Facebook Twitter

საქმე #ბს-1239(კ-20) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 მარტს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის #6/41 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ზ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ნ. ზ-ზე 2017 წლის ნოემბრიდან სულადობრივად დარიცხული თანხა უსაფუძვლოდ, ვინაიდან იგი მოცემულ მისამართზეა აბონენტად რეგისტრირებული. კასატორის მითითებით, თუ აბონენტი რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობს, გადასახადისაგან სრულად გათავისუფლების მიზნით, მან უნდა წარადგინოს ფაქტობრივ მისამართზე მის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ძველ მისამართზე გააუქმოს აბონენტი და ახალ აბონენტად დარეგისტრირდეს ახალ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

შპს „...ის“ 2017 წლის 13 ნოემბრის #0017-92835 წერილით ირკვევა, რომ ნ. ზ-ის პირადი აღრიცხვის ბარათიდან #... (#...) დაკორექტირდა 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით 1 სულზე დარიცხული დავალიანება 125.90 ლარის ოდენობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წარდგენილი საინფორმაციო ბარათის საფუძველზე. 2017 წლის 11 ნოემბრიდან დარიცხვა განხორციელდა 3 სულზე.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის #6/41 გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე ნ. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; შპს „...ის“ მიერ #... (#...) აბონენტზე დარიცხული დავალიანება მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ; შპს „...ს“ დაევალა #... (#...) აბონენტზე 2017 წლის ნოემბრამდე სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა განეხორციელებინა 1 სულზე და შეეტანა შესაბამისი ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში და 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამავე აბონენტზე გაეუქმებინა სულადობრივი დარიცხვა. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მისამართზე: ..., ...ის ...ი, შენ. 014, მთლიან ფართში ფუნქციონირებს რესტორანი „...ი“ (აბ. #...), რომელსაც სასმელი წყლის საფასური ერიცხება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამავე მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ასევე ნ. ზ-ი, რომელზეც ხორციელდება სულადობრივი დარიცხვა, თუმცა იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ ფართში. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის რაოდენობა სრულად აღირიცხება აღრიცხვის კვანძის საშუალებით, დაუშვებელია სულადობრივი დარიცხვა. ეს უკანასკნელი გამოიყენება მხოლოდ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში.

მოსარჩელე არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას 2017 წლის პირველი ნოემბრიდან #... აბონენტზე სულადობრივი დარიცხვის გაუქმების თაობაზე, ვინაიდან ნ. ზ-ი არ არის რეგისტრირებული სხვა მისამართზე და მიიჩნევს, რომ #... აბონენტზე დარიცხვა უნდა განხორციელდეს სულადობრივად, 1 სულზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მისამართზე: ..., ...ის ...ი, შენ. #014, შპს „...ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია ორი აბონენტი: ნ. ზ-ი (#...), რომელსაც სასმელი წყლის საფასური ერიცხება სულადობის მიხედვით და შპს „დაგი“ (#..., 2017 წლის ნოემბრიდან), რომელსაც მოხმარებული სასმელი წყლის საფასური ერიცხება მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამავე მისამართზე: ..., ...ის ...ი, შენ. #014, მთლიან ფართში ფუნქციონირებს რესტორანი „...ი“ (აბ. #...). ნ. ზ-ი კი, აღნიშნულ ფართში არ ცხოვრობს. შესაბამისად, ნ. ზ-ი, მისამართზე: ..., ...ის ...ი, შენ. #014, არ წარმოადგენს გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მისამართზე: ..., ...ის ...ი, შენ. #014-ში მდებარე ფართში ნ. ზ-ის მიერ სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება არ ფიქსირდება და იგივე მისამართზე მიწოდებული სასმელი წყლის რაოდენობა 2017 წლის ნოემბრიდან სრულად აღირიცხება აღრიცხვის კვანძის საშუალებით, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, #... (#...) აბონენტზე 2017 წლის პირველი ნოემბრიდან სულადობრივი დარიცხვის გაუქმება კანონშესაბამისია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 14.01.2021წ. #170 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.01.2021წ. #170 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა