საქმე #ბს-155(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 20 თებერვალს ლ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ცხინვალიდან დევნილ პირს, რომელიც დევნილობის პერიოდში 1998 წლამდე ცხოვრობდა მიტოვებულ სახლში, თუმცა 1998 წელს გამოჩნდა სახლის მეპატრონე და იძულებული გახდა გადასულიყო გორში, ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: გორი, ...ის ... #18/32. 2017 წლის თებერვალში მოსარჩელემ შეავსო დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაცია, ივნისში კი დადგენილი წინასწარი სიების მიხედვით, მისი ოჯახი შეფასდა 2.5 ქულით, თუმცა საბოლოო დაზუსტებულ სიაში, რომელიც 2017 წლის 21 დეკემბერს დაიდო, მოსარჩელის ოჯახი აღარ ფიქსირდებოდა. 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელის შვილმა - გ. ხ-მა განცხადებით მიმართა სამინისტროს, დამატებით წარადგინა საცხოვრებელი ბინის შესახებ მოწმეთა დამოწმებული განცხადება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ცნობა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების განმეორებით განხილვა ითხოვა. 2018 წლის 13 აპრილს განხორციელებული ხელახალი გადამოწმების შედეგად ოჯახი შეფასდა 4 ქულით, თუმცა მოსარჩელეს არანაირი ბრძანება თუ შეტყობინება არ მიუღია, რის შემდეგაც 2019 წლის იანვარში მან კვლავ მიმართა სამინისტროს და ითხოვა ეცნობებინათ, თუ რის გამო ეთქვა უარი ბინით დაკმაყოფილებაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის #01-919/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი #26) ლ. ხ-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ დადგინდა.
მოსარჩელის მითითებით, მან 2019 წლის თებერვალში გამოითხოვა საქმის მასალები, საიდანაც გაირკვა, რომ სამინისტრო ყურადღებას ამახვილებდა იმ ბინაზე, სადაც ლ. ხ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქირით და ხაზს უსვამდა მათ ნათესაურ კავშირზე როგორც 1998 წლიდან 2017 წლამდე, ასევე, 2017 წლის შემდეგ არსებულ ბინის მესაკუთრეებთან. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლიდან 2017 წლამდე არსებულ ბინის მესაკუთრესთან - რ. გ-თან არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, ხოლო 2017 წლის შემდეგ არსებულ მეპატრონე პ. ქ-თან ნათესაური კავშირის არსებობა არ ნიშნავდა, რომ მის ბინაში ლ. ხ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უსასყიდლოდ. ლ. ხ-ი აღნიშნულ ბინაში არასრულწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, 1998 წლიდან იხდიდა ბინის ქირას და მის მიერ გამქირავებლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სამინისტროში წარდგენილ იქნა.
ამდენად, მოსარჩელემ, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის #01-919/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ განისაზღვრა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის #01-919/ო ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში ლ. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის ლ. ხ-ის ოჯახის კრიტერიუმების შეფასებისას, წინასწარი შეფასებით მის ოჯახს მიენიჭა 2.5 ქულა, მათ შორის, ვინაიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე იგი ცხოვრობდა ქირით, აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა 1.5 ქულა, ხოლო 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრების (ოჯახის ორი წევრი) კრიტერიუმში - 1 ქულა. თუმცა შემდგომ პერიოდში, ომის ვეტერანის კრიტერიუმში ოჯახს დაემატა 1.5 ქულა (სულ 4 ქულა). ლ. ხ-ის ოჯახი დაკმაყოფილებული არ იყო საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი. სადავო არ იყო გარემოება, რომ ოჯახი 1998 წლიდან ცხოვრობდა მოსარჩელის შვილის მამამთილის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. გორი, ...ის ... #18, ბინა #32. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და ლ. ხ-ის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ განსახლების საჭიროება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეეფასებინა გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და ლ. ხ-ის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ განსახლების საჭიროება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ლ. ხ-ის ოჯახს არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე იგი სარგებლობდა ქ. გორში, ...ის ... #18/32-ში სხვის საკუთრებაში არსებული გადაუდებელი უძრავი ქონებით, რაც გახდა შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო გარემოება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სადავო საკითხის გადაწყვეტისას, გასცდა პრიორიტეტის მინიჭებისთვის დადგენილ ფარგლებს და კრიტერიუმების გათვალისწინებით დაჯამებულ ქულათა გათვალისწინების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს უარი უთხრა არა იმის გამო, რომ იგი დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით, არამედ იმიტომ, რომ იგი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა. სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ კომისია, ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად.
კასატორის მითითებით, ხსენებული წესის #6 დანართით განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი, რომლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, დევნილ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე, ენიჭება 1.5 ქულა. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეს 1.5 ქულა მიენიჭა შესაბამის კრიტერიუმში, თუმცა, მხოლოდ ქულის მინიჭება ბინის მიღების უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს.
სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის დროის მოგების მიზნით და მას შემდეგ არის მიღებული, როდესაც საკითხი სააგენტოში უკვე განხილული იყო და მოსარჩელეებისთვის შედეგი ცნობილი იყო. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ახლო ნათესავის საკუთრებაში 20-წლიანი ცხოვრება შესაძლებელს ხდის იმ დასკვნის გაკეთებას, რომ მოსარჩელე საცხოვრებლით ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეუზღუდავად სარგებლობს, შესაბამისად, მას გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ აქვს.
კასატორის განმარტებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოტივით დევნილი ოჯახები ხშირად მიმართავენ ოჯახის ხელოვნურად გაყოფის, ფორმალურად ბინის ქირაობის და სხვა ხერხებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი არ შეუწყოს ოჯახების ხელოვნურ გაზრდას და უზრუნველყოს, რომ საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მასალები სრულყოფილად გამოიკვლია და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა მის მართებულობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის #01-919/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ლ. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-მა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია, 2017 წლის 17 თებერვალს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - რ. ხ-ი, შვილი - გ. ხ-ი, რძალი - ჟანა წიქარიძე და შვილიშვილები - ბაჩო და ბარბარე ხაბაზიშვილები. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: გორი, შინდისის გზ. #18/32. სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ლ. ხ-ის ოჯახის კრიტერიუმების შეფასებისას, წინასწარი შეფასებით მის ოჯახს მიენიჭა 2.5 ქულა, მათ შორის, ვინაიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობდა ქირით, აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა 1.5 ქულა, ხოლო 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრების (ოჯახის ორი წევრი) კრიტერიუმში 1 ქულა, თუმცა შემდგომ პერიოდში, ომის ვეტერანის კრიტერიუმში ოჯახს დაემატა 1.5 ქულა( სულ 4 ქულა). ლ. ხ-ის ოჯახი დაკმაყოფილებული არ არის საცხოვრებელი ფართით და მათ არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის #26 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობისა და მეუღლის მშობლების სახლში ცხოვრების გამო, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის #01-919/ო ბრძანებით გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო ლ. ხ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქ. #1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს რ. გ-მა მიყიდა პ. ქ-ს უძრავი ნივთი, მდებარე: გორი, ...ის ... #18, ბინა #32. შესაბამისად, უძრავი ნივთის, მდებარე: ..., ...ის ... #18, ბინა #32, ფართით 50.14 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მესაკუთრეს წარმოადგენს - პ. ქ-ი, რომელმაც საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 16 მაისს გამართულ სხდომაზე, განმარტა, რომ ლ. ხ-ი იყო მისი შვილის სიდედრი, რომელიც ოჯახთან - შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ სახლში. მოწმის განმარტებით, მას არ მიუმართავს პოლიციისათვის მითითებული ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ საცხოვრებლის გარეშე ვერ დატოვებდა და თანხმობა გამოხატა, რომ ვიდრე აღნიშნული ოჯახი საცხოვრებელი ფართით არ იქნებოდა დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ, ოჯახს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, ვინაიდან აღნიშნული სახლის გარდა მას ჰქონდა ორი საცხოვრებელი ბინა. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე თავდაპირველად ქირას უხდიდა მას, თუმცა აღნიშნულის გადახდას ვეღარ ახერხებდა შემოსავლის არქონის გამო. მოწმემ მიუთითა, რომ მომავალში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაშიც არ გამოასახლებდა ლ. ხ-ის ოჯახს. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად კი, ლ. ხ-ის, გ. ხ-ისა და ჟანა წიქარიძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა პ. ქ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ... ... N..., ბინა 32, ს.კ ... და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - პ. ქ-ს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააგენტოს მიერ პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
დადგენილია, რომ ლ. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობისა და მეუღლის მშობლების სახლში ცხოვრების გამო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი საგრძნობლად რთულდება აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო. აღნიშნული საყურადღებოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის და მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, რომელშიც ისინი ქირით ცხოვრობდნენ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა