-ში მისი ცხოვრებისა და გ. ხ-ის ცალკე ცხოვრების ფაქტი. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ე. ე-მა, ა. კ-ემ და ლ. ე-მა დაადასტურეს მოსარჩელესა და მის მეუღლეს შორის არსებული მუდმივი კონფლიქტისა და მათი ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი. მოწმეებმა - ე. ე-მა და ლ. ე-მა დაადასტურეს ის გარემოება, რომ სადავო მისამართზე ...ი, კორპ. #4, ბინა #13-ში ცხოვრობდა ლ. ხ-ი, ხოლო გ. ხ-ი ცხოვრობდა იქვე არსებულ გარაჟში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმაზე, რომ შვილთან კარგი ურთიერთობის გამო გ. ხ-ს შვილის საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა. შვილების მატერიალური მდგომარეობა თუ მათი ურთიერთობა მშობლებთან არ არის იმის უპირობო გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში პირი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით. ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმასაც, რომ მონიტორინგის განხორციელებისას გ. ხ-ი იმყოფებოდა შვილის ფართში აშენებულ სათავსში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს გ. ხ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას პროცედურული ნორმების დარღვევის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არც „ფიქტიური“ განქორწინება და არც „მოჩვენებით“ ცალ-ცალკე ცხოვრება არ წარმოშობს დამატებითი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლებას. ამ ფაქტების დადგენა კი, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ იქნა დადასტურებული მოსარჩელის სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და ფართის არსებობა, არ ჩატარებულა განმეორებითი მონიტორინგი გ. ხ-ისა და ლ. ხ-ის ერთ ოჯახად ცხოვრება/არცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით, რაც ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა