საქმე #ბს-84(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 სექტემბერს ე. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ე. ხ-ის სახელზე ქალაქ თელავში, ...ის ქუჩაზე, მის კუთვნილ სამშენებლო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო მონაწილეობა თელავის მერიის მიერ ჩატარებულ პირობით ელექტრონულ აუქციონში, სადაც გაიმარჯვა და შეიძინა ...ის ქუჩაზე 220 კვ.მ სამშენებლო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2016 წლის 13 იანვარს თელავის მერიასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება #1, ხოლო 15 იანვარს თელავის მერიამ გადასცა საკუთრების მოწმობა #3 პ/ა. მოსარჩელემ მოცემული მოწმობისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მითითებით, მოცემულ მიწის ნაკვეთზე ააგო სავაჭრო ობიექტის პროექტი, რომელიც მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სხვა საჭირო დოკუმენტთან ერთად, 2019 წლის 1 აპრილს წარადგინა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2019 წლის 4 აპრილს ეცნობა, რომ ...ის ქუჩის მაცხოვრებლებისაგან შესული იყო საჩივარი, რის გამოც პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებული იყო. მოსარჩელის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ მიეკუთვნება სამშენებლოდ შეზღუდულს, ამასთან, მას პირობით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული პასუხი შედგენილი იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა განცხადებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა დაეჩქარებინათ მისი განცხადების განხილვა და კანონით დადგენილ ვადაში მიეცათ სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაესაბუთებინათ უარის მიზეზი, მაგრამ მისთვის პასუხი არ უცნობებიათ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 5 ივლისს გაცემული #3830 წერილი და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, სანებართვო მოწმობის გაცემის მიზნით, ქალაქ თელავში, ...ის ქუჩაზე, სამშენებლო, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოველმხრივ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ არის შსს თელავის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიების შესაძლო შედეგების გავლენა მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო თელავის მერიის მიერ პირობით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, სადაც გაიმარჯვა და 2016 წლის 13 იანვარს თელავის მერიასთან გააფორმა პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება #1, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 220 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).
მოსარჩელემ 2019 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რისთვისაც წარადგინა სავაჭრო ობიექტის პროექტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო ნახაზით. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 აპრილის #1533 წერილით ე. ხ-ეს ეცნობა, რომ ...ის ქუჩის მაცხოვრებლებისგან შესული საჩივრის გამო, გარემოებების გარკვევამდე შეჩერებული იყო ადმინისტრაციული წარმოება.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 2 მაისს, 8 და 21 აგვისტოს, ე. ხ-ემ კვლავ მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებებით და მოითხოვა სავაჭრო ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა, თუმცა მოპასუხეს რეაგირება არც ერთ განცხადებაზე არ მოუხდენია. დადგენილია, რომ მოპასუხემ შეაჩერა ადმინისტრაციული საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ შსს თელავის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თელავში, ...ის ქუჩაზე მდებარე მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაციის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 191 მუხლით). თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივლისის #3830 წერილით კი, ე. ხ-ეს ეცნობა, რომ შსს თელავის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (ს/კ...) დაკავშირებული გარიგების რეგისტრაციის კანონიერების ფაქტზე, რის გამოც გარემოებების გარკვევამდე შეჩერებული იყო ადმინისტრაციული წარმოება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდებოდა მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. თელავი, ...ის ქუჩა (ს/კ ...), რომელიც რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში და რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი). აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. ხ-ის განცხადება, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაგირების გარეშე დატოვა. ე. ხ-ის არაერთი განცხადების მიუხედავად, განცხადებელს მხოლოდ ის ეცნობა, რომ შეჩერებული იყო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო. თუმცა საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რა ქმედებები განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. ხ-ის განცხადებასთან მიმართებით, როდის დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ან დაიწყო თუ არა, მოხდა თუ არა დაინტერესებული პირების ჩართვა, ასევე, რამდენად არის შემხებლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქონება ე. ხ-ემ თელავის მერიის მიერ პირობით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საფუძველზე შეიძინა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა