Facebook Twitter

საქმე #ბს-83(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 28 ნოემბერს რ. წ-მ და მ. წ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან, იძულებით გადაადგულებულ პირებს. 2013 წლიდან ისინი ქირით ცხოვრობდნენ შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ.N.... იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ქირის გადახდას, მოპასუხე წელიწადში რამდენიმე თვის ქირას უხდიდა მათ.

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი იყვნენ უკიდურესად გაჭირვებულები და რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 26780 სარეიტინგო ქულით. მათ შეტანილი ჰქონდათ განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით და მათ მინიჭებული ჰქონდათ 7.5 ქულა. მოსარჩელეთა აღნიშვნით, ისინი არიან ხანდაზმულები, აქვთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები და მათ საცხოვრებელ ბინაში არის ძალიან ცუდი პირობები, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედებს ცუდად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1762/ო ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

ამდენად, მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1762/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით რ. წ-სა და მ. წ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1762/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რ. წ-სა და მ. წ-ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. წ-მ, 2013 წლის 30 ივლისს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. გარდა ამისა, მოსარჩელე რ. წ-მ შეავსო შესაბამისი კითხვარი. ამასთან, რ. წ-ს განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7.50 ქულა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რ. წ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ალტერნატიულ საცხოვრებლად შეეძლოთ გამოეყენებინათ შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სააპელაციო პალატამ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 259 დევნილ ოჯახს გადაეცა ერთოთახიანი ბინა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამასთან მათ მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 6.0 და მეტი ქულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოსარჩელეთა შვილს საკუთრებაში გააჩნია ბინა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ახლო ნათესავი (შვილი) არის ვალდებული ამ უკანასკნელთ დაუთმოს მისი საცხოვრისი. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებაც კი არ გამორიცხავდა მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე არა სხვა რომელიმე ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების შვილი - დ. წ-, ცხოვრობს რუსეთში და იგი სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით და დაკანონებული აქვს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე „...ის“ შენობაში მდებარე ფართი. გარდა ამისა, დ. წ-ს თავისი სახსრებით შეძენილი აქვს ქ. თბილისში, ...ის ქ.N... კორპ N...-ში 54 კვ.მ ფართის ბინა. აქედან გამომდინარე, კასატორი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეები არიან დევნილი პირები, წინასწარი შეფასებით მინიჭებული აქვთ 7.5 ქულა და ქირით ცხოვრობენ ცალკე ოჯახად. თუმცა კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელეებს ჰყავთ უცხოეთში მცხოვრები შვილი, რომლის სახელზეც საქართველოში რეგისტრირებული ორი საცხოვრებელი ფართიდან რომელიმე მათგანით სარგებლობაც მოსარჩელეებს შეუძლიათ, დევნილი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ისეთ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოსარჩელეების ანალოგიურ პირობებში, თუმცა არ აქვთ წვდომა ალტერნატიულ საცხოვრებელზე.

კასატორის მითითებით, სამინისტრო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. ამასთან, კასატორის განმარტებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, ხშირია დევნილი პირების მხრიდან ოჯახების ხელოვნური გაყოფის შემთხვევები. კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, არ დგას ეჭვქვეშ, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 15 ნოემბრის #04-1762/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ. წ-მ 2013 წლის 30 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა ითხოვა. მოსარჩელე რ. წ-მ შეავსო შესაბამისი კითხვარი. რ. წ-ს განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7.50 ქულა.

ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რ. წ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ალტერნატიულ საცხოვრებლად შეეძლოთ გამოეყენებინათ შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 259 დევნილ ოჯახს გადაეცა ერთოთახიანი ბინა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამასთან, მათ მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 6.0 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მართალია, მოსარჩელეთა შვილს საკუთრებაში გააჩნია ბინა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ახლო ნათესავი (შვილი) არის ვალდებული, ამ უკანასკნელთ დაუთმოს მისი საცხოვრისი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის თეორიული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ არა შვილის საცხოვრებელ სახლში, არამედ ქირით ქ. თბილისში, ...ის რაიონი, ...ის ქ.N...-ში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელეები არ სარგებლობდნენ შვილის კუთვნილი ქონებით. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დ. წ-ს საზღვარგარეთ ცხოვრების გამო, მოსარჩელეებს დროებით ექნებოდათ შვილის საკუთრებაში ცხოვრების უფლება, დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა